ჩვენს მუზეუმებში დაცული ფასდაუდებელი ეროვნული საგანძური და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, სარდიონის, თიხის, აქატის, გიშრის ნივთები; რეისდალის, კრანახის, ახვლედიანის ნამუშევრები და ფიროსმანის ათეულობით ტილო როგორ ატარეს ერთი ქვეყნიდან მეორეში, ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
ნივთების ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ საქართველოდან გატანილი საგანძურის და სხვა ექსპონატების შესახებ for.ge-ზე გამოქვეყნდება კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული რამდენიმე წერილი.
შეგახსენებთ, რომ for.ge-მ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის და კონკრეტულად ჩვენი მკითხველის არაერთი თხოვნის საფუძველზე მიმდინარე წლის 21 თებერვალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, 2004-დან 2012-ის ჩათვლით საქართველოდან გატანილ და უკან დაბრუნებულ ექსპონატებზე, მათ შორის - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.
5 მარტს გადმოგვეცა წინა დღით დათარიღებული ერთბწკარიანი წერილი N02/08-803, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი - „თქვენი 2013 წლის 21 თებერვლის N1447 განცხადების პასუხად გიგზავნით თქვენს მიერ გამოთხოვნილ დოკუმენტაციას. დანართი 293 გვერდი. მინისტრის პირველი მოადგილე მ. მიზანდარი“.
ჩვენი განცხადების შინაარსი ასეთი გახლდათ: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლებისა და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ კანონის მე-14-ე მუხლის თანახმად, გთხოვთ, მომაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
1. 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სად, რომელ ქვეყანაში, რომელ გამოფენაზე იმოგზაურა საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებმა?
2. გთხოვთ, მომაწოდოთ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი. გთხოვთ, მომაწოდოთ ჩამონათვალის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია;
3. ასევე გთხოვთ, მომაწოდოთ იმ დოკუმენტების ასლი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქვეყნის გარეთ გატანა და უკან დაბრუნება“.
მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია საქართველოდან უცხოეთში გასული და უკან დაბრუნებული, საქართველოს მუზეუმებსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექსპონატების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი, მაგრამ მოგვაწოდა გარკვეული დოკუმენტები. ამასთან, არც გამოფენებისა და ქვეყნების სია გადმოუციათ.
ვრცელ, 293-გვერდიან დანართში არ არის ერთი ფურცელიც კი, რომელშიც წერია, რომ ქვეყნიდან გატანილი ექსპონატის უკან დაბრუნება მოხდა ამა და ამ წლის ამა და ამ რიცხვში, რომ ექსპონატის მდგომარეობა და ნამდვილობა შემოწმდა სპეციალისტების, ან რაიმე კომისიის მიერ. გამომდინარე აქედან, ესა თუ ის ექსპონატი როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უცხოეთიდან, ამ მასალაში ვერ წაიკითხავთ.
ამასთან, 2004 წელს სად, რომელ გამოფენასა და რომელ ქვეყანაში რა გაიტანეს, ამაზე სამინისტროდან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ 293-გვერდიანი დანართი სრულად არ ასახავს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების ჩამონათვალს.
მაგალითად, საქვეყნოდაა ცნობილი, რომ ჯრუჭის ოთხთავი 2006 წლის ოქტომბრიდან 2007-ის იანვრამდე ვაშინგტონის ერთ-ერთ გალერეაში იყო გამოფენილი. კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებულ 293-გვერდიან დოკუმენტებში ჯრუჭის ოთხთავის შესახებ არაფერი წერია.
რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ამჯერად იმას დავჯერდით, რაზე დაყრდნობითაც გთავაზობთ წლების მიხედვით გაკეთებულ ჩამონათვალს:
2005 წელი
კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვით N5-011/დ 2005 წლის 15 აპრილს გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ხელოვნების სახლის სარესტავრაციო ცენტრში (სარესტავრაციოდ) გაუგზავნიათ გაუჩინარებული და მუზეუმში დაბრუნებული ლუკას კრანახ უფროსის „მაჭანკალი“ და იაკობ ვან რეისდალის „პეიზაჟი“. ამ ორი ექსპონატის ქვეყნიდან გატანის 8-თვიანი ნებართვაა გაცემული, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გია მარსაგიშვილის მიმართვის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხსენებულ ორ ნამუშევარს აქედან ორი რესტავრატორი გაჰყვებოდა, რომლებიც ჰამბურგში გერმანელ კოლეგებთან ერთად იმუშავებდნენ.
2006 წელი
2006 წლის გაზაფხულზე უკრაინის დედაქალაქ კიევში ქართული კულტურის დღეები გამართულა. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვის საფუძველზე კიევში გამოსაფენად ფიროსმანის 35 ფერწერული ნამუშევარი წაუღიათ. კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვიდან ჩანს, რომ ფიროსმანის 35 ტილო 41.3 მილიონ დოლარად ყოფილა დაზღვეული და კიევში სამი თვე უნდა ყოფილიყო;
კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილის მიერ ხელმოწერილი ნებართვით 2006 წლის 25 მაისიდან 2007-ის 25 მაისამდე გერმანიის ვესტფალიის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოსაფენად გაუგზავნიათ ჯანაშიას მუზეუმში დაცული სამი არქეოლოგიური ნივთი: ნუკლეუსი, ჩოპერი, ანატკეცი (შესაბამისი საინვენტარო ნომრები მითითებულია). ნებართვას საფუძვლად უდევს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვა;
2006 წლის 27 ივნისიდან ამავე წლის 27 დეკემბრამდე გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ ბონის რეგიონულ მუზეუმში გაუმწესებიათ დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა. ნებართვას ხელს აწერს კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი, რასაც საფუძვლად უდევს დავით ლორთქიფანიძის მიმართვა.
2007 წელი
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის მიმართვის საფუძველზე კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკა ვაჩეიშვილმა ხელი მოაწერა ნებართვას, საიდანაც ჩანს, რომ 2007 წლის 26 თებერვლიდან 2008 წლის 1 სექტემბრამდე გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში უნდა ემოგზაურა ეროვნული მუზეუმის 83 ექსპონატს.
„როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამა „ქართული სეზონის“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ დაგეგმილია გამოფენათა ციკლი ქალაქებში: ბერლინი, ნანტი, პარიზი, ვაშინგტონი, ნიუ იორკი, ათენი...“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს ლორთქიფანიძე აწერს.
for.ge-ს კულტურის სამინისტრომ წარმოუდგინა ამ 83 ექსპონატის ჩამონათვალი. თითოეულის ქვეშ მითითებულია საკმაოდ სოლიდური სადაზღვევო თანხა და იქვე აღნიშნულია, რომ ეს არის რეპროდუქცია N1, N2, N3 და ასე შემდეგ. მთლიანობაში ამ 83 ექსპონატის სადაზღვევო თანხა შეადგენს: 51 100 000 დოლარს. წარმოდგენილი რამდენიმე ფურცლის მიხედვით, საქართველოდან გაიტანეს ვანში აღმოჩენილი და ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული ექსპონატები. მათ შორის, მილიონ ხუთასი ათასად დაზღვეული, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნით დათარიღებული ჩიტების გამოსახულებებით შემკული გულსაბნევი; ორ მილიონ დოლარად დაზღვეული ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნით დათარიღებული დიადემა, ორი რომბისებური ფირფიტით, რომლებზეც გამოსახულია ცხოველთა ბრძოლის სცენა; ოთხ მილიონად დაზღვეული, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნით დათარიღებული „ყელსაბამი კუს ფორმის საკიდებით (31 ცალი) და მძივებით (64 ცალი), სულ 95 ერთეული“;
2007 წლის 29 ივლისს, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ გოკა გაბაშვილს ღრმა პატივისცემით მიმართა და ფიროსმანის 35 ტილოს თურქეთში გატანაზე ნებართვა სთხოვა. ლორთქიფანიძე გაბაშვილს წერს, რომ „პროექტ „ქართული სეზონის“ ფარგლებში ქ. სტამბულის პერა-მუზეუმში ა/წ. 1 აგვისტოდან 7 ოქტომბრამდე დაგეგმილია ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა“. მინისტრმა გაბაშვილმა ფიროსმანის ტილოების თურქეთში სამთვიანი გატანის ნებართვა გასცა;
2007 წლის 19 ოქტომბერს დავით ლორთქიფანიძემ გოკა გაბაშვილს ღრმა პატივისცემით კვლავ მიმართა „პროექტ „ქართული სეზონის“ ფარგლებში“ ნება დაერთო ვაშინგტონში, სმითსონიანის არტურ მ. საკლერის გალერეასა და ნიუ იორკის ანტიკური სამყაროს კვლევით ინსტიტუტში გამოსაფენად გაეტანა 58 ექსპონატი კოლხური საგანძურიდან. გაბაშვილმა კოლხური საგანძურის საქართველოდან სამით თვით (23.10.07 – 23.07.08) გატანის ნებართვა 2007 წლის 19 ოქტომბერს გასცა. ჩვენთვის მოწოდებულ დოკუმენტებში დაზღვევის მთლიანი თანხა მითითებული არ არის. ამიტომ, თითოეული ექსპონატის (ერთ-ერთის გასწვრივ მონაცემი არ ჩანს) სადაზღვევო თანხა შევაჯამე და ასე მივიღე 7 790 500 დოლარი, რომლითაც კოლხური საგანძური დაზღვეული იყო;
კულტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმოწერილი ნებართვით 2007 წლის 3 ნოემბრიდან 2008 წლის 31 მაისამდე ინგლისში უნდა ემოგზაურა ფიროსმანის „მეთევზესა“ და ირაკლი გამრეკელის ნამუშევარს სახელწოდებით „კაცი მასა“. კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტებიდან ნებართვის ფურცელს თან ახლავს დავით ლორთქიფანიძის ხელმოწერილი წერილი - იგი ღრმა პატივისცემით მიმართავს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და სთხოვს „პროექტ „ქართული სეზონის“ ფარგლებში ბრიტანეთის ბიბლიოთეკის პირსონ გალერიში“ დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად სამინისტრომ გასცეს ზემოხსენებული ორი ნამუშევრის გატანის ნებართვა. კულტურის სამინისტროს ჩვენთვის სხვა არანაირი დოკუმენტი არ მოუწოდებია. გამომდინარე აქედან, არ ვიცით რამდენად დააზღვიეს საქართველოდან გატანილი ეს ორი ნამუშევარი და უკან რა მდგომარეობაში დაბრუნდა.
ბოლოთქმა - 2008 წელს საქართველოდან გატანილი საგანძურისა და სხვა ექსპონატების შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებულ მეორე წერილს for.ge-ზე უახლოეს დღეებში გაეცნობით.