კახეთში, პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა დატოვა. რეკრუტების მტკიცებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ. კერძოდ, ახალწვეულები შეუფერებელ დავალებად - საპირფარეშოების დასუფთავებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა საპირფაროების ხეხვით იყვნენ დაკავებულნი.
პალდოს სამხედრო ბაზიდან რეკრუტების წასვლას შეფასებები უკვე მოჰყვა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე თავდაცვის სამინისტროში.
ახალწვეულთა გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმცირესობა საგანგაშო ფაქტს უწოდებს, ხოლო უმრავლესობა ამ ინციდენტში გასაოცარს ვერაფერს ხედავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის 600 ვაკანტურ ადგილზე 4383 განაცხადი შევიდა და უპრეცედენტოდ მაღალი კონკურსის გათვალისწინებით, შეიარაღებული ძალები ღირსეულ მოქალაქეებს არჩევს, რომლებმაც სამშობლო უნდა დაიცვან.
„პალდოს“ ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გერქვას ჯარისკაცი და იცავდე სამშობლოს - ღირსეულთა ხვედრია. ჯარისკაცების ღირსების დაცვა კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი მოვალეობაა“, - მიიჩნევენ თავდაცის სამინისტროში.
ძალოვანი უწყების მსგავსად, პალდოში განვითარებულ მოვლენებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, რეკრუტთა მხრიდან ბაზის დატოვების მიზეზი ის იყო, რომ მათ იმ ცხოვრების წესს ვერ გაუძლეს, რომელიც საველე პირობებში არსებობს.
მისი თქმით, პალდოს საბრძოლო ბაზა პირველადი საბრძოლო მომზადების ბაზაა, სადაც ის მოქალაქეები ხვდებიან, რომლებიც მომავალში საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებენ.
დეპუტატის განმარტებით, ჯარისკაცებს დამლაგებელი ჰყავთ დიდ ბაზებში და არა საველე პირობებში.
„ისინი პირველად წვრთნას საველე პირობებში გადიოდნენ, სადაც ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა თავად ჯარისკაცის მიერ ხდება. შინაგანაწესის მიხედვით, ჯარისკაცი ვალდებულია ჰიგიენური ნორმების დაცვა უზრუნველყოს. თუ მკითხავთ, რატომ? - გეტყვით, რომ შესაბამისი წვრთნები საბრძოლო პირობებთან უნდა იყოს მიმსგავსებული. ომში ჯარისკაცს დამლაგებელი უკან არ დასდევს და სისუფთავე მან უნდა დაიცვას, რომ დაავადებების გავრცელება არ მოხდეს. მთელ მსოფლიოში სტანდარტია, რომ სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის საპირფარეშოსაც თავად წმენდს, ასეა ავღანეთშიც.
ქუთაისში, სამხედრო ლიცეუმია, სადაც ახაგაზრდები მომზადებას გადიან და ამ ყველაფერს თავად აკეთებენ. მათ სამხედრო სამსახურის განაწესზე უარი განაცხადეს და ასეთი ადამიანები ქართულ ჯარს არ სჭირდება. მედიამ ფონი შექმნა, რომ სამხედროები ბაზებს ტოვებენ და ა.შ. რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს სესიაშვილი.
საკითხზე სესიაშვილის შეფასების პათოსს არ იზიარებს - უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე და აცხადებს, რომ ეს არ არის ნორმალური სიტუაცია.
„ის, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული მოხდა, ეს ასე არ არის. მათი პროტესტი გამოწვეულია იმით, რომ უმაღლესი გენერალიტეტი ან დაკავებულია, ან დაკითხვებზე დაჰყავთ. ასევე ჯარის სრული დემორალიზცაია მოხდა და ჯარს არ ესმის ის, თუ რისთვის ამზადებენ. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტი ძალა მტრად არ აღიქმება, ჯარისთვის გაუგებარია - თუ ვინ არის მათი მოწინააღმდეგე. რაც მოხდა, ცუდი ფაქტია და ამას თავდაცვის უწყება მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, რადგან კარგი ნიშნები არ იკვეთება“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.
პალდოს საბრძოლო ბაზიდან რეკრუტების წამოსვლას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე საგანგაშო ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ უმჯობესია, თუ ირაკლი ალასანია უწყებაში იმ პრობლემებს მიხედავს, რომელიც ობიექტურად არსებობს.
„ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტია. ეს კიდევ ერთხელ იმას მოწმობს, რომ თავდაცვის მინისტრმა, იმის მაგივრად, რომ იმ პრობლემებს მიხედოს, რომელიც ობიექტურად არსებობს თავდაცვის სამინისტროში, დაკავებულია პოლიტიკური კამპანიით წინა ხელისუფლების მიმართ. ყველა ჯარისკაცი ნორმალურ პირობებში უნდა მსახურობდეს და თუ რაიმე პრობლემა არსებობს, მათთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მზად ვართ“, - დასძინა ბარამიძემ.
პალდოს ბაზაზე მომხდარს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია შეისწავლის. თუმცა, პარლამენტის პოლიტიკურ კულუარებში უკვე იმაზე იყო საუბარი, რომ კონკურსის პირველივე ტურში, სწორედ ეს 70 რეკრუტი ჩაიჭრა, მაგრამ ძალოვანმა უწყებამ მათ „მეორე სუნთქვის“ უფლება მისცა და ისინი წახალისების მიზნით, ბაზაზე გადაიყვანა. საპარლამენტო უმრვალესობაში კი, ამ ფაქტისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დამთხვევას საეჭვოდ მიიჩნევენ.
იქედან გამომდინარე, რომ რეკრუტებს თან იარაღი არ წაუღიათ, მათ მიერ სამხედრო ბაზის თვითნებურად დატოვება არანაირ სასჯელს არ ითვალისწინებს.