შალვა პაპუაშვილი: „მთავარი არხის“ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი ჩვენი პარტიის ქარელის ოფისში

შალვა პაპუაშვილი: „მთავარი არხის“ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი ჩვენი პარტიის ქარელის ოფისში

რაც შეეხება ქარელის ინციდენტს, „მთავარი არხის“ გავრცელებულ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი და როგორ მოიხსენიებს ადამიანს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ „მთავარ არხს“, რომ გამოექვეყნებინათ სრული მასალა, და ვნახეთ, რომ ეს მასალა დამალულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ის ნაწილი, რომელიც ეხება გადავარდნას, არ ჩანს. მოვისმინეთ აჟიოტაჟი და ისტერია, თითქოს ამ ადამიანს მოტეხილი ჰქონდა მენჯ-ბარძაყი, ნეკნები. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იყო მხოლოდ დაბეჟილობა. რა თქმა უნდა, ესეც ცუდია და მე მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა სწორედ საკითხების გაბუქება და დაბრალება წარმოადგენს პრობლემას“, - აცხადებს პაპუაშვილი.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.