მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ მიუნჰენის „ბაიერნის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰეინკესი თანამდებობას დატოვებს. ბატონი იუპი სავარაუდოდ კარიერას კლუბ „შალკეში“ გააგრძელებს.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰეინკესის შემდეგ „ბაიერნს“ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. პეპი ახალ გუნდში მუშაობას ივნისის მეორე ნახევარში შეუდგება.
დღეს გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ გვარდიოლას ხელმძღვანელობით „ბაიერნი“ პირველ შეხვედრას 14 ივლისს ჩაატარებს. მიუნჰენელები როსტოკის „ჰანზას“ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.
ეს მატჩი „ჰანზას“ საშინაო სტადიონზე გაიმართება და საქველმოქმედო ხასიათის იქნება. შემოსული თანხა მთლიანად ამ კლუბის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.
ერთ დროს ბუნდესლიგის ბინადარ „ჰანზას“ მძიმე პერიოდი უდგას. გუნდი რიგით მესამე ლიგაში ასპარეზობს, დიდძალი ვალები გააჩნია და დიდია ალბათობა რომ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს.