კომპანია Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინის მეორე დოზამ კორონავირუსის ზომიერი და მძიმე ფორმების წინააღმდეგ ეფექტურობა 94%-მდე გაზარდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კვლევის ფარგლებში, მეორე დოზის შეყვანა პირველი დოზის მიღებიდან დაახლოებით ორ თვეში მოხდა. აღსანიშნავია, რომ პირველი დოზის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა 70%-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა ერთდოზიანია. აღნიშნული მონაცემები კომპანიას გამაძლიერებელი დოზის დამტკიცებაში დაეხმარება.
Johnson & Johnson-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა, პროფესორმა პოლ სტოფელსმა განაცხადა, რომ კომპანიას ახლა მტკიცებულება აქვს, რომ გამაძლიერებელი დოზა კიდევ უფრო გაზრდის დაცვას კორონავირუსისგან.