ირაკლი ქადაგიშვილი: უნდა დასრულდეს მედიის წარმომადგენელთა მსხვერპლშეწირვა პოლიტიკური მიზნებისთვის

ირაკლი ქადაგიშვილი: უნდა დასრულდეს მედიის წარმომადგენელთა მსხვერპლშეწირვა პოლიტიკური მიზნებისთვის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ჩამოყალიბდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მისი მთავარი ფუნქცია იყო ადამიანის უფლებების დაცვა, და არა სპეკულირება ადამიანის უფლებებით ან რაიმე სხვა საკითხით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქარელში მომხდარი ინციდენტის გარშემო არ არსებობს არანაირი ობიექტური ან ირიბი მამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ოპერატორი ვიღაცამ განზრახ ან შემთხვევით გადმოაგდო. ოპერატორი უკანა სვლით მოდიოდა, წამოეგო დაბალ რიკულს, დაკარგა წონასწორობა და ჩამოვარდა. რატომ გამოიყენეს ეს პროვოკაციისთვის? იმიტომ, რომ ასეთი ტიპის მედია ცდილობს, პროვოკაციული ქმედება განახორციელოს, შეიჭრას სადმე ან ისეთი სიტუაცია შეუქმნას რესპონდენტს, რომ ის მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ამ არხის მესვეური შეეცადა, მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი თანამშრომლის მძიმე მდგომარეობა პროვოკაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს მედიის წარმომადგენელთა მსხვერპლშეწირვა პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.