ალბათ, გსმენიათ ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივ მარტინის სახელი, რომელმაც თავი კომედიური ჟანრის ფილმებით გაითქვა. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ჩინებული კომპოზიტორიც ყოფილა.
ორი წლის წინ, მსახიობმა სერ პოლ მაკარტნისთან ერთად მუსიკალური ალბომი ჩაწერა. მისი სახელწოდებაა "Rare Bird Aler". ამ ალბომში შევიდა მსახიობის მიერ დაწერილი 13 კომპოზიცია.
„ოცნება შემისრულდა. სიყმაწვილეში პოლ მაკარტნის ჩანაწერებს მთელი დღეების განმავლობაში ვუსმენდი. მუსიკით ადრეც ვყოფილვარ გატაცებული, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და პოლი ჩემს სიმღერებს შეასრულებდა,“ - განაცხადა მაშინ სტივ მარტინმა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სტივ მარტინი ახალ ალბომზე მუშაობას იწყებს. ცნობილია, რომ დისკს ცნობილ მუსიკოსთან ერთად ჩაწერს. კომედიური ჟანრის მსახიობი ამ პიროვნების ვინაობას ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს.
სტივ მარტინმა, რომელიც მრავალი კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმშია გადაღებული, კომპოზიტორობა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. მის მიერ დაწერილ კომპოზიციებს მეტ-ნაკლები წარმატება ყოველთვის თან ახლდა. ამათგან მაინც გამორჩეულია "King Tut", რომელიც 1978 წლის ამერიკულ ჰიტ პარადებში, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპატიო მე-17 ადგილზე იმყოფებოდა.