დედამიწას ვულკანი გაანადგურებს

დედამიწას ვულკანი გაანადგურებს

ცოტა ხნის წინ გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, კაცობრიობა შეიძლება ვულკანის გიგანტური ამოფრქვევის შედეგად დაიღუპოს.

დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის მეცნიერი, სტივენ სელფი აცხადებს, რომ ასეთი საფრთხის წინააღმდეგ ჯერჯერობით არავითარი საშუალება არ არსებობს. მეცნიერები „გარეშე საფრთხის“, მაგალითად, დიდი ზომის ასტეროიდის დაჯახების თავიდან აცილების სტრატეგიაზე მუშაობენ,  მთავარი საშიშროება კი მათ თვალწინ არის, მაგრამ ვერ ან არ ამჩნევენ.

გეოფიზიკოსთა მტკიცებით, ზოგიერთ ვულკანს ასჯერ უფრო ძლიერ შეუძლია ამოფრქვევა, ვიდრე ეს მეცნიერებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. თუმცა, ასეთი მასშტაბის კატაკლიზმები დედამიწაზე უკვე მომხდარა ცივილიზაციის გაჩენამდე არც ისე დიდი ხნის წინათ.

ახლახანს ამერიკელმა გეოლოგებმა ვულკანური ფისის ერთმეტრიანი ფენა აღმოაჩინეს, რომელიც იელოუსტონის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, დედამიწის ზედაპირიდან არც ისე ღრმად მდებარეობდა. მისი წარმოქმნის მიზეზად მეცნიერები განსაკუთრებულად ძლიერ ვულკანურ ამოფრქვევას მიიჩნევენ, რომელიც, სავარაუდოდ, 620 ათასი წლის წინათ უნდა მომხდარიყო. ამ მოვლენის თვალსაჩინო დადასტურებაა უზარმაზარი ღრმულები, რომლებიც „დაცლილი“ ვულკანების ადგილებზე გაჩნდა.

გიგანტური ამოფრქვევის მოსალოდნელი შედეგები მეცნიერებმა დაწვრილებით აღწერეს. მოხსენების თანახმად, ლავის ქვეშ საკმაოდ დიდი ტერიტორიები აღმოჩნდება, ხოლო ატმოსფეროში გაფანტული მტვერი და ფისი მზის სხივების დედამიწის ზედაპირამდე მოღწევას შეაფერხებს, რაც თავის მხრივ, კლიმატზე გლობალურ გავლენას მოახდენს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერმა, მაიკლ რამპინომ კი თავის კვლევებში აჩვენა, რომ კუნძულ სუმატრაზე ვულკან ტობას ძალიან ძლიერმა ამოფრქვევამ, რომელიც დაახლოებით 74 ათასი წლის წინათ უნდა მომხდარიყო, დედამიწაზე ჰავა საგრძნობლად გააცივა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფლორის სამი მეოთხედი გაანადგურა.