პოლიტიკოსი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი პოლიტიკური დევნილი გიგლა ბარამიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს მიმართავს.
„ნაციონალური“ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოს, სახის - მეგის ქარდავას საქართველოში სამართლიან ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად გახმოვანებულმა ჩამონათვალმა, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ენით აუწერელი უმძიმესი დანაშაულებისა, ვფიქრობ, პატივცემულო ელჩებო, მთელი თქვენი დიპლომატიური პირუთვნელობითა და სიღრმისეულობით, ღრმად უნდა ჩაგაფიქროთ, თუ რა რეჟიმს წარმოადგენდა სააკაშვილის სისხლიანი მმართველობა.
სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის ბევრი ლიდერი-სულისჩამდგმელი დემოკრატიზმის და ევროატლანტიკურობის ფარისევლურ ფარდას ამოფარებული, ჯერაც ტივტივებს ქართულ პოლიტიკაში და, რაც განსაკუთრებით მძიმეა, ისინი, თქვენთანაც ახერხებენ ინტენსიურ კომუნიკაციას.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს უანგარო მონდომებას და ღვაწლს საქართველოსთვის, მაგრამ ამავე დროს მოგმართავთ, დასავლური სტანდარტების დამკვიდრების კონტექსტში, ხალხის თვალში, სრულად დისკრედიტირებული სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს, პირდაპირ თუ ირიბად, ნუ მისცემთ პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და განახლების საშუალებას“, - წერს გიგლა ბარამიძე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, დღეს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.