„ზოგიერთებს ჰგონიათ, კოვიდის საწინააღმდეგოდ აცრის შემდეგ იმუნიტეტი ქვეითდებაო. არადა, იმუნიტეტი ისედაც დაქვეითებული გვაქვს ამ სიტუაციაში, როცა ადამიანს სრულყოფილი საჭმელი არ აქვს. რამდენმა ადამიანმა მიიღო ხორცი და ცილა? იმუნური სისტემა ხომ ამით იკვებება?“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი.
მეოთხე ტალღის სიმძიმეს როცა აანალიზებენ, კითხვა ჩნდება, რატომ მივედით ამ შედეგამდე. თითქმის 7-თვიანმა ჩაკეტვებმა რატომ გამოიღო ასეთი შედეგი და ამ საქმეში რა როლი ენიჭებათ ტურისტებს, რომლებმაც განსაკუთრებით აჭარაში სხვადასხვა შტამი შემოიტანეს?
- პირდაპირ გეტყვით, ვინაიდან ქვეყანაში ჩავარდა ტესტირება, ვაქცინაცია, ასეთი შედეგი გასაკვირი არ არის. დღეს კიდევ კარგ პირობებში ვიმყოფებით. უფალი გვპატრონობს. ამაზე რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას, არადა, ყველაზე უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ვაქცინაცია. დღეში გვჭირდება დაახლოებით 40 ათასი აცრილი, რომ რაღაც შედეგზე გავიდეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახლა ოქტომბრის თვეში დაიწყება სეზონური გრიპები. ამიტომ უკან დაგვრჩება კოვიდი, შეიძლება ისეთი რეაქციები გვქონდეს ამ ვირუსებისგან, რომლებიც სეზონური ვირუსებია. ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიცრან მოზრდილები და პარალელურად დავიწყოთ ბავშვებისა და მოზარდების აცრა სეზონურ გრიპებზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს. რაც მოხდა, მოხდა, ტირილი არ გვინდა ამის გამო, წესით, შავი ბაირაღები უნდა გვქონდეს გამოფენილი, დღეში 50 ადამიანი გვეღუპებოდა და 87-ზეც კი ავდიოდით. ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ, მაგრამ კიდევ დიდი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, აუცილებელია, ყველა აიცრას. ამას გეუბნებით პედიატრი, რომელმაც 50 წელი ვიმუშავე ამ პროფესიით. ამ პერიოდისთვის, ანუ 15 სექტემბრისთვის შარშან უკვე დაწყებული გვქონდა ბავშვების და მოზარდების აცრა. 15-ში რომ ვერ დავიწყებდით ბავშვების აცრას სეზონურ გრიპებზე, ეს ისედაც ჩანდა, რადგან არავინ აცრაზე არ ლაპარაკობდა. ოქტომბერში მაინც უნდა ავიცრათ, ანუ პარალელურად უნდა დაიწყოს სეზონურ გრიპებზე აცრები. თორემ ისე აირევა ერთმანეთში ყველაფერი, ვერავინ ვერაფერს ვეღარ გაარჩევს და სამწუხარო შედეგები მერე ნახეთ. ვიმეორებ, ჯერ უნდა აიცრან დიდები, რადგან კლინიკებში მოხვედრილი ბავშვების 80-90%-ში მათი დედები არ არიან აცრილნი. ჯერ დიდი აიცრას და მერე ვილაპარაკოთ ბავშვებზე.
რაც შეეხება კორონას წინააღმდეგ ბავშვთა ვაქცინაციას, ნიჰილისტური დამოკიდებულება განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით შეიმჩნევა, რადგან კორონას საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაუვლია შემოწმების პერიოდი, რაც 2024 წელს უნდა დასრულდეს, ამიტომ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ფერტილობაზე მომავალში, როცა ეს ბავშვები სრულწლოვანნი გახდებიან.
- 15 და 18 წლის ასაკი პედიატრიული ასაკიცაა და ფერტილური ასაკიც, ეს გადაფარვითია, მე თუ მკითხავენ, 15-16-17-18 წლის მოზარდები შეიძლება აიცრან, თუმცა ჯერ უნდა აიცრან დიდები, თორემ სულ აირევა ერთმანეთში ყველაფერი. თქვენ მკითხეთ, ეს ვაქცინა მომავალში გართულებებს გამოიწვევს თუ არა და როგორ იმოქმედებს ფერტილობაზე, ჩვენ ახლა ომში ვართ, 5-10 წლის მერე რა იქნება, კაცმა არ იცის, დღეს რომ ამოვწყდეთ ყველანი, რა იქნება ხვალ, ყველამ იცის. ომს აქვს თავისი წესები, ომში უნდა იბრძოლო, მეტი საბრძოლო ამ წუთას არაფერი გვაქვს, ერთადერთია ვაქცინა. ზოგი ერთს ამბობს, ზოგი მეორეს ვაქცინაციასთან მიმართებით, მაგრამ, რასაც ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, უნდა დავუჯეროთ. ეს მაინც ამხელა ორგანიზაციაა, სადაც ამდენი მეცნიერია. ამერიკა ატარებს ვაქცინაციას, სხვადასხვა ქვეყნები ატარებენ, განსჯის დრო უკვე არ გვაქვს. დიდი ქვეყნები რა რეკომენდაციებსაც იძლევიან, ბრმად არა, მაგრამ ინდივიდუალურად მაინც უნდა მივიღოთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
უცხოელი სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ოქტომბრიდან საქართველოში კოვიდით ათ ადამიანზე ნაკლები დაიღუპება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გადავლილია პიკი?
- კლება უკვე დაწყებულია და მონაცემები კიდევ უფრო დაიკლებს. ეს ტალღური მიმდინარეობაა, ადის პიკზე, მერე დაეშვება დაბლა. ყველაფერს აქვს თავისი პიკი, მეცნიერებაშიც ასეა, ექსპერიმენტებს როცა ვატარებთ, ადის პიკზე, მერე ჩამოდის. წესით, სექტემბრის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს დაბლა ეს მონაცემები, მაგრამ ცუდია ის, რომ დღესდღეობით გვყავს 400-მდე პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ეს რთული შესანარჩუნებელია, მთავარია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ახალი ავადმყოფები არ ჩაირთოს. თორემ ამ პაციენტთა ნახევარზე მეტი უმძიმეს მდგომარეობაშია და რთული გამოსაყვანი იქნება.
რაც შეეხება ე.წ. მეხუთე ტალღას, მეცნიერებს შორის აზრი იყოფა, ერთნი ფიქრობენ, შეიძლება მეხუთე ტალღა არც იყოს, მეორენი ასკვნიან, რომ ისე საშიში აღარ იქნება და მძიმე სტადიები უკვე ჩავლილია.
- ტალღებს ვინ როგორ ითვლის, მე არ ვიცი. ახლა რომელი ტალღაა, დაზუსტებით ესეც არ ვიცით, ვინ დათვალა? პიკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მესამე ტალღაა. ამიტომ ყველა უნდა აიცრას, რომ რბილად გადავიტანოთ შემდგომი ტალღები. ამიტომ ვთქვი, რომ დღეში გვჭირდება 40 ათასი აცრილი.
ხშირად ჩნდება კითხვა, ქვეითდება თუ არა იმუნიტეტი აცრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში? და, თუ ქვეითდება, ეს ნიშნავს, რომ ახლად აცრილი ადამიანი კორონას გამავრცელებელი შეიძლება იყოს?
- ეს არის ანტისხეულების გამომუშავება იმ ანტიგენებზე, რომლებიც ორგანიზმში უნდა იყოს მებრძოლ უჯრედებად. ამიტომ აცრილი ადამიანი გადამტანი არ არის. თუ დაავადდება, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება მითს, თითქოს აცრის შემდეგ იმუნიტეტი ქვეითდება, იმუნიტეტი ისედაც დაქვეითებული გვაქვს ამ სიტუაციაში, როცა ადამიანს სრულყოფილი საჭმელი და სასმელი არ აქვს. აბა, გამოვიკითხოთ, რამდენმა ადამიანმა მიირთვა ხორცი და ცილა რამდენმა მიიღო? ცილის და ხორცის გარეშე ყველას დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი. არადა, იმუნური სისტემა ამით იკვებება.
ხომ არ აჯობებდა, პირველ რიგში, იმუნიტეტისთვის მიეხედათ, მით უმეტეს, ვაქცინაციამ ბევრი დააფრთხო?
- აბა, რა გითხრათ, ეს შორს წაგვიყვანს, რთული სიტუაციაა. ვაქცინაცია იმუნიტეტს არ ასუსტებს, ვაქცინაცია გარკვეული მიმართულებისაა და, თუ ორგანიზმს რაიმე დაავადება აქვს, ეს სულ სხვა რამის ბრალია და ვაქცინაციას არ უნდა დავაბრალოთ.