ამერიკელი მეცნიერები ათასობით წლის წინ გადაშენებული მამონტების გაცოცხლებას აპირებენ

ამერიკელი მეცნიერები ათასობით წლის წინ გადაშენებული მამონტების გაცოცხლებას აპირებენ

ამერიკელმა მეცნიერებმა 10 ათასი წლის წინ გადაშენებული მამონტების პოპულაციის აღდგენის გეგმის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს კომპანია Colossal-ი და გიგანტური ცხოველების გასაცოცხლებლად გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებისა და მამონტების გაყინული ნეშტებიდან გამოყოფილი დნმ-ის ნიმუშების გამოყენებას აპირებენ. კომპანიამ პროექტის განვითარებისთვის სპონსორებისგან პირველი ფინანსური ტრანშიც მიიღო, რომელიც 15 მილიონ დოლარს შეადგენს.

გადაშენებული ცხოველების გაცოცხლება ორი მეთოდით შეიძლება: კლონირებით ან გენური ინჟინერიით. პირველ შემთხვევაში ცხოველის დნმ-ი დონორის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში შეჰყავთ და სუროგატ დედას უსვამენ. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ხანგრძლივი გაყინვის გამო მამონტების ნეშტებიდან გამოყოფილი დნმ-ი დაზიანებულია.

უფრო სავარაუდო მეორე ვარიანტია - ე.წ. გენომების მიმართული რედაქტირება, რომელიც მამონტის სპეციფიკური გენების მისი უახლოესი ნათესავის - აზიური სპილოს გენომში ჩართვას ითვალისწინებს. შემდეგ კი მოდიფიცირებულ გენომს სპილოს განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში ამატებენ და სუროგატ დედას უსვამენ. თეორიულად, ამის შემდეგ მამონტისა და სპილოს ჰიბრიდი უნდა გაჩნდეს.

მეცნიერები მამონტების ციმბირში ჩასახლებას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ გაცოცხლებული ცხოველები ეკოლოგიური ბალანსის აღდგენას შეუწყობენ ხელს. თუმცა, მათ გეგმას კრიტიკოსებიც ჰყავთ. ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ წარმატების შემთხვევაში Colossal-ი ეთიკური კითხვების წინაშე დადგება: რამდენად ჰუმანურია შექმნა ცხოველი, რომლის ბიოლოგიაზეც ცოტა რამ იცი? სად იცხოვრებენ მამონტები - ზოოპარკებში თუ ველურ ბუნებაში?

Colossal-ში კი აცხადებენ, რომ წარმატების შემთხვევაში ისინი გადაშენებისგან ფლორისა და ფაუნის ათასობით წარმომადგენლის გადარჩენას შეძლებენ.