1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“. 1-დან 20 აგვისტოს ჩათვლით, ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება. მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა. სოხუმში მასიურად იწყება დევნილი მოსახლეობის დაბრუნება და მზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის.
თუმცა, 1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასიური შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. 23-ე ბრიგადის, მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურის, ჯემალ სვანიძის შეფასებით, 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია და ამ მხრივ უმძიმესია კამანის ტრაგედია. ომი მიმდნარეობდა თითქმის წელიწადი, რამდენიმე შეტევა იყო განხორციელებული, მაგრამ კამანის აღება მტერმა ვერ შეძლო.
for.ge ჯემალ სვანიძეს ესაუბრა.
29 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან. უმძიმესი თარიღია 1993 წლის 16 სექტემბერი, როდესაც სეპარატისტულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ეს არის პერიოდი, როდესაც აფხაზეთში დაბრუნებული იყო მშვიდობიანი მოსახლეობა და ამავე დროს 27 ივლისის შეთანხმების საფუძველზე, სამხედროები განიარაღებული იყვნენ და ამ ფონზე აფხაზურმა მხარემ განაახლა ცეცხლი, რასაც მოჰყვა 27 სექტემბერი. 29 წლის შემდეგ შეგიძლიათ გაიხსენოთ რა მოხდა რეალურად 16 სექტემბერს დილის 05:00-ზე, როდესაც კოდორის მხრიდან განახლდა საბრძოლო მოქმედებები?
ჯემალ სვანიძე: შევთანხმდეთ, რომ ეს არ იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მაშინ რუსეთი ფარულად მოქმედებდა და ღიად აგრესია 2008 წელს გამოხატა. 1992-93 წლებში ფარულად მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ომი. ამ ომში რუსეთი ჩართული იყო თავისი სამხედრო ტექნიკით და სამხედროებით. 16 სექტემბერი და შემდეგ უკვე 27 სექტემბერი გამოიწვია 27 ივლისის ტრაგიკულმა ხელშეკრულებამ, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დადო - ფაქტობრივად, მოღალატეობრივი ხელშეკრულება, რის შედეგადაც მოხდა საქართველოს საჯარისო ფორმირებების გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან, სამხედროების განიარაღება. ამ ხელშეკრულებით ჩვენი პოზიციების სრული მოშლა მოხდა, რომელიც თითქმის წელიწადი გვეკავა და მტერი ვერ შემოდიოდა, ვერ იღებდა ქალაქ სოხუმს. მარტის შემდგომი ოპერაციებიც ჩაიშალა, რადგან შეტევის ოპერაციებს დიდი ძალა უნდა. მარტო არტილერიამ, ავიაციამ და ტექნიკამ ვერ უშველა, რადგან ირგვლივ მთებია და ამიტომ ცოცხალი ძალა სჭიროდებოდათ.
მათი ეს ცოცხალი ძალა ჯერ მარტში განადგურდა და შემდგომ ივლისში. მოგეხსენებათ, რომ ომი უამრავ რესურსს მოითხოვდა. რუსეთს ჰქონდა ეს რესურსი, მაგრამ შიგნით უჭირდათ, ვინაიდან დაძაბულობა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში და საერთოდ, მაშინ რუსეთი არ იყო ისეთი მძლავრი, როგორც ახლა პუტინის რუსეთია. ამიტომ, სამწუხაროდ, მოხდა გარიგება საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და რუსეთს შორის, რომ სოხუმი უნდა დაეთმოთ.
1-20 აგვისტოს მონაკვეთში ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება და მხოლოდ გუმისთის თავზე დატოვა 2 სამეთვალყურეო პუნქტი. პარალელურად, დაიწყო ბატალიონის დაშლა და ფოთის მიმართულებით გაიყვანეს მძიმე ტექნიკა. აფხაზეთის განიარაღება - ესეც გარიგების ნაწილი იყო?
- მარტო ბატალიონი არა, მთლიანად დაიშალა 23-ე ბრიგადა, რომელშიც შედიოდა 8 ბატალიონი, 10 სამსახური, საარტილერიო, საზენიტო დივიზიონი და სატანკო ნაწილი. ჩვენი 23-ე ბრიგადა, რომელიც ადგილობრივებისგან იყო დაკომპექტებული, ყველანაირად უძლიერესად ჩამოყალიბდა. დისციპლინაც გვქონდა და ფაქტიურად ჩამოვყალიბდით უძლიერეს ბრიგადად. რუსეთის არმიას და ჩრდილოეთ გადამთიელებს რომ ეომები, ეს ცოტა არ არის. აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა და პარალელურად, სკამის გამო სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული საქართველოში.
ყველანაირ რესურსს ვიყენებდით, რომ არა მხოლოდ შეგვენარჩუნებინა, არამედ გადავსულიყავით შეტევაზე, რომ დაგვემთავრებინა ეს ომი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვენდობოდით ამ ხელშეკრულებას. როცა მეუბნებოდნენ ომი დამთავრდაო - ვპასუხობდი: „ომი არ დამთავრებულა, მტერი აგერ ყურის ძირშია, არც სახლში წასულა, პირიქით, იარაღდებიან“. სამწუხაროდ, ჩვენი მხარეც მიამიტურად მიენდო 27 ივლისის ხელშეკრულებას.
ამ მიამიტობის მიზეზი ალბათ ისიც იყო, რომ ქალაქში დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, სწავლის პროცესი განახლდა, სტუდენტები დაბრუნდნენ, ხალისი დაბრუნდა ქალაქში. არ ფიქრობთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნებაც მიზანმიმართულად მოხდა?
- რა თქმა უნდა, რუსეთი დაუნდობელია, თავის დედასამშობლოს ჟლიტავს და ქართველებს დაგვინდობდა? მშვიდობიანი მოქალაქეების, ბავშვებისა და მანდილოსნების გამო არ შემოგვიტევდა? სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი მინდობილი იყო. სასწავლო პროცესი დაიწყო, მაღაზიებს ინაწილებდნენ და მშვიდობიან ცხოვრებაში ერთვებოდნენ მაშინ, როდესაც მტერი ყურისძირში იყო და არსად არ მიდიოდა.
სამწუხაროდ, ჩვენი პატარა კამანის მოსახლეობაც ვერ იყო კარგად ორგანიზებული, რაც 16 სექტემბრის შეტევამაც აჩვენა. რამდენჯერ გავაფრთხილე, რომ ქალები და ბავშვები არ შეეყვანათ, მაგრამ მოსახლეობა დაბრუნდა, ეგონათ, რომ ომი დამთავრდა. კანმანში შეტაკების დაწყებამდე შალვა ქარჩავამ გამოიყვანა ნაწილი, ბიჭები გავუშვით, რომ დარჩენილები გამოეყვანათ, მაგრამ ბიჭები ტყვედ აიყვანეს.
16 სექტემბერს ოჩამჩირის პარალეურად, დაახლოებით 11:00-ზე უკვე შრომიდან იწყება შეტევა და მთავარი იერიში მიიტანეს სოფელ კამანზე. თუმცა, სხვადასხვა ფილმში საუბარია იმაზე, რომ სტრატეგიული სიმაღლეებიდან შეუტიეს კამანს და დაიწყო სოხუმის აღებისთვის ბრძოლა...
- ასე არ არის. თომა ჩაგალეიშვილი თავის ფილმში ამბობს არასწორად, რადგან არც ერთი სტრატეგიული სიმაღლე მტერს არ აუღია. აიღეს მხოლოდ ზეგანი, მაგრამ იქიდან სოხუმი არ ჩანს. ჩვენი კამანის მთა, ბრიცხის და იაშტუხის მთა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, არ ჰქონდათ აღებული. რუსეთის გენერალურ შტაბში იყო უკრაინელი სამხედრო, მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, ეს ადამიანი გვაწვდიდა ინფორმაციებს. წინასწარ ვიცოდით, რომ შემოტევები მზადდებოდა, მომზადებული ვხვდებოდით ხოლმე.
ჩვენი ბატალიონის მეთაურმა, რეზო ასმავამ დამირეკა და მითხრა, რომ რუსები შემოტევისთვის ემზადებიან, ბიჭები გააფრთხილე და გადამამლული იარაღები აიღეთო. მივედი კამანში, გავაფრთხილე მოსახლეობა და ასევე, ღამით გამოვიტანეთ გადამალული იარაღი. სამწუხაროდ, დილით უკვე ისმოდა სროლის ხმა. რესო ასმავასგან მივიღეთ ინოფრმაცია, რომ რუსებმა კოდორის ხიდი გადაკეტეს და პირველი შეტევა იქ მიმდინარეობდა. „მეორე ალბათ ჩვენ დაგვარტყამენ. მე, ბირცხის მთაზე ავალ და თქვენ კამანის შემოსასვლელი დააკავეთ“, - მითხრა ასმავამ, რომელიც წავიდა და რამდენიმე ხანში ვნახე, რომ ზადიგორად მორბიან ბიჭები და მითხრეს, რომ კამანში შემოვიდნენ, აფაქიძე და ბიჭები ტყვედ აიყავნეს. დავიწყეთ წინააღმდეგობის გაწევა, მტერი ჩაის პლანტაციებში გაიფანტა. ჩვენმა თანამებრძოლმა გურამ ცინარიძემ მითხრა, რომ დარჩენილმა მოსახლეობამ მოასწრო ხევში გასვლა და ალბათ, ლინდავას ტყის მიმართულებიდან გამოვლენო.
კამანის აღების ამ უმძიმეს ისტორიას ჰყავს თავისი უცნობი გმირები...
- ნამდვილად ასეა. პატარა კამანს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც მტერს თავი არ დაუხარეს. ზადიგორასთან აფაქიძე და ბიჭები ტყვედ აიყვანეს, მათ შორის იყო ზაური თოდუა, რომელსაც ხელ-ფეხი შეუკრეს და აიძულებდნენ ეჩვენებინა ცუგუროვკის შემოვლითი გზა ბირცხის მიმართულებით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. წამების მიუხედავად ზაურიმ სამაგალითო თავგანწირვა გამოიჩინა და არ გასცა სამხედრო საიდუმლო, არ უღალატა თანამებრძოლებს და, მიუხედავად სასტიკი წამებისა, მტერს თავი არ დაუხარა. ხელ-ფეხ შეკრული ჩვენი გმირი ზაური ჩააგდეს „გაზ-66“-ში და წამების შედეგ გმირი ვაჟკაცი დახვრიტეს. ეს ნახა კიდევ ჩვენმა თანამებრძოლმა მურმანი მესხმა.
ბირცხაზე უნდოდათ ასვლა, რადგან ბირცხიდან უცებ გადავიდოდნენ ლინდავას, ჩამბას და თავისუფლების მიმართულებით, მაგრამ ზაურიმ არ გასცა ეს ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, რომ ზაური თოდუა დაჯილდოვებულია პირველი ხარისხის ორდენით. ზოგიერთი გენერალი მეკითხებოდა - ტყვედ ჩავარდნილები როგორ ხდებიან გმირებიო? რაზეც ვუპასუხე - გიორგი ანწუხელიძე როგორ გახადა ეროვნული გმირი-თქო? არანაკლები გმირობა აქვს ჩადენილი ზაური თოდუას, რომელმაც არ გასცა ინფორმაცია და არ აჩვენა ბირცხის გზა. მას რომ ეს გზა ეჩვენებინა, გადარჩებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთა!
არ დავასახელებ იმ პიროვნებას, რომელიც ასევე ტყვედ აიყვანეს, სამწუხაროდ, მან აიყვანა მტერი ბირცხის მთაზე. იქ დაგვიხოცეს ბატალიონის უფროსი, მეთაური და 20 მებრძოლი და აიღეს ბირცხის მთა ზუსტად იმ ადამიანის ჩვენებით. ყოფილი მეომარი იყო, მაგრამ მის სახელს და გვარს ვერ ვიტყვი. ზაური თოდუამ არნახული გმირობა ჩაიდინა და ამის შესახებ წიგნიც დაწერილა. მოვა დრო და ზაური გახდება ეროვნული გმირი. იცით, გენო ადამიას 30 წლის შემდეგ მიანიჭეს ეროვნული გმირობა.
ჩვენ იმან გადაგვარჩინა, რომ თავისუფლების შემოსასავლელთან ე.წ. ბლინდაჟი გვქონდა გათხრილი და იქ შევაფარეთ თავი, რაც შეგვეძლო გავუწიეთ წინააღმდეგობა. ეგონათ, რომ ჯარი შემოვიდა, არადა ცუგუროვკის ბიჭები ვიყავით, ნაწილი დაჭრილი გვყავდა, მაგრამ 70 კაცამდე მოვიგერით 16-17-ის შეტევა. მერე უკვე მოვიდა ცხუმიდან დამხმარე ძალა, მაგრამ 17 სექტემბერს უკვე დაკავბეული ჰქონდათ ბირცხის მთა. უკრაინის მოქალაქისგან ისევ მოვიდა ინფორმაცია, რომ 4 საათზე შეტევაზე გადმოვლენო. წარმოიდგინეთ, შევარდნაძე მტრის სასარგებლოდ მუშაობდა და ის უკრაინელი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იყო, საქართველოს სასარგებლოდ მუშაობდა.
16 სექტემბერს ძალიან ბევრი დახვრიტეს კამანში...
- ჩვენი მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც გამოსვლა ვერ შეძლო, ხევს შეაფარა თავი, მაგრამ სამწუხაროდ, ტყვედ აიყვანეს. ტყვედ აიყვანეს მურთაზ შამათავა, რომელიც ადგილზე დახვრიტეს. მისი შვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მოიძია ის ადგილი, სადაც დაასაფლავეს დახვრეტილი შამათავა. დახვრიტეს ბატონი ტარიელ ჭანტურია.
თოთო ბავშვი, 5 დღის შვილი ეკავა ხელში, რა დროსაც დახვრიტეს თენგიზ ქარდავა, მისი დახვრეტილი სხეული მეუღლემ სახლში დაასვენა და შემდეგ მიწას მიაბარა. ეს იყო უკეთილშობილესი ადამიანი, რომელსაც სამშვიდო პროცესის დროს საკვები მიჰქონდა სამშვიდობებთან. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო გამოსვლა. სადისტურად დახვრიტეს ეს ახლგაზრდა ბიჭი, ისევე როგორც ქალბატონო ზაირა ქებურია.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ტყვედ ჩავარდნილებსაც კი არ ვაწამებდით. ჩვენს რაიონში მსგავსი არ იყო. აფხაზებმა წიგნი გამოსცეს და რომ ვკითხულობ, ძირითადად საუბრობენ ოჩამჩირეში მომხდარ ძალადობაზე.
აფხაზები ხაზგასმით აღნიშნავენ „მხედრიონის“ მიერ ჩადენილ ძალადობაზე და ამით ცდილობენ გაამართლონ მათ მიერ ჩადენილი სისასტიკე...
- დიახ, მაგრამ მიდი და მაგას მოსთხოვე. ომის კანონში არ შედის მშვიდობიანი მოქალაქეების დახვრეტა, ძალადობა! მარტო აფხაზები არ აკეთებდნენ, სომხები და ჩეჩნები უარესს აკეთებედნენ. საეროდ საშინელებას აკეთებდნენ კაზაკები. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვეთ - კამანში რამდენიმე ადამიანი ტყვედ ავიყვანეთ, სამწუხაროდ, მოვიდნენ სხვები და ეს ხალხი დახვრიტეს. ჩვენ, ადგილობრივებმა მივაბარეთ მიწას და უკვე სამშვიდობო პროცესში გადავეცით ცხედრები. ჩემი ინფორმაციით, ბევრმა აფხაზმა ადამიანურად იმოქმედა და ტყვედ ჩავარდნილები გადაარჩინა, ბევრი პირიქით - არადამიანურად მოქმედებდა.
განიარეღებული აფხაზეთი ვერ ღებულობდა სამხედრო დახმარებას, რადგან უკვე სამეგრელოში მიმდინარეობდა შეტაკებები. რატომ ვერ მოდიოდა სამხედრო დახმარება, რამაც წელში გადატეხა აფხაზეთი, რომელიც დღემდე ოკუპირებულია?
- ქრონოლოგიურად რომ გავაგრძელოთ, 18 სექტემბერს თავისუფლების აღება ჰქონდათ გეგმაში. ტანკსაწინააღმდეგო სისტემა დავაყენეთ გზაზე და კობა ქირიას წყალობით გავანადგურეთ მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა და უკან გაიქცნენ.
მოვიდა გია ყარყარაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კობა ქირიას, რადგან სწორედ მისი ვაჟკაცობით დაიხია რუსეთმა უკან. მაშინ დაიღუპნენ რუსები და ჩრდილოკავკასიელები, მათ ჰქონდათ რუკა და ასევე გეგმა, რომ 19-ში უნდა აეღოთ სოხუმი. არ ელოდნენ, რომ მოუწევდათ უკან დახევა. ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა სხვა მიმართულებით, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სოხუმში შესვლა არ დაგვეშვა.
ყარყარაშვილმა გვითხრა, რომ დამხმარე ძალა, 5 ათასი კაცი და ტექნიკა შემოვაო. გვითხრა, რომ ქობალიაც შეუერთდა. პატარა პრობლემა არის კოდორთან, მაგრამ გადმოვლენ და გავდივართ ბოლომდე, ანუ ფსოუმდეო. დილით მოვა დამხმარე ძალა, როგორც მხედრიონი, ასევე ზვიადისტებიც. ვიფიქრეთ, რომ გვეშველა, მაგრამ „მხედრიონელები“ და ზვიადისტები ერთმანეთს არ ენდობოდნენ. დამხმარე ძალა იმედი იყო ჩვენთვის.
გია ყარყარაშვილმა მითხრა, რომ მე წავალ და იქიდან წამოვუძღვებიო და წავიდა. ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდა „მხედრიონს“ და გამსახურდიას მებრძოლებს, წინ წასვლის ნაცვლად, უკან დაიხიეს. სამწუხაროდ, 20-21 სექტემბრის შემდეგ არავინ დამხმარე არ მოსულა.
რომ არა სამოქალაქო ომი, ისევ ზვიადისტების და „მხედრიონის“ დაპირისპირება, დადგებოდა 27 სექტემბერი?
- შევარდნაძემ და გამსახურდიამ თავის სკამს გადააყოლეს აფხაზეთი. ეს არის ჩემი დასკვნა. ბოლომდე იბრძოდა გია ყარყარაშვილი. შევარდნაძე ჯერ მოუწოდებდა ხალხს, რომ ჩამოდით და დავიცვათ აფხაზეთიო, მაგრამ 27 სექტემბერს ჩაჯდა რუსების თვითმფრინაში და გამოიქცა თბილისში. არც ჯაბა იოსელიანი არ გაქცეულა, მაგრამ ავტორიტეტი დაკარგული ჰქონდა. მთავარსარდალი, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის, ის არის მოღალატე.
16-დან 27 სექტემბრამდე იყო მასიური განადგურება. არ იყო რესურსი, რომ დაჭრილები ჩაენაცვლებინათ, თორემ ბრძოლას კიდევ გააგრძელებდა ხალხი. როგორც გითხარით, ჩვენ ავტომატებით გავაქციეთ მტერი და ფაქტიურად შეტევაზე წავედით, რომ დაგვებრუნებინა ხეობა. მთაგორიან ადგილებში ომი ძნელია, ტექნიკას ვერ გამოიყენებ. ასეთ ადგილზე ომი დამცავისთვის იოლია, შემტევისთვის კი, ძნელია. იმიტომაც განგვაიარაღეს და გამოგვიყვანეს. წარმოიდგინეთ, ჩვენი კამანი, ერთიბეწო სოფილი იყო და ვერ დაიკავეს. შრომის ასაღებად ერთი თვე მიდიოდა ბრძოლა და ვერც ერთი სიმაღლე ვერ აიღეს. ეს ომი ძალით წაგვგებინა შევარდნაძის მოღალატეობრივმა მთავრობამ.
...ვინც ნახა, ემახსოვრება: ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან სულაძაღლებული შევარდნაძე და ერთ-ერთ ინტერვიუში დაწვრილებით მოყვა, წამოსვლამე, ვიზიტი რომ ჰქონდა კრემლში და რომ მოილაპარაკეს ჩვენი ზღვისპირა კურორტებთან დაკავშირებით... ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ მისთვის მხარდაჭერის ფასად უთმობდა ამ მხარეს რუსეთს. (შავ-თეთრი და უხარისხო მასალა იყო, რაღაც სამოყვარულო აპარატით გადაღებული, მაგრამ საუბარი ნორმალურად ისმოდა).
აღშფოთებისაგან კინაღამ ტელევიზორი დავამტვრიე! - ეს ვინ აგდია, რა სტატუსით დაპირდა მოსკოვს ჩვენს კურორტებს-მეთქი!..
წესით, არ უნდა მოსვლოდა ასეთი იაღლიში "დიდ პოლიტიკოსს", არ უნდა მოეყოლა... რადგან მისი შემდგომი მოქმედებები უკვე გაშიფრული იყო ამ ინტერვიუში...
მეტი აღარ გაჭაჭანებულა ეს მასალა ეთერში. დიდი ალბათობით, განადგურებული იქნება, ავტორმა თუ არ შეინახა.
ამ ჩვენი გმირი მებრძოლის მონათხრობი, რომ შევარდნაძის ღალატით დავკარგეთ აფხაზეთი, ზუსტად ჯდება კრემლში შევარდნაძის ხსენებული ვიზიტის კონტექსტში.
იქითაც ღალატი, აქეთაც ღალატის ტოლფასი დაპირისპირება ასეთ კრიტიკულ მომენტში...
ჰოდა, "როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას."