ჩემი და „გირჩის“ დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ფარული მოსმენების პრობლემა დღევანდელი არაა, არც წინა ხელისუფლების დროინდელია. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ერთსაუკუნოვანი ისტორიაა, მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა კავშირისგან გადმოგვეცა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ასე იმართებოდა საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ. მისი აგენტები ჩვენი მშობლები იყვნენ - არ უნდა დაგვავიწყდეს, რა საზოგადოებიდან მოვდივართ. იქ იყვნენ გმირებიც და ანტიგმირებიც. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ჩვენ შევინარჩუნეთ მმართველობის იგივე ინსტიტუტები, რაც მანამდე გვქონდა. ვიდრე ჩვენ გვეყოლება ერთი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას მართავს, მუდმივად იქნება უშიშროების სამსახური, რომელიც ამ ერთ ადამიანს დაიცავს - ედუარდ შევარდნაძე იქნება ეს, მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, თუ ჩვენ სისტემას კრიტიკულად არ შევხედავთ და მის ამორალურობას არ დავინახავთ. რამდენმა ადამიანმა შეიძლება მოიკლას თავი, მას შემდეგ რაც ფარული ჩანაწერებიდან ისეთ რაღაცები გავრცელდება, რაც მისი ოჯახის წევრებს არ უნდა გაეგოთ. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მთლიანად ჩვენი საზოგადოება შევა ისეთ კრიზისში, რომ თავად უშიშროების სამსახურებს დაემუქრება დიდი რისკი. გადასარჩენია ჩვენი სამართალდამცავი სამსახურები, იმიტომ რომ, ერთი შეხედვით, მორალურად მათ ქმედებებს გამართლება არ აქვს. მეორე მხრივ, ისინი შეიძლება იყვნენ სიტუაციის ყველაზე დიდი მსხვერპლი. ამ დოკუმენტების დაწერა შეუძლებელი იყო. ვიღაც აქტივისტი ამას ვერ მოიფიქრებდა - ეს საჯარო მოხელეების მიერ ყოველდღიური სამუშაოს რუტინულად შესრულების მაგალითია. ჩვენ, საზოგადოებამ, დავუშვით, რომ კანონიერად ჩვენი ფულით მუშაობს სპეცსამსახური, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.