სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ მეორე სეზონის გადაღება არ იგეგმება, - ამის შესახებ გამოცემა Deadline-ს სერიალის რეჟისორმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სკოტ ფრენკმა განუცხადა.
„მგონია, რომ ჩვენ უკვე მოვუყევით მაყურებელს ის ისტორია, რომლის მოყოლაც გვსურდა. მეშინია, რომ მეორე სეზონის გადაღების შემთხვევაში გავაფუჭებთ იმას, რაც უკვე გვაქვს“, - განაცხადა ფრენკმა.
ამასთანავე, „ლაზიერის გამბიტის“ პროდიუსერის, უილიამ ჰორბერგის განცხადებით, პროექტის მონაწილეები , მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი ანია ტეილორ-ჯოი ერთობლივ პროექტზე მუშაობას გააგრძელებენ.
„შევეცდებით ისეთი ისტორიის პოვნას, რომლის მოყოლასაც ამავე მსახიობებთან ერთად შევძლებთ“, - აცხადებს ჰორბერგი.
19 სექტემბერს „ლაზიერის გამბიტი“ წლის საუკეთესო მინი-სერიალად დასახელდა და ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტელეჯილდო „ემი“ მიიღო.
ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.