ყველაზე დიდი მოგება კავკასიის რეგიონში და სხვა ისტორიები

ყველაზე დიდი მოგება კავკასიის რეგიონში და სხვა ისტორიები

ლატარიის კომპანიის ჯეკპოტი 4 მილიონ 400 ათასი ლარი აფხაზეთიდან დევნილმა ზაირა თორდინავამ მოიგო, ხოლო ბელგიის მოქალაქის მიერ საშობაოდ ლატარიაში მოგებულმა თანხამ 19 მილიონი ევრო შეადგინა. დიდი ფულადი მოგებების ისტორია წინასაახალწლოდ გრძელდება. 

 

ზაირა თორდინავა ბაგებში, დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ კორპუსში ცხოვრობს და „დელისის“ მეტროსთან, ჯიხურში გამყიდველად მუშაობს. მან შეიძინა ერთი ბილეთი და ჯეკპოტი მოიგო. თორდინავა აცხადებს, რომ ახლაც შოკირებულია და კარგა ხანი დასჭირდება ამ ყველაფრის გასააზრებლად.

 

„ახლაც არ ვარ შოკიდან გამოსული და არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. მეხუთე ციფრის ამოსვლის შემდეგ, ნერვიულობამ პიკს მიაღწია და გონზე ჯერაც არ მოვსულვარ“, - ამბობს თორდინავა.

 

ლატარიის კომპანიაში გამარჯვებულს თანხა უკვე გადასცეს. ლატარიის კომპანიის წარმომადგენელი გია ბარკალაიას თქმით, გამარჯვებულს კომპანია ერთი წელი ელოდა. „ერთი წელი ველოდით გამარჯვებულს. გუშინ 21:51 წუთზე გამოვლინდა გამარჯვებული. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი მოუგიათ მთელი კავკასიის რეგიონში“, - განაცხადა ბარკალაიამ. მოგებული თანხის 12 პროცენტი დაიბეგრება.

 

გუშინვე უცხოური საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ბელგიის მოქალაქემ 24 დეკემბერს, კათოლიკური შობის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლატარია „ევრო მილიონის“ გათამაშების დროს 19 მილიონი ევრო მოიგო. ლატარიის კომპანიის წარმომადგენლები გამარჯვებულის ვინაობას ვერ ასახელებენ, ვინაიდან გამარჯვებულს ლატარიის კომპანიისთვის არ მიუმართავს.

 

ამ ფონზე ინტერესს იწვევს მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი ფულადი მოგების ისტორია:

 

ქალაქი ჰოსპორტი ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და ცნობილია თავისი საზღვაო სამხედრო ისტორიით, მაგრამ 2008 წლის ოქტომბერში მისმა სახელმა მსოფლიოს უმსხვილეს გაზეთებში სულ სხვა სახელით გაიჟღერა. ამ ქალაქში დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ფულადი მოგება, თანაც მოგებული თანხა, ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

 

მრავალი წლის მანძილზე ელექტრიკოსი მაიკლ მაკდერმოტი ბრიტანული ნაციონალური ლატარიის თითო ბილეთს ყიდულობდა და ერთი და იმავე რიცხვებით ავსებდა. ეს რიცხვები მან თავის მეუღლესთან ერთად შეადგინა: 15, 16, 18, 28, 36, 49. ეს მეთოდი მათემატიკოსებში ალბათ პატივისცემას გამოიწვევს.

 

მართლაც, რა საჭიროა ყოველ ჯერზე კომბინაციის შეცვლა, თუ ტირაჟი დამოუკიდებელია?! თითოეულ ტირაჟში მაიკის მიერ მოგების შანსი თორმეტი მილიონიდან ერთს უდრიდა, მაგრამ მან მაინც მოიგო. 2002 წლის ივნისში ლოტოტრონზე მაიკის 6 რიცხვიდან 5 ამოვიდა. დამატებითმა საპრიზო ბურთმა კულმინაცია დაასრულა და საბოლოოდ მოგებამ 194 მილიონ 501 ათასი ფუნტი შეადგინა.

 

მაიკმა ამ თანხით ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე კუნძულ კერკენზე სახლის მშენებლობა წამოიწყო და ჩვეულებისამებრ ლატარიის ბილეთის შევსება მისთვის ბედნიერი რიცხვებით განაგრძო. ეს კი ლოგიკაში არანაირად არ ჯდებოდა. იმის ალბათობა, რომ ერთმა ადამიანმა ორჯერ გაიმარჯვოს ერთსა და იმავე ლატარიაში, 1/150 ტრილიონთანაა. თუმცა იმავე წლის 13 ოქტომბერს ლოტოტრონმა კვლავ მაიკის ნომრები ამოყარა. ამჯერად მოგება 121 მილიონ 157 ათასი ფუნტი იყო.

 

ამ მოგების შემდეგ მაიკმა საბოლოოდ დაანება თავი მუშაობას და თავის ახალ სახლში დაბინავდა, მაგრამ ლატარიის ბილეთში იღბლიანი რიცხვების ჩაწერას მაინც აგრძელებს.

 

1,6 მილიონი დოლარი. დოღი

1987 წლის აპრილში ინგლისელები ენტონი სპილმენი და ნიკოლას ქოუვანი ფირმის საქმეებზე ლოს ანჟელესში იმყოფებოდნენ. ამერიკაში მათი ვიზიტი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მეგობრებმა სანტა ანიტეს იპოდრომზე წასვლა გადაწყვიტეს და გამგზავრება ერთი დღით გადადეს.

 

19 აპრილს, დილით ისინი ნაქირავებ „ფორდში“ ჩასხდნენ და გეზი ჩრდილოეთისკენ აიღეს. სანტა ანიტეს ტოტალიზატორის ფსონები პრაქტიკულობით გამოირჩეოდა. არჩევანი იქ ბევრად დიდი იყო ვიდრე ინგლისში. ჩვეულებრივი ფსონების გარდა იქ მიიღებოდა ისეთი ეგზოტიკურები, როგორიც არის მაგალითად Pick 3, Pick 6 და Pick 9. ეს უკანასკნელი მომდევნო 9 გარბენში გამარჯვებული ცხენის ამოცნობას გულისხმობდა. გარდა ამისა ექვსი და მეტი გამარჯვებულის ამომცნობი, ჯეკპოტის გათამაშებაში იღებდა მონაწილეობას.

 

მეგობრებმა 64 დოლარი დადეს და 9 - დან 7 გამარჯვებული ამოიცნეს. აღმოჩნდა, რომ ამით 24 დღის განმავლობაში დაგროვებული ჯეკპოტი მოხსნეს, რომელიც იმ მომენტისთვის 1’627’024 დოლარს შეადგენდა. ეს გახლავთ დოღების ისტორიაში უმსხვილესი მოგება. რეკორდი დღემდე არავის მოუხსნია.

 

2,7 მილიონი დოლარი. პოკერი

უკვე 35 წელია ლას ვეგასში პოკერის ეროვნული ჩემპიონატი ტარდება. WPT- ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია, რომელშიც ათასობით მოთამაშე მონაწილეობს. საპრიზო ფონდის ოდენობა მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, რადგან ყველა მოთამაშე 10’000 დოლარის კოჭებს ყიდულობს. რა თქმა უნდა, ფულის გარკვეული ნაწილი ორგანიზატორებს მიაქვთ, მაგრამ საპრიზო ფონდი მაინც სოლიდური რჩება.

 

2006 წლის შეჯიბრში ორი ათასმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, საპრიზო თანხამ კი, სარეკორდო მაჩვენებელი 2’728’356 დოლარი შეადგინა. რამდენიმედღიანი მარათონი შვედი მარტინ დეკნიფის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონი თურმე 20 წლიდან თავს პოკერის თამაშით ირჩენს და რამდენიმე წლის წინ სტოკჰოლმიდან საცხოვრებლად ლას ვეგასში გადმოსულა.

 

35 მილიონი დოლარი. სათამაშო ავტომატები

ლას-ვეგასი წარმოუდგენელი დამთხვევების ქალაქია, სადაც სინტია ჯეი და ტერი ბრენანი ცხოვრობდნენ. სინტია ოფიციანტად მუშაობდა, ტერი კი - ბარმენად. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ისინი გასართობად სამორინეებს სტუმრობდნენ. სინტიას ბედნიერი რიცხვი 27 იყო, რადგან ამ დღეს მან ტერი გაიცნო. ამიტომ 2009 წლის 27 იანვარს ოტელი „დეზერტ ინის“ სამორინეში მან სათამაშო ავტომატში ზუსტად 27 დოლარის დახარჯვა გადაწყვიტა.

 

სინტიამ და მისმა მეგობარმა ავტომატში უკანასკნელი 3 დოლარი ჩააგდეს და უკვე წასასვლელად გაემზადნენ, როდესაც აპარატმა თვალისმომჭრელი ციმციმი დაიწყო. ეს არ იყო უბრალო მოგება და არც უბრალო ჯეკპოტი. ეს იყო ყველაზე დიდი ჯეკპოტი სათამაშო ავტომატების ისტორიაში - 34’959’458 დოლარი. სინტიას ამდენი ფული რომ ეშოვნა, ოფიციანტად 1165 წელი უნდა ემუშავა.

 

სინტია და ტერი დაქორწინდნენ, მაგრამ ორ თვეში საშინელი ავტოკატასტროფა მოხდა, რომლის დროსაც სინტიას და დაიღუპა, თავად მილიონერი კი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა. მისი მეუღლე ტერი ამბობს, მთელ მოგებაზე უარს იტყოდა ძველი ცხოვრება რომ დაებრუნებინა.

 

22, 6 მილიონი დოლარი. სათამაშო ავტომატი

ამჯერად რეიტინგის დარღვევა გვიწევს ქრონოლოგიის სასარგებლოდ. პროგრესირებადი ჯეკპოტის სისტემა „მეგაბაქსი“ აერთიანებს ნევადის 157 სამორინეს ერთდოლარიან ავტომატებს. სწორედ ამ სისტემაზე იყო შეერთებული სინტია ჯეის ავტომატი და იმ მომენტიდან 2002 წლის 27 მაისამდე ახალმა ჯეკპოტმა 22, 6 მილიონი მოგება შეადგინა.

 

74 წლის იოჰანა ჰოინდლმა თავისი დაბადების დღის არატრადიციულად აღნიშვნა გადაწყვიტა. მან ოტელ „ბელიზის“ სამორინეში 270 დოლარის ღირებულების ჟეტონები იყიდა, თუმცა მათი დახარჯვა ვერ მოასწრო, რადგან პირველსავე ცდაზე ორი წლის განმავლობაში დაგროვებული ჯეკპოტი მოიგო. თვდაპირველად ბებოს ეგონა, რომ 22’000 მოიგო და ამით უზომოდ გაიხარა.

 

39,7 მილიონი დოლარი. სათამაშო ავტომატი

2003 წლის 21 მარტს სინტია ჯეის რეკორდი მოიხსნა. 25 წლის ლოს ანჟელესელმა პროგრამისტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ოტელ-სამორინე „ექსკალიბურში“ კალათბურთის მატჩის საყურებლად შეირა. მატჩის ყურებას მან სათამაშო ავტომატთან გართობაც შეუთავსა და კალათბურთის ცქერით გართულმა ვერც კი შეამჩნია, რომ თითქმის 40 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ჯეკპოტმა 39’713’982 დოლარი შეადგინა. ეს თანხა გროვდებოდა იმ დღიდან, რაც ლას ვეგასს იოჰანა ჰოინდლი ესტუმრა.

 

128 მილიონი დოლარი. ლატარია

„მეგამილიონი“ სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ლატარიაა, რომელიც თავის სახელს სავსებით ამართლებს - მისი ჯეკპოტი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღწევს. 2003 წლის 20 თებერვლისთვის იგი 128 მილიონამდე გაიზარდა. მომგებიანი კომბინაცია მხოლოდ ერთ ბილეთში აღმოჩნდა, რომელიც 32 წლის ფინ სუის ეკუთვნოდა.

 

კამბოჯელი ემიგრანტი თავისი სამუშაოთი სავსებით კმაყოფილი იყო, მისი ხელფასიც წელიწადში ორმოც ათას დოლლარს შეადგენდა. როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სამუშაოს მიტოვებას, ახალგამომცხვარმა მილიონერმა უპასუხა: „ნებართვა ჩემი ბოსისგან უნდა ავიღო“.

 

როგორც წესი, ამერიკულ ლატარიაში გამარჯვებულები მოგებას ნაწილ-ნაწილ 20-30 წლის განმავლობაში იღებენ, თუმცა არის ფირმები, რომლებიც იღბლიანებს თანხას მთლიანად სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ერთიანად აღებული ფული საგრძნობლად ნაკლებია იმაზე, რასაც მოთმენის შემთხვევაში აიღებდა გამარჯვებული. თანაც, გადასახადის გადახდა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. პრაქტიკულად, ყველა გამარჯვებული თანხას ერთბაშად იღებს. გამონაკლისი არც ფინ სუია, რომელსაც საბოლოო ჯამში 37, 3 მილიონი დოლარი ხვდა წილად.

 

149 მილიონი დოლარი. ლატარია

2004 წლის ნოემბერში ლატარია „მეგამილიონში“ კიდევ ერთმა ემიგრანტმა გაიმარჯვა. 49 წლის კოლუმბიელ ხუან როდრიგესს იმ დროისთვის უზარმაზარი ვალი დაუგროვდა. უმუშევარი ცოლი ირისი მას კისერზე აწვა და 17 წლის განმავლობაში საცოდავს ტვინს უბურღავდა. ბინის ქირა გადასახდელი, მაცივარი ცარიელი, ორმოცდაოთხი ათასი დოლარი ვალი, საბანკო ანგარიშზე 78 ცენტი., ჯიბეში კი - ერთი დოლარი.

 

ასეთი იყო ხუანის ფინანსური მდგომარეობა მანამ, სანამ იმ უკნასკნელი ერთი დოლარით ლატარიის ბილეთს არ იყიდდა. ადვილი წარმოსადგენია ხუანის რეაქცია, როდესაც მისმა ბილეთმა 149 მილიონი დოლარი მოიგო. სიხარული მან რა თქმა უნდა მეუღლეს გაუზიარა, რომელმაც თანხის მთლიანად აღება ურჩია. გადასახადების გადახდის შემდეგ თნხამ 88, 5 მილიონი დოლარი შეადგინა. 10 დღეში კი ირისმა ქმარს განქორწინება და ქონების გაყოფა მოსთხოვა.

 

181 მილიონი დოლარი. ლატარია

ლატარია „ბიგ გეიმის“ ჯეკპოტი, რომელმაც 2007 წელს 363 მილიონი დოლარი შეადგინა, უმსხვილესია ლატარიების მსოფლიო ისტორიაში, თუმცა მომგებიანი ბილეთი მაშინ ორი აღმოჩნდა და სოლიდური პრიზი ორმა მოთამაშემ გაიყო. ერთ-ერთი იღბლიანის შესახებ არაფერია ცნობილი, მეორე კი ლარი ლორისია. მას ლატარიის 98 ბილეთის შეძენა ჰოთდოგების გამყიდველმა აიძულა - ლარიმ ორდოლარიანი ჰოთ-დოგი შეიძინა, გამყიდველს კი ასდოლარიანის ხურდა არ ჰქონდა. თვადაპირველად ლარიმ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ შიმშილის გრძნობამ სძლია და ხურდის ნაცვლად ბილეთები აიღო. მოგების შემდეგ ლარიმაც მთლიანი თანხის აღება არჩია.

 

315 მილიონი დოლარი. ლატარია

ლატარია „ფაუერ ბოლი“ ყველაზე პოპულარულია აშშ-ში. 2002 წლის დეკემბერში მისმა ჯეკპოტმა 280 მილიონი დოლარი შეადგინა. შობის დღესასწაულის წინ ამერიკა მასობრივმა ფსიქოზმა შეიპყრო. ლატარიის გამავრცელებელ ჯიხურებთან მრავალათასიანი რიგები დადგა. შედეგად საპრიზო ფონდმა რამდენიმე დღეში 315 მილიონ დოლარს მიაღწია.

 

2002 წლის 26 დეკემბრის გათამაშებას მთელი ამერიკა დაძაბული ადევნებდა თვალს. ლოტოტრონზე იღბლიანი რიცხვები ამოვიდა: 5, 14, 29, 53, და 7. რიცხვების ეს კომბინაცია მხოლოდ ერთ ბილეთში აღმოჩნდა, რომელიც ქალაქ ჰინტონის სამშენებლო კომპანიის მფლობელს, 55 წლის ჯეკ უიტაკერს ეკუთვნოდა.

 

გამარჯვებულმა მოგების ერთბაშად აღება გადაწყვიტა და ხელზე მხოლოდ 112 მილიონი დოლარი აიღო. მან განაცხადა, რომ მოგებას მხოლოდ ეკლესიასა და ოჯახს გაუყოფდა. მართლაც, უიტაკერმა 5 მილიონ დოლარზე მეტი თავის შტატში ეკლესიების ასაშენებლად გაიღო. მისი ფონდი ყოველთვიურად ასეულობით ათას დოლარს ხარჯავდა უპატრონო ბავშვების კვებაზე, ჩაცმასა და განათლებაზე. მეგობრებს კი მანქანებსა და სახლებს ჩუქნიდა.

 

მილიონერს ძალიან უყვარდა სამორინესა და სტრიპტიზ-კლუბებში მოლხენა. 2003 წლის ივნისში ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში ჯეკი ისე გამოთვრა, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ გაქრა მისი მანქანიდან კეისი, რომელშიც ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი იდო. მართალია კეისი სულ მალე იპოვნეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მისი მანქანიდან კიდევ 100’000 დოლარი მოიპარეს.

 

ამჯერად ფული ვეღარ იპოვნეს. მას შემდეგ მრავალმილიონიანი მოგების მფლობელს ყოველ კვირაში ძარცვავდნენ. ქალებს მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეჰქონდათ სექსუალური ძალადობის ბრალდებით, მამაკაცები კი მკვლელობის მცდელობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას სწამებდნენ. მოკლედ, პატარა ქალაქის მცხოვრებლებმა უიტაკერის მოგებით კარგად იხეირეს. ჯეკმა ოჯახი მიატოვა და გალოთდა. მას იარაღის უკანონოდ შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება წაუყენეს. ორ წელიწადში მან მთელი ფული დაკარგა და ბიზნესიც ჩაუვარდა.