„თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანია გასცდა იმ ჩარჩოებს, რომლებშიც უნდა მიმდინარეობდეს ორ თანაბარუფლებიან, კეთილმეზობლურად განწყობილ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. თურქეთმა ამ მოლაპარაკებებში დაიბრუნდა იმპერიული ტონი და საქართველოს სახელმწიფოზე ზეწოლას, შანტაჟს და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ახორციელებს“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ უკვე დიდი ხანია თურქეთი სეკურალურ სახელმწიფოდ მხოლოდ ქაღალდზე რჩება, მისი ახალი ხელისუფლება აშკარად ისლამისტური სახელმწიფოების რიტორიკისკენ არის მიდრეკილი და ძველი თურქ-ოსმალთა იმპერიის აღდგენას ცდილობს. ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ მეჩეთების მშენებლობა რელიგიური მოტივაციით არ არის განპირობებული და პირველი, რასაც თურქეთი ითხოვს, ეს არის აფხაზეთისთვის შეზღუდვების მოხსნა და მის აკვატორიაში თურქული გემების შეშვება. აქვე ბაღათურია აღნიშნავს, რომ თურქული გემები აფხაზეთის აკვატორიაში შედიან კიდეც (სრულიად უკანონოდ) და ვაჭრობას ეწევიან, ანუ მუდმივად არღვევენ კანონს ოკუპაციის შესახებ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს.
„ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ რუსეთმა და დასავლეთმა მოგვცეს უფლება, მხოლოდ რუსეთზე ვილაპარაკოთ, როგორც დამპყრობელზე და ამაზე ვატლიკინოთ ენა, ხოლო დანარჩენ სახელმწიფოებზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ. გარდა ამისა, თურქეთი ითხოვს საქართველოში წარსულში მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ოსმალური ნაკვალევის ხელოვნურად შექმნას. ეს მას სჭირდება იმ პროპაგანდისტული რიტორიკისთვის, რომ, თითქოს, საქართველოს ძირძველი მიწები, აჭარა, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი წარსულში მათი სახელმწიფო იყო და თითქოს, ჩვენ მათ ეს ტერიტორიები წავართვით. სწორედ ამას ასწავლიან ისინი საქართველოდან წაყვანილ ბავშვებს, რომლებსაც მედრესებში აძლევენ განათლებას“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
მისი თქმით, სამარხცვინოა ასეთი რამ იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ნატოს წევრია და ევროკავშირის წევრობის პრეტენზია აქვს. ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ აჭარაში მოსახლეობის 80%-ზე მეტი მართლმადიდებლი ქრისტიანია და იქ სულ 45 ტაძარია. ამ დროს კი მოსახლეობის 20%-ზე ნაკლები მუსლიმისთვის აჭარაში 200-ზე მეტი მეჩეთი დგას. აქვე იგი დასძენს, რომ ყველა მეჩეთი თურქების აშენებულია, თითოეულთან არის მედრესი დაარსებული, სადაც ბავშვებს ასწავლიან, რომ თავის დროზე, აჭარა თურქეთს საქართველომ წაართვა და, რომ ეს თურქული მიწაა.
ბაღათურიას თქმით, ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. იგი ამბობს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დავითოღლუ არის ამ იდეოლოგიის მამამთავარი, რასაც დიდი თურანის სახელმწიფოს აღდგენის იდეა ჰქვია.
„დავითოღლუ აცხადებს, რომ 110 წლის წინ აჭარა თურქეთის შემადგელობაში შედიოდა ისევე, როგორც ბენღაზი, იემენი და სირია და თურქები სირიის საქმეებშიც აშკარად ერევიან და იქ საომარ მოქმედებებში მათი ფულია ჩადებული, რითაც სირიაში დესტაბლიზაციას იწვევენ. სირიაში პირდაპირ ჩანს, როგორ იყენებს რელიგიურ მომენტს თურქეთი პოლიტიკური სპეკულაციისთვის. სწორედ რელიგიური მომენტის გამოყენებით დაიწყო თურქეთმა არეულობის პროვოცირება სირიაში. ამისთვის მან გამოიყენა ის ფაქტი, რომ იქ დიქტატორული და ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი რეჟიმია და დღეს სირიაში სამოქალაქო ომს იარაღით თურქეთი ამარაგებს. სწორედ ასეთის მომზადებისკენ მიდის თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე. მიმაჩნია, რომ სირცხვილია, ქართველი პოლიტიკოსები ამაზე ხმას რომ არ იღებენ და ენის მოჩლექვით ელაპარაკებიან იმ ხალხს, რომლებმაც ჩვენს მიწაზე ძალიან ბევრი ქართული სისხლი დაღვარეს“, - ამბობს ბაღათურია.
იგი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას და დასავლეთს (რომლის ნაწილიც, ბაღათურიას თქმით, ჩვენ ვართ), ნუ ჩაგრავენ საქართველოს იმის გამო, რომ ის პატარა სახელმწიფოა და დღეს სუსტია, რადგან მოღალატე ხელისუფლება ჰყავდა. ბაღათურია ამბობს, რომ მის პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაცია (რომელიც არასამთავრობო სექტორთანაც გაიმართება) და „ქართული დასი“ აპირებს მოითხოვს რეფერენდუმი იმის შესახებ, არის თუ არა საჭირო საქართველოში მეჩეთების მშენებლობა. ჯონდი ბაღათურიას თქმით, მეჩეთების მშენებლობის პროცესში თურქეთი ცდილობს ოსმალური კვალის შექმნას, რათა მომავალში თქვას, რომ ეს მისი ტერიტორია იყო, რადგან აქ თურქული ნაკვალევია.
„ქართული დასის“ ლიდერი აცხადებს, რომ 110 წლის წინ საქართველოში სულ ორი მეჩეთი იყო, ერთი თბილისში და მეორე აჭარაში და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ თურქეთი ვერ ბედავდა საქართველოს ტერიტორიაზე მეჩეთის აშენებას, რადგან იცოდა, რომ თუ ქართველები უკმაყოფილოები იქნებოდნენ, ისინი ჯანყდებოდნენ.
ბატონო ჯონდი, უკანასკნელ დღეებში აქტუალურია რაბათის ციხის თემა და ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- მინდა გითხრათ, რომ რაბათის ციხე არ არის თურქების აშენებული. ის არის ახმედფაშა ჯაყელის აშენებული, რომელიც იყო ქართველი მუსლიმი და შემდეგ ის თურქებმა სიკვდილით დასაჯეს. ეს ადამიანი იყო ქართველი და საქართველოში თურქეთის ბატონობას არ ემხრობოდა. ჯაყელები, აბაშიძეები და თავდგირიძეები მუდმივად ებრძოდნენ თურქეთის ბატონობას. მინდა აჭარის მუსლიმ ქართველობას შევახსენო, როგორ მოხდა მათი წინაპრების გამუსლიმანება. ეს მოხდა სასტიკი სისხლისღვრით. არც ერთ დამპყრობელს არ გამოუჩენია ისეთი სისასტიკე, თვით სპარსეთსაც კი, როგორსაც ოსმალოები იჩენდნენ. აჭარელი მუსლიმები დააკვირდნენ და თავიანთი გულუბრყვილო, გულწრფელი რელიგიური გრძნობების გამო აჭარის ტერიტორიაზე ხელი არ შეუწყონ იმ სახელმწიფოს ბატონობის კვლავ აღდგენას, რომელმაც გაანადგურა და გაჟუჟა მათი წინაპრები და რომელმაც აიძულა მათი ბებიები და ბაბუები, დაეტოვებინათ მათი მამაპაპისეული რელიგია და მუსულმანობა მიეღოთ.
რა თქმა უნდა, აჭარის მკვიდრ მუსლიმ ქართველებს უფლება აქვთ თავიანთი რელიგიური გრძნობები ჰქონდეთ, ისინი ჩვენი ძმები არიან და მათი რწმენის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იქნება, მაგრამ ხელს ნუ შეუწყობენ თურქეთის ბატონობას. სხვათაშორის, აჭარის მუსლიმი მოსახლეობა ამას აცნობიერებს. მე წარმოშობით ბათუმიდან ვარ, სადაც ძალიან ბევრი, როგორც მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმი მეგობარი და ახლობელი მყავს. ესენი არიან საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტები, რადგან ამ ხალხმა ყველაზე კარგად ნახა ის ტკივილი, რაც შეიძლება დამპყრობელს მოჰქონდეს და ამ მხრივ განსაკუთრებულად სასტიკები თურქები იყვნენ.
ბატონო ჯონდი, თურქეთი აჭარაში აზიზიეს მეჩეთის აშენებას ითხოვს. აზიზიე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სულთანი იყო და რატომ მაინცდამაინც მისი სახელობის მეჩეთის აშენება სურთ თურქებს?
- როდესაც საქართველოში შემოვიდნენ, თურქებმა ააშენეს აზიზიეს მეჩეთი, რომელიც ხისგან იყო აგებული. მათ ის აწუხებთ, რომ საქართველოში არ არის თურქული კვალი. ქართველები მათ თურქული კულტურის ძეგლებს არ აშენებინებდნენ. ახლა სურთ, ძველი რიცხვით შექმნან კულტურის ძეგლები, რათა შემდეგ თქვან, რომ აქ ეს ადრე იყო. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო ქართველი პოლიტიკოსებისთვის ერთი ძალიან სამარცხვინო ფაქტი, კერძოდ, წინა ხელისუფლება იტყუებოდა და ახლა აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი მოგვარებული არ იყო. საქმე ეხება ქართული კულტურის ორ უდიდებულეს ძეგლს, პარხალსა და ოთხთას მონასტერს, რომლებსაც თურქები ძირავენ. ეს არის ულამაზესი და უდიდესი ქართული კულტურის ძეგლები. თურქები კი აპირებენ, რომ რაღაც კაშხალი ააშენონ და შესაძლოა, ეს ძეგლები უბრალოდ დაიძიროს. წარმოიდგინეთ, საქართველოს ტერიტორიაზე ორი მეჩეთი რომ ჩავძიროთ. უდიდეს პატივს ვცემ მეზობელ სახელმწიფოს, თურქ ხალხს, მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდა, მაგრამ ეს არის ბარბაროსობა და ბარბაროს ხალხთან ენის მოჩლექვით ლაპარაკი არ შეიძლება. ხაზს ვუსვამ იმასაც, რომ მე თურქ ხალხთან არ მაქვს პრეტენზია. ჩემი კრიტიკა თურქეთის ახალი ხელისუფლების იმ ნაწილს ეხება, რომლის იდეოლოგიც არის დავითოღლუ.
თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან მიმართებაში არაადეკვატურად იქცევა?
- დიახ, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად და თურქეთის ხელისუფლების ქმედებების არათანაზომიერად იქცევა. ოსმალთა იმპერია ვეღარ აღდგება, ეს სრული ქიმერაა, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება ფხიზლად არ იქნება, ჩვენ შეიძლება რაღაც ტერიტორიები დავკარგოთ. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს აჭარასთან და შემიძლია გითხრათ, რომ აჭარა ფაქტობრივად გმინავს. განსაკუთრებით აჭარის მუსლიმი ქართველები არიან შეშფოთებულები იქ თურქების გააქტიურებით. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური ექსპანსია. არც ერთ წესიერ თურქ ინვესტორს არ ეძლევა საშუალება, რომ აჭარაში ფაბრიკა ან ქარხანა ააშენოს. ძირითადად შემოდიან კრიმინალები, რომლებიც ტრეფიკინგით არიან დაკავებულები. აჭარაში თურქებისა და ქართველების მონაწილეობით ჩამოყალიბებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი. თურქები ორგანიზებას უწევენ შუა აზიიდან საქართველოში ქალების იმპორტს და მართალია ისინი შრომით ექსპლოატაციასაც ეწევიან, მაგრამ ძირითადად ეს არის სექსუალური ექსპლოატაცია. ქართველები კი ამ ბიზნესს „კრიშავენ“. სხვათაშორის, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აჭარის პოლიცია ძალიან გააქტიურდა თელიას მეთაურობით და მან მნიშვნელოვნად შეავიწროვა ტრეფიკინგის ბიზნესი, რომლითაც ადრე აჭარის სახელისუფლო სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ დაკავებულები. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აჭარის ტერიტორიას ამ სამარცხვინო ბიზნესისგან გავწმენდთ.
თქვენ საქართველოს ტერიტორიების შესაძლო დაკარგვაზე საუბრობთ. რომელ ტერიტორიებს ემუქრება ეს საფრთხე?
- თურქები ემუქრებიან აჭარას და ახლა უკვე აფხაზეთზეც სერიოზულად მუშაობენ. არ ვიცი ქართულ სპეც-სამსახურებს სძინავთ, თუ ინფორმირებულები არიან ამის შესახებ, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები სერიოზულად არიან შეშფოთებულები და ასე ვთქვათ, ეჭვიანობენ აფხაზების თურქეთის მიმართულებით მზერაზე. აფხაზებმა ძალიან სერიოზულად დაიწყეს თურქეთისკენ ყურება და თურქეთიც მათ თავისკენ მიმხრობაზე აქტიურად მუშაობს.
საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
- საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, შიდა პრობლემები უნდა მოაგვაროს და შიდა ინტრიგები დაძლიოს. თელიას შემთხვევა სხვა არაფერია, თუ არა შიდა ინტრიგების ნათელი მაგალითი. მიმაჩნია, რომ იგი შეცდა, თუ ვინმეს სიგარეტის ნამწვი ესროლა, მაგრამ აქამდე ამის მიყვანის უკან ერთ-ერთი სახელისუფლო ჯგუფი დგას და ყველამ ვიცით, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ებრძვის. როდესაც არის შიდადაპირისპირებები, ხელისუფლება ყოველთვის სუსტდება და გარე ძალები ძლიერდებიან. დარწმუნებული ვარ, ახლა თელიას ყურადღება ინტრიგებზე გადაერთვება და ტრეფიკინგთან და სხვა რეალურ პრობლემებთან ბრძოლაში გაუბედავი იქნება, რადგან მოწინააღმდეგე ჰყავს, არც მეტი, არც ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ღარიბაშვილთან არის დაპირისპირებული.
კონსოლიდირების შემდეგ ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს თურქეთს, რომ მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს, მაგრამ ნუ ცდილობენ ჩვენი კულტურის ძეგლების განადგურებას, ნუ ეცდებიან საქართველოს ტერიტორიაზე თურქ-ოსმალთა დამპყრობელი იმპერიის ნაკვალევის ძველი რიცხვით შექმნას, ასევე ნუ ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლებას თავს მოახვიონ აფხაზეთისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი.