ISN –

ISN – "საქართველოს შეიარაღებული ძალები: არმია ყველასთვის თუ ზოგიერთისთვის?"

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ქსელი - ISN აქვეყნებს თავდაცვის ტექნოლოგიების ექსპერტის, დოქტორ იუჯინ კოგანის სტატიას, სათაურით "საქართველოს შეიარაღებული ძალები : არმია ყველასთვის თუ ზოგიერთისთვის?"

სტატიაში ავტორი ეხება საქართველოს ჯარში მიმდინარე რეფორმებსა და რუსეთის პოზიციას ამ რეფორმებთან დაკავშირებით. ქართველი პოლიტიკოსები აცნობიერებენ სამხედრო რეფორმის მნიშვნელობას, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა როლი უნდა შეასრულოს რიგითმა მოქალაქემ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც იუჯინ კოგანი აღნიშნავს, თბილისმა თავისი მცირერიცხოვანი პროფესიული შეიარაღებული არმიის გაფართოება 2008 წლის რუსეთთან კონფლიქტამდე დაიწყო. 2007 წელს საქართველოს შეიარაღებული არმია 26 ათასი წევრისგან შედგებოდა. 2009 წლისთვის მათი რიცხვი დაახლოებით 37 ათასი იყო, 2011 წელს კი, - წერს სტატიის ავტორი, - სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ეს ციფრი თითქმის 33 ათასს შეადგენდა.

როგორც იუჯინ კოგანი აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი რაოდენობა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები 7 000 კარგად გაწვრთნილი წევრისგან შედგება, რომელთაც ავღანეთსა და ერაყში აქვთ საბრძოლო გამოცდილება მიღებული, სამხედროების დანარჩენი ნაწილი სათანადოდ არ არის მომზადებული და განათლებული. იმისათვის, რომ ამ ნაკლოვანებებს თავი დააღწიოს, ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება "მცირერიცხოვანი, მაგრამ მაღალი დონის მობილური არმია, რომელსაც შესწევს ახალ საფრთხეებთან გამკლავების უნარი", როგორიც ტერორიზმი და ექსტრემიზმია.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2010 წელს საქართველომ 450 მილიონი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე. მომდევნო წელს ხარჯები 398 მილიონ დოლარამდე შემცირდა, 2012 წელს კი ოდნავ გაიზარდა. ამგვარად, თავდაცვის სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებების დარად, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უნდა იცხოვროს, - წერს იუჯინ კოგანი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკეპტიკურად განწყობილი რჩება პროფესიული შეიარაღებული ძალებისკენ გადადგმული ზომების მიმართ. სააკაშვილი აცხადებს, რომ "ზოგადად, საზოგადოება არ უნდა იყოს შეიარაღებული ძალებისგან დიდ დისტანციაზე დაშორებული. საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი მშობლები, სამხედრო საქმიანობაში უნდა იყოს ჩართული. ექვს ან ცხრა თვეში, თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, როგორ დაიჭიროს ხელში იარაღი. არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელშიც ქართველები არმიაში არ იქნებიან ჩართულნი. ეს დიდი შეცდომა იქნება და ვფიქრობ, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ", - ციტირებს ავტორი პრეზიდენტის სიტყვებს.

იმის დასარწმუნებლად, რომ თბილისი შეცდომას არ უშვებს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - საქართველოში შეიარაღებული ძალების რეფორმა ასევე ითვალისწინებს რეზერვისტთა და მოხალისეთა როლს.

როგორც იუჯინ კოგანი წერს, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რა რესურსები გამოიყო რეზერვისტებისთვის. რა თქმა უნდა, საქართველოს პროფესიული შეიარაღებული ძალების საბოლოო რაოდენობა და ფორმა ასევე განხილვის საგნად რება. რისი თქმაც შედარებით უფრო ზუსტად შეიძლება, პროფესიულ სისტემაზე გადასვლა ძვირი სიამოვნება იქნება. განსხვავებით წვევამდელებისგან, პროფესიონალ ჯარისკაცებს ანაზღაურება უნდა დაენიშნოთ. შესაძლოა, სამინისტრო იძულებული გახდეს, თითოეულ მათგანს დაახლოებით 480 დოლარი დაუნიშნოს ყოველთვიურად ხელფასის სახით. გარდა ამისა, მთავრობამ ასევე უნდა გაითვალისიწინოს, ქალ-მოსამსახურეთათვის საჭირო მოწყობილობებიც, ანუ საბავშვო ბაღებისა და სკოლების, ასევე საცხოვრებელი სახლების აშენება, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც იუჯინ კოგანი წერს, სავარაუდოდ, დიდი შეშფოთების საგანი იქნება, როგორ შეხვდება საქართველოს სამხედრო რეფორმებს მოსკოვი. ალასანია მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ გეგმავს საბრძოლო ოპერაციების გამართვას დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად. თუმცა, მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, - წერს სტატიის ავტორი, - თავდაცვის მინისტრი საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს სადავო ტერიტორიებზე განლაგებული რუსული ბაზების მხრიდან ხედავს. სამხრეთ სამხედრო ოლქში განლაგებული რუსეთის სამხედრო ძალებთან პოტენციური კონფლიქტის გარშემო ეს ორაზროვანი დამოკიდებულება, შესაძლოა, არასწორი დასკვნა იყოს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იყო.

სინამდვილეში, - აღნიშნულია სტატიაში, - დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი თავისი ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო რეფორმას დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. მოსკოვს ესმის, რომ ავღანეთში მიღებული გამოცდილება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება გაძლიერებაში. გარდა ამისა, სავარაუდოდ, რუსეთს ეცოდინება, რომ საქართველოს ტერიტორიის დაცვა რიცხვობრივად და ტექნოლოგიურად აღმატებულ შეიარაღებულ ძალებთან "მცირერიცხოვანი და მაღალი დონის მობილური არმიის" ამოცანა არ არის. ეს კი თავის მხრივ, ბადებს კითხვებს იმასთან მიმართებაში, არის თუ არა "ხალხის არმიის" განვითარება საუკეთესო ვარიანტი საქართველოს უსაფრთხო გარემოსთვის. თუ ამ კითხვაზე პასუხია "არა", - წერს იუჯინ კოგანი, - მაშინ შესაძლოა, შეიარაღებული ძალების შერეული მოდელი შენარჩუნდეს, პარალელურად პროფესიონალი სამხედროების რიცხვი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს. თუმცა, თითოეული ვარიანტი ან სცენარი თბილისის მხრიდან ყურადღებიით განხილვას საჭიროებს, სანამ რეფორმებს მიიღებენ. ამის გარეშე, ალასანიას მოსაზრების დაჩქარებულად განხორციელებას, შესაძლოა, შორეულ პერსპექტივაში ნეგატიური შედეგები მოჰყვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ამგვარად, საქართველოს თავდასცვაში სამხედროებსა და მოსახლეობას შორის როლების გადანაწილების საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ საქართველოს რეფორმებს უნდათ, სასურველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანასა და მის სამეზობლოზე.