საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ისტორიული გვარების დაბრუნების კამპანია - „გვარი დამიბრუნე“ წამოიწყეს.
„ჩემი გვარის 20% ოკუპირებულია“, - ასეთია მათი გზავნილი. პარლამენტში ამ ინიციატივის დასარეგისტრირებლად ისინი 25 ათასი ხელმოწერის შეგროვებას ცდილობენ, ამ გზით საკუთარი გვარებიდან რუსული დაბოლოების ჩამოშორებას გეგმავენ. ამრიგად, გვარი მამედოვი უნდა გახდეს ისევ მამედლი, სადიკოვი-სადიკ, კასიმოვი-კასიმოღლუ, ისმაილოვი-ისმაილ, ალიევი-ალისოი და ა.შ.
აზერბაიჯანელი ახალგაზრდების თქმით, რუსეთის იმპერიის დროს მოხდა მათი გვარების ოკუპირება. არადა, „ოვი“ და „ევი“ მათი გვარების ავთენტური დაბოლოება არ არის. იმდენად დიდია საკუთარ ფესვებთან დაბრუნების სურვილი, რომ აზერბაიჯანელებმა ფეისბუკში გვარები შეიცვალეს, მაგრამ პასპორტში გვარები ისევ რუსული დაბოლოებით უწერიათ.
აზერბაიჯანელები იმასაც ამბობენ, რომ ისინი არ არიან ეთნიკურად რუსები - მათი გვარები ჯერ რუსეთის იმპერიის დროს შეიცვალა, შემდეგ ამ პროცესმა ტოტალური ხასიათი გასაბჭოების შემდეგ მიიღო. უფრო მეტიც, საბჭოთა პერიოდში კავკასიაში ასიმილაციის შედეგად ბევრმა ეთნიკურმა ჯგუფმა გვარი შეიცვალა. ამრიგად, აზერბაიჯანელების აზრით, რუსეთის მიერ მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაცია არ მომხდარა, არამედ მოხდა გვარების ოკუპაციაც.
აზერბაიჯანელების მიერ ისტორიული გვარების დაბრუნების საკითხს გამოეხმაურნენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები, რომელთა აზრითაც, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს აქვთ საკუთარ ფესვებთან დაბრუნების უფლება, მაგრამ მათ, ასევე, ხმა უნდა ამოიღონ, როცა საინგილოში ქართული გვარების იძულებით გადაკეთება რატომღაც ადამიანის უფლების ხელყოფად არ ითვლება, რომ არაფერი ვთქვათ ინგილოებისთვის ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე.
აზერბაიჯანელების სურვილი ერთია, მაგრამ მეორეა გვარების გადაკეთების ბოროტად გამოყენების ფაქტები, რასაც ეთნიკური უმცირესობები ხშირად მიმართავენ საქართველოში. ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში არაქართველების უფლებები არ ირღვევა და სულაც არ არის საჭიროება ისინი ვითომც ბაგრატიონებად, დადიანებად, დადეშქელიანებად მოგვევლინონ, რადგან მათი ლტოლვა ძირითადად თავადაზნაურული გვარებისადმია. თუმცა არც სხვა ქართული გვარების მიღებაზე ამბობენ უარს.
რამდენად სწორია გვარების გადაკეთების პრაქტიკა?
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ საკითხს სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. თუკი ადამიანებს უნდათ ძველი გვარების დაბრუნება, მათ უნდა მიეცეთ ამის შესაძლებლობა. თუმცა ახლა ძალიან ძნელია ყველა გვარის ფესვების დადგენა, ისტორიულად მართლა ასე იყო თუ არა, რასაც თვითონ ამბობენ.
„ყოველ შემთხვევაში, თუ ეს არ არის ძალიან გამორჩეული, ქართული თავადაზნაურული გვარი, შესაძლებელია ასეთი გვარების მიღება. ქართულ თავადაზნაურულ გვარებზე კი არ უნდა იყოს არანაირი პრეტენზია, რომელიც საქართველოს ელიტა იყო. თავიდანვე უნდა აღიკვეთოს ასეთი გვარების თითქოსდა „აღდგენა“. ზოგადად, ვთვლი, რომ ეს პროცესი საქართველოსთვის საზიანო არ უნდა იყოს. ადამიანი ცდილობს, თავის ფესვებს დაუბრუნდეს. უბრალოდ, სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოხდეს დიდი დაშორება სინამდვილესა და არარეალურს შორის. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გვარის შეცვლის მოსურნე ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში თუ არა, ხშირად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას წინაპრებთან დაკავშირებით. ყველაზე ცუდია, რომ ძალიან სწრაფად ხდება ამის დამტკიცება სხვადასხვა ინსტანციის მიერ“, - აღნიშნა ვაჟა კიკნაძემ, რომლის აზრითაც, ვერ ავუკრძალავთ ადამიანს სხვა გვარის მიღებას და შეიძლება ამან უკუპროცესიც გამოიწვიოს.
რაც შეეხება გარდაბანში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომელთაც სურთ თათრული გვარის დაბრუნება, ვაჟა კიკნაძე აცხადებს, რომ ერთი მისი სტუდენტიც გამოდის ამ მოთხოვნით, რადგან ისინი „ოვ“ დაბოლოების მქონე და რუსული ფორმით გადაკეთებულ გვარებზე უარს ამბობენ, თავიანთ ისტორიულ გვარებს ითხოვენ.
„საქართველოში მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, არც „ოვ“, არც სხვა დაბოლოებით. თუმცა არა მგონია, წინაპრებისკენ მიბრუნება ცუდი იყოს“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველას აქვს უფლება, რა გვარიც უნდა, ის ატაროს. მთავარია, ამის გამო სხვისი უფლებები არ დაირღვეს. ანალიტიკოსის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გვარად აიღოს ბაგრატიონი, მაგრამ ამ გვართან ისტორიული კავშირი რაღაცით უნდა დაასაბუთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ გვარის უფლება ირღვევა და შეუძლია, რომელიმე ბაგრატიონმა უთხრას, რომ ის არ არის ბაგრატიონი, ამას სამართლებრივი დავაც შეიძლება მოჰყვეს.
„შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, საქართველოში არავის ვდევნით და რა საჭიროა გვარების შეცვლა? თუმცა ეს არის ადაპტაციის და ინტეგრაციის ერთ-ერთი ფორმა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ცალსახად ნეგატიურია. ჩემი აზრით, ურაპატრიოტულია ის, რომ ჩაიწეროს ეროვნება პირადობის მოწმობაში, რადგან არავითარი განსხვავება ეროვნების მიხედვით ეთნიკურად ქართველებსა და არაქართველებს შორის არ არსებობს. მე არ მესმის, რას მოიტანს ამის ჩაწერა, გარდა იმისა, რომ ეს გახდება დაპირისპირების მომტანი და მაპროვოცირებელი. თუ გვარის დაბრუნება უნდათ, დაიბრუნონ, ოღონდ სხვისი უფლება ამით არ შელახონ“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.
მაგრამ ასე მარტივად და უპირობოდ არ უნდა დავთამხმდეთ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქე აზერებს: უნდა შევახსენოთ, რომ მათაც ჰყავთ ქართული ეთნიკური უმცირესობა საინგილოში , რომელთაც შვილისათვის ქართული სახელის დარქმევასაც კი უკრძალავთ ადგილობრივი ხელისუფლება!
ამიტომ შევთანხმდეთ - როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ - ორმხრივ სასარგებლო გადაწყვეტილებაზე: ამათ დაიბრუნონ თავისი ნამდვილი გვარები, ხოლო საინგილოში მცხოვრებ ქართველებს მოეხსნათ ყოველგვარი დისკრიმინაცია ეთნიკური უმრავლესობის მხრიდან, რასაც, აგერ, ასი წელია უკვე, განიცდიან! - ამ მიმართულებით თვითონ იმუშაონ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან!
იახში?
გვარის და სახელის უკან სწორედ ეროვნება დგას და სწორედ ის არის ადამიანის იდენტობის მთავარი ნიშანი. გვარი სწორედ ეროვნებაზე რომ მეტყველებდეს ამისთვის უნდათ გარუსულებული გვარების გადაკეთება იმ აზერბაიჯანელებს.
ნაწილობრივ მაინც დავეთანხმები ბატონ ზარდიაშვილს, ვისაც თავისი ეროვნების გამხელა არ უნდა, მათ შეუძლიათ არ ჩააწერინონ. ბევრი მინახავს, სიტუაციის მიხედვით, საკუთარ ეროვნებას რომ მალავდა. ვისაც თავისი ეროვნება ეთაკილება არ ჩაიწეროს და მორჩა. მათთვის პირადობის ნომერიც საკმარისია.
თუ რუსებმა აიძულეს გვარების გადარუსულება?
ერთი ქართველ თავადებს აიძულეს და მეორე ამათ.
დაბრუნება კი არა, აგერ სომხები საერთოდ სხვა, ქართულ გვარებს იღებენ და არავინ არაფერს არ ეუბნებათ.
რაღა ახლა, არჩევნების წინ გახდა ეს საკითხი ასეთი მწვავე?
წავიდნენ საჯარო რეესტრში და რაც უნდათ, ის დაირქვან.