პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე დმანისში მომხდარ ხმაურსა და დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„არ მინდა ვიჩქარო და მოვლენებს გავასწრო, მაგრამ ვიცი, რომ დმანისში იყო გარკვეული გამომწვევი მოქმედებები, ჩვენს შტაბთან მივიდნენ ოპოზიციონერი კანდიდატები, შემდეგ კონფლიქტი გაჩნდა. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ შსს ინფორმირებულია ამ ინციდენტის შესახებ და რეაგირება აუცილებლად იქნება. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე და როგორიც არ უნდა იყოს მისი წვლილი ამ კონფლიქტის გაჩენაში, ის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. ასეთია ჩემი დამოკიდებულება და ჩვენი პარტიის დამოკიდებულება. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ როგორც სამართალდარღვევის პროვოცირებისგან, ასევე საკუთრივ სამართალდარღვევისგან და არავითარი გამართლება ასეთი ტიპის ქმედებებს არცერთ შემთხვევაში არ აქვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები.