თურქული მხარე რაბათის ციხის კომპლექსში გარკვეული შესწორებების შეტანის მოლოდინშია. საქართველოს მეზობელი ქვეყანა რაბათის ისტორიულ ციხეში რა სახის სამუშაოების ჩატარებას ითხოვს, ეს ამ დრომდე, ოფიციალურად, უცნობი რჩება, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს.
ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, ქართული მხარე თურქი ექსპერტების მონაწილეობით, მე-18 საუკუნის ოსმალური მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების - აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის, მეჩეთისა და მედრესის რესტავრაციას განახორციელებს. კერძოდ, 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება იგეგმება, რაც იმაში გამოიხატება, რომ გუმბათის ოქროსფერი საფარის ტყვიისფერით ჩანაცვლება მოხდება.
„ასევე, მოხდება პირვანდელი რკინის სხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება.
აღნიშნული რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ამ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ძეგლია. ეს ნიშნავს იმ ათასობით სპეციალისტის შრომის წყალში ჩაყრას, რომლებმაც წინა წლებში, ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს. არ მიგვაჩნია, რომ ეს არის თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა, ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც საქართველის მთავრობის მხრიდან მოდის. ტერიტორიიდან ქრისტიანული სიმბოლების გატანა და გუმბათის განადგურება ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტის მტკიცებით, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან განცხადებები კეთდება ძეგლისადმი მაღალი მინარეთების მიშენების თაობაზე, რაც პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ძეგლი ამ სახით გადანდგურდება.
„თურქეთის რესპუბლიკასთან კარგი ურთიერთობა გვსურს, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთავაზება არის სულ სხვა რამ - ეს არის სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება“, - აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
რაბათის ციხესთან დაკავშირებით, მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევენთ მურან ბურჰანი, რომელიც ქვეყნებს შორის წარმოებული კონსულტაციების დეტალების გახმოვანებისაგან თავს იკავებს, თუმცა, აცხადებს, რომ რაბათის ციხეში ექსპერტები იყვნენ ჩასულები, რომელთაც შესწორებები შეიტანეს და რომლებიც ცვლილებებს ელოდებიან.
თურქი დიპლომატი რა სახის ცვლილებებზე აპელირებს, ეს გაურკვეველი რჩება, რადგან პარლამენტში ვიზიტად მყოფმა დიპლომატმა ამ საკითხზე დამატებითი შეფასების გაკეთება არ ისურვა.
„თურქეთში ქართული ეკლესიების აღდგენასა და საქართველოში მეჩეთის აშენებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროტოკოლი ხელმოწერილი არ არის და პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რაც შეეხება რაბათის ციხეს, ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, შესწორებები შეიტანეს და ცვლილებებს ელოდებიან, თუმცა, გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, - განაცხადა ელჩმა.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ წრეებში რაბათის ციხის გარდა, ვნებათეღელვა თურქული გამოცემა „ჰარიეტ დეილი ნიუსის“ სტატიამაც გამოიწვია, სადაც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიული ძეგლები პარხალი და ოთხთა ეკლესია 2018 წლის მაისისთვის წყალქვეშ აღმოჩნდება.
„მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ ამ დროისთვის დასრულდება. იუსუფელის კაშხალი მსოფლიოში სიმაღლით მესამე და თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება. კაშხლიდან გადმომავალი წყალი ამ უნიკალურ, ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს წალეკავს“, - აცხადებს სტატიის ავტორი.
ისტორიკოსები აცხადებენ, რომ ტაო-კლარჯეთში ოთხთასა და პარხლის შესაძლო დატბორვის შესახებ ინფორმაცია თურქულ მხარესთან გადასამოწმებელია.
For.ge პარხალისა და ოთხთა ეკლესიის ბედით დაინტერესდა და ქართული ძეგლების გარშემო არსებული ვითარების გარკვევის მიზნით, საქართველოში თურქეთის ელჩს კითხვებით მიმართა.
უნდა აღინიშნოს, რომ ელჩის პასუხი დიპლომატიური აღმოჩნდა, მაგრამ ამავდროულად, ცოტა უცნაურიც.
ლევენთ მურან ბურჰანის თქმით, ეს არ არის ახალი საკითხი, რადგან ამ თემაზე საუბარი ადრეც იყო.
„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ამ ტერიტორიაზე რაც კი არის, ყველა მონუმენტი და ა.შ. სადღაც სხვაგან იქნება გადატანილი“, - განაცხადა ელჩმა, თუმცა, დიპლომატი რას გულისხმობდა „გადატანაში“ და ეს შეეხებოდა თუ არა ტაძრებს, ელჩმა ამის დაკონკრეტება არ ისურვა.
„ყველაფერი, რაც ღირებულებას წარმოადგენს, სადღაც სხვაგან იქნება. ამ საკითხზე, დეტალები არ ვიცი“, - დასძინა ელჩმა.
თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ყველა საკითხი უშუალოდ დიალოგის გზით გადაწყდება, ისე რომ, ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იყოს.
ქართული წარმოშობის ძეგლების მომავალი თუ როგორი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ქართულ მხარებს საკუთარი ძეგლების დაცვაზე ხმის ამაღლება ნამდვილად მართებს, რადგან ისტორიკოსები განმარტავენ, რომ იუსუფელის კაშხლის მშენებლობის გამო, არასდროს თქმულა, რომ დიდი ტაძრები დაიტბორებოდა. მათი ცნობით, აქამდე საუბარი იყო, რომ იუსუფელის გარეუბანში მხოლოდ ქართული დარბაზული ეკლესიის ნანგრევები დაიტბორებოდა.