ივანე ჩხაიძე: შენი შვილის სიყვარული და ჯანმრთელობა შენს ხელშია - ვერ ამიხსნია, რა მოტივი უნდა ჰქონდეს მშობელს, რომ არ აიცრას

ივანე ჩხაიძე: შენი შვილის სიყვარული და ჯანმრთელობა შენს ხელშია - ვერ ამიხსნია, რა მოტივი უნდა ჰქონდეს მშობელს, რომ არ აიცრას

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ინფიცირებული ბავშვების უმეტესობა არის იმ ოჯახებიდან, სადაც მათი ნათესავები, ახლობლები და მშობლები არ არიან ვაქცინირებულები.

„ბავშვების ინფიცირების 90%-ზე მეტი უკავშირდება საყოფაცხოვრებო კონტაქტს. მათი ინფიცირების წყარო არის სახლი - დედა, მამა და ოჯახის უფროსი წევრები. ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, არ გაიკეთოს ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში პატარა ბავშვი - შვილი, შვილიშვილი ჰყავს. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელსაც, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბავშვი ვერ გადაწყვეტს. შენი შვილის სიყვარული და მისი ჯანმრთელობა შენს ხელშია - ვერ ამიხსნია, რა მოტივი უნდა ჰქონდეს მშობელს, რომ არ აიცრას. თუ შენ მარტო ცხოვრობ და არ გინდა, ვაქცინა გაიკეთო, კი ბატონო, მაგრამ რატომ აყენებ რისკის ქვეშ ბავშვს, შვილს, შვილიშვილს? მე ვერ ვხვდები ამ ადამიანების მოტივაციას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, საჭიროა, აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.