ბოლო დღეებია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტებლიშმენტი აქტიურად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად სამ საკვანძო საკითხს ითვალისწინებს. 1 - ევროკავშირმა უნდა მოახდინოს 600 მილიარდი დოლარის ინვესტირება აშშ-ში. 2 - ევროკავშირმა აშშ-სგან უნდა შეისყიდოს 750 მილიარდი დოლარის ნავთობისა და თხევადი გაზის პროდუქცია. ჯამში, მომდევნო 3 წლის მანძილზე ევროპის კონტინენტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ტრილიონ 350 მილიარდი დოლარი უნდა გაედინოს. 3- აშშ-მ ევროპას დაუწესა ცალმხრივი, 15% იანი საგადასახადო ტარიფები, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ევროპის იმ ეკონომიკას, რომელიც ფაქტიურად რეცესიაშია, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.
მისი განცხადებით, ევროკავშირისთვის კაბალურმა გარიგებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა „დიფ სთიეთის“ გეგმები და გამოააშკარავა მისი აგენტურაც.
„აღნიშნულმა კონტრაქტმა, რეალურად კი ევროკავშირისათვის კაბალურმა გარიგებამ კიდევ უფრო ცხადი და მკაფიო გახადა დიპ სტეიტის უახლოესი გეგმები, ასევე პირდაპირ გამოააშკარავა დიპ სტეიტის აგენტურა.
ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ აღნიშნულ „შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, წევრი ქვეყნებისათვის არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს, ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ბიუჯეტების 15%-ს აღემატება. პლუს ამას, აშშ-მ აიძულა ევროკავშირის ქვეყნები, რომ უკრაინის შეიარაღება სრულად საკუთარ თავზე აიღონ, ფული გადაუხადონ ამერიკას, შეიძინონ იარაღი და გადასცენ უკრაინას. მარტივად რომ ვთქვათ, დიპ სტეიტმა რუსეთ-უკრაინის ომისგან აშშ გვერდზე გასწია და პრობლემა სრულად თავზე „ჩამოაცვა“ ევროპას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორც ჩემმა მეგობარმა, გოგა ხაინდრავამ გუშინ დაწერა - ადრე შუა საუკუნეებში დამპყრობელი ქვეყანას ხარკს რომ დაადებდა, ისე მოექცა ტრამპი ამ ჩვენი ცოდვით სავსე ევროკავშირს!“ - წერს შათირიშვილი.
წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ სინამდვილეში, არც ტრამპი ზრუნავს ამერიკელ ხალხზე და არც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ უფლება, ხალხის ინტერესებით იმოქმედონ, ყველაფერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით ვითარდება.
„ამ მოვლენების შეფასება თითქოს რთული არ უნდა იყოს: აშშს-ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართავს, რომელიც ერთი შეხედვით, ამერიკელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, პრობლემებს თავიდან იშორებს და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს. მარტივი ფორმულაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ჩნდება კითხვა - რატომ არ აკეთებენ იგივეს ევროკავშირის ლიდერები? რატომ თანხმდებიან ისეთ კაბალურ პირობებს, რაც უპირობოდ ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოქცევას და დიდი ალბათობით, ამ გაერთიანების დაშლას გამოიწვევს? სინამდვილეში არც ტრამპი ზრუნავს ამერიკელ ხალხზე და არც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ უფლება, ხალხის ინტერესებით იმოქმედონ - ყველაფერი დიპ სტეიტის და ოლიგარქიული ოჯახების დალაგებულია.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.