„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა, ბევრ ადგილას ახლად დაგებული ასფალტი მალევე ზიანდებოდა და მას ხელახლა შეკეთება ესაჭიროებოდა. ამიტომ, გზის შესაკეთებელი სამუშაოები პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, უკვე რამდენიმე თვეა თბილისში გზებზე გაჩენილი უზარმაზარი ღრმულები უყურადღებოდ არის მიტოვებული. ასფალტის საფარი, სავარაუდოდ, ზამთარში გზებზე დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა დააზიანა, თუმცა ბევრგან ღრმულები მანამდეც იყო. მძღოლები შეწუხებულები არიან და ამბობენ, დღე არ გავა ისე, რომ თბილისში მოძრაობისას სადმე დიდ ორმოში არ „ჩაარტყა“. პრობლემაა ისიც, რომ კონკრეტულ ადგილას, სადაც ერთ დღეს ჩვეულებრივად გაივლი, მეორე დღეს შესაძლოა უზარმაზარი ღრმული დაგხვდეს.
for.ge დაინტერესდა, რამ გამოიწვია ასეთი ვითარება და რას აკეთებენ ის უწყებები, რომლებსაც ამ პრობლემის მოგვარება ევალებათ.
რეგიონებში გზის საფარის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ინფრასტრუქტურისა და რეიგიონული განვითარების სამინისტროა პასუხისმგებელი. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, სამინისტროს ბიუჯეტში გზების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 501 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მისივე განმარტებით, არსებობს ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლიდანაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 88 მლნ ლარია გამოყოფილი და ეს თანხა მოხმარდება იმას, რომ უკვე შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციაც მოხდეს, რათა მხოლოდ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები არ იყოს სამინისტროს პრიორიტეტი.
„რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, რომლებიც გზის ინფრასტრუქტურას ეხება, პირველი და უმთავრესი არის ავტობანი, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამინდები გამოვიდა და ამ სამუშაოების ჩატარების საშუალებას იძლევა. თუ აქამდე მხოლოდ ორი მონაკვეთი იყო და ამ მხრივ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო იყო დატვირთული, ამ სამუშაოების მოცულობა გავზარდეთ ოთხ მონაკვეთამდე. გუშინ მინისტრი აგარა - რუისის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც ეს სამუშაოები დანიელ სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა“, - ამბობს მაგდა პოპიაშვილი.
მისი თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზესტაფონი - ქუთაისი - სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა და ზოგადად ამ მიმართულებით სამინისტრომ მუშაობა უფრო გააძლიერა. უწყების ინფორმაციით, 2015 წლისთვის ავტობანზე უკვე რიკოთის მონაკვეთი იქნება გასაკეთებელი და ამ პროექტის შედგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რაც შეეხება 88 მილიონ ლარს, მაგდა პოპიაშვილის თქმით, პროექტები უკვე მომზადებულია, ახლა მუნიციპალიტეტები ტენდერებს გამოაცხადებენ და ეს სამუშაოებიც დაიწყება. სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ ეს თანხები მიზნობრივად იქნას დახარჯული, ამ პროცესზე აუცილებლად მკაცრი მონიტორინგი დაწესდება.
ინფრასტრუქტურისა და რეიგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სასადილო-სიონის გზის რეაბილიტაცია და მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები ( 7 მლნ ლარი), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის ახალი შემოსავლელი გზის მშენებლობა (30 მლნ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისი-სამტრედიის გზის მშენებლობა (28 400 000), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონი-ქუთაისი გზის მშენებლობა (35 მლნ), სამტრედია–ლანჩხუთი საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია–მშენებლობა (47 მლნ), თბილისი-სენაკი-ლესელიძის სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა ხიდი მდ. ლიახვზე (12 600 000), თბილისი-სენაკი-ლესელიძის რუისი-აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (20 მლნ), თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის აგარა-ხაშურის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა (27 მლნ), მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ს/გზის (გუდარი-კობი) მონაკვეთის რეაბილიტაცია (12 500 000), სამტრედია–ლანჩხუთი საავტომობილო გზის მონაკვეთის მოდერნიზაცია–მშენებლობა (7 მლნ), ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის (ლენტეხიდან გაგრძელება) მონაკვეთის რეაბილიტაცია (7 328 000).
რაც შეეხება თბილისს, მოგეხსენებათ, თბილისში გზების მშენებლობა - რეაბილიტაციაზე დედაქალაქის მერია არის პასუხისმგებელი. დგას თუ არა თბილისის გზის საფარის რეაბილიტაცია დღის წესრიგში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას თბილისის მერიიდან შევეცადეთ. მერიის პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, რომ გზის აღდგენის პროცესი თბილისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდა და ეს პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, თუ რა თანხებია თბილისის მასშტაბით გზის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი, მერიის პრეს-სამსახურში დედაქალაქის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდისკენ მიგვითითეს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 69 მილიონი ლარია გამოყოფილი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, კოკი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ დედაქალაქში გზის საფარის პრობლემა ნამდვილად არსებობს და აცხადებს, რომ თბილისის მთავრობა არც ერთ ღრმულს არ დატოვებს ამოუვსებელს.
„ახლა, უბრალოდ არის ყველაზე ცუდი პერიოდი, როდესაც კლიმატის ცვლილების გამო გზა ბევრგან დაზიანდა. როგორც სახლებს შორის პატარა გზები, ასევე შედარებით დიდი ზომის გზები, ყველა აუცილებლად გაკეთდება. ბევრგან სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, მაგალითად, ვაკეში და გლდანში, რაც მე თვითონ ვნახე“, - ამბობს საკრებულოს წევრი.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ გზების არა მხოლოდ დაგების, არამედ რეაბილიტაციისთვისაც თბილისის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ამიტომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ზამთრის ყინვების შემდეგ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ამიტომ გამოდის, რომ თბილისის მერია ან ვერ, ან არ უმკლავდება ამ პრობლემას, რადგან თბილისის ბიუჯეტში არის მუხლი „საგზაო ინფრასტრუქტურა“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაფინანსებული სფეროა და აქ რამდენიმე მილიონ ლარზეა საუბარი“, - აღნიშნავს ზაზა გაბუნია.
მისი თქმით, ახლა თბილისის ბიუჯეტს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიებების დაფინანსების კუთხით დიდი ფასი დაედო. ამიტომ საკრებულოს წევრი ვარაუდობს, რომ გზის პრობლემას დროულად იმიტომ არ მიხედეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ასეთ ღონისძიებებზე თანხები დაზოგოს და ფული ისეთ ღონისძიებებზე გადაამისამართონ, როგორიც არის მაგალითად, თბილისის მერის მიერ გამოცხადებული ტენდერი კონცერტის ჩასატარებლად.