დიცელებმა ინდოელებს სანერგედ გამზადებული მიწები გადაუსწორეს(VIDEO)

დიცელებმა ინდოელებს სანერგედ გამზადებული მიწები გადაუსწორეს(VIDEO)

4 აპრილს, გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობამ ინდოელებს ვაშლის გაშენებაში ხელი შეუშალა. მესაკუთრეები 140 ჰექტარ მიწის ფართობზე ნერგების დარგვას აპირებდნენ, თუმცა ამოთხრილი მიწები ადგილობრივებმა გადაასწორეს. ადგილზე რაიონის ხელმძღვანელობა და პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ. დიცელები უკან დახევას არ აპირებენ.

ტირძნისის შს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ქმედების გაგრძელების შემთხვევაში, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

საქმე იმაშია, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს დიცის სარეზერვო მიწის ფართობები შპს ,,მადლის” დირექტორმა ელგუჯა ახობაძემ იყიდა. 4 დღეში ახობაძემ მიწის ფართობი ინდოელებს მიჰყიდა. ელგუჯა ახობაძე აცხადებს, რომ ეს მიწები თავადაც სხვისგან იყიდა:

,,მე ეს მიწები შევიძინე კერძო პირისგან, შემდეგ მივყიდე ინდოელებს ყოველგვარი კანონის დაცვით.” – გვითხრა ახობაძემ.

აქციის მიმდინარეობის დროს ტირძნისის პოლიციის უფროსი და ინდოელი ინვესტორებიც მივიდნენ. მესაკუთრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ ეს მიწები სრულიად კანონიერად შეიძინეს და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც წარადგინეს. იგივეს ამბობს პოლიციის უფროსი, ის მოსახლეობა დაშლისკენ მოუწოდებდა. ამ მოწოდებამ მოსხლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ,,ჩვენ აქედან დაშლას არ ვაპირებთ, რას გვიზამთ? მთელ სოფელს დაგვიჭერთო?” – ეუბნებოდნენ პოლიციის უფროსს. ,,თუ დასაჭერები იქნებით სულ ყველას დაგიჭერთ.” – უთხრა პოლიციის უფროსმა.

სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე და სოფლის მეურენეობის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ხიდაშელიც მივიდნენ.

პაპუნა კობერიძის განცხადებით, სამართებლივად ამ მიწის მესაკუთრედ ინდოელები ითვლებიან, ხოლო მათ არანაირი უფლება აქვთ გაიყვანონ. ,,არსებობს სხვა სამართებლივი საშუალებები და მოსახლეობას შეუძლია ეს გასაჩივროს და პროკურატურაში შეიტანონ განცხადება.” – განაცხადა კობერიძემ.

როგორც გიორგი ხიდაშელი ამობობს ,მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით ეს მიწა 28 ნოემბერს აქვს შეძენილი გუჯა ახობაძეს და 4 დეკემბერს აქვს გასხვისებული ამ ინდოელ ინვესტორებზე. აქ სხვა რაღაც ხდება საეჭვო და სხვა კომპეტენტური პირების ჩარევაა საჭირო ამ საკითხის უკეთ გამოსაძიებლად.” – აცხადებს ხიდაშელი.