ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ სკანდალში ეხვევა. ირკვევა, რომ პარტიის წარმომადგენლები და ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების უფროსები საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან და წევრებთან კარდაკარ დადიან და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მითითებებს აძლევენ.
ზუგდიდის #67-ე საოლქოდან დანიშნულ ზედეწერის #72-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გოჩა ელერჯიას ღამის საათებში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები - ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია და ზუგდიდის კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია ორ უცნობ პირთან ერთად სახლში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესტუმრნენ და არჩევნების დღეს გასატარებელი მითითებები მისცეს.
ურჩიეს, რომ გასული წელი არ გაემეორებინა და უბანში ისე ჩატარებულიყო არჩევნები როგორც მიუთითებდნენ. ელერჯია აცხადებს, რომ გასული წლის არჩევნებზე მის უბანზე არჩევნები ყველა წესის მიხედვით ჩატარდა ისე რომ საჩივარიც კი არავის დაუწერია. რა უნდოდათ ღამის საათებში, არასამუშაო დროს, საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან არაუფლებამოსილ პირებს და რატომ უთითებდა მას კუდის ყოფილი უფროსი საუბნო კომისიის თავმჯდომარისთვის გოჩა ელერჯიასთვის უცნობია.