დიეგო ლოპესმა იკერს პირველობა წაართვა

დიეგო ლოპესმა იკერს პირველობა წაართვა

რამდენიმე თვის წინ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა მუხლის ტრავმა მიიღო. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა და ძირითადი შემადგენლობისთვის მალე მზად იქნება.

კასილიასის არყოფნაში „რეალის“ კარის დაცვა სათადარიგო მეკარე დიეგო ლოპესს უწევს. ამ საქმეს შესანიშნავად უძღვება და მისი სახით ესპანეთის ნაკრების მეკარეს სერიოზული კომკურენტი გამოუჩნდა.

გუშინ გამოცემა „Marca” ბატონ ჟოზე მოურინიოს ესაუბრა. „ერთადერთმა“ დიეგო ლოპესის ასპარეზობა განსაკუთრებით გამოყო და აღნიშნა, რომ კასილიასს კარში დასაბრუნებლად მძიმე ბრძოლა მოუწევს.

„დიეგო ლოპესმა კასილიასის არყოფნაში მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. წესითა და რიგით იკერის ფორმაში შესვლის შემდეგ ლოპესი კვლავ სათადარიგოთა სკამზე უნდა გავამწესო, მაგრამ ეს საქციელი მის მიმართ უსამართლო იქნება.

„გალათასარაისთან“ შეხვედრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დიეგო ლოპესი „რეალის“ ძირითად კარის დარაჯად დავტოვო. კასილიასს მინდორზე დასაბრუნებლად გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევს. სანამ „სამეფო გუნდის“ მწვრთნელი ვარ, ლოპესს თადარიგში არ გავამწესებ.“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

პორტუგალიელმა ისიც აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი დაუკავშირდა და მილანში დაბრუნება შესთავაზა.  მოურინიომ ეს წინადადება იუარა, თუმცა არ გამორიცხა რომ „ინტერს“ უახლოეს ორ-სამ წელიწადში აუცილებლად ჩაიბარებს.