კინოსამყაროს ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, კლინტ ისტვუდმა, განაცხადა, რომ ასაკი საერთოდ არ ახდენს გავლენას მისი, როგორც მსახიობისა და რეჟისორის, საქმიანობაზე.
ჰოლივუდის საკულტო ფიგურამ The Los Angeles Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ახალ ფილმზე, Cry Macho-ზე ილაპარაკა. კინოსურათი, რომლის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც ისტვუდია, წელს გამოდის.
"20 წლისას არ ვგავარ, მერე რა?!", — ამბობს 91 წლის კინოვარსკვლავი, — "ეს, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ კიდევ მეტი საინტერესო როლი გაქვს სათამაშო".
მაგალითად — Cry Macho-ის მთავარი გმირი, მაიკ მაილო, როდეოს ყოფილი ვარსკვლავი და მეცხენე. ისტვუდის თქმით, ვესტერნის ჟანრის ფილმის იდეა 1988 წელს გაუჩნდა, როცა იგი 50 წლის ასაკს გადაცილებული იყო. მაშინ იფიქრა, ამისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ამიტომ მე გადავიღებ და როლს ჩემზე უფროსი, რობერტ მიტჩემი ითამაშებსო.
თუმცა, იდეა აქამდე მხოლოდ იდეად რჩებოდა. ახლა კი, ისტვუდმა როლი, რომლისთვისაც ოდესღაც საკუთარი თავი ასაკის გამო დაიწუნა, თავადვე მოირგო.
"ყოველთვის მეგონა, რომ [ამ იდეას] დავუბრუნდებოდი და სხვა თვალით შევხედავდი. ისეთი რამ იყო, რაც კარგად უნდა გამეთავისებინა", — ამბობს იგი, — "ერთ მშვენიერ დღეს კი, უბრალოდ, ვიგრძენი, რომ სწორედ დაბრუნების დრო იყო. სახალისოა, როცა რაღაც ზუსტად შენი ტოლია, როცა შენზე უფროსად გამოჩენა არ გიწევს".
"რისთვის ვმუშაობ ჯერ კიდევ, როცა უკვე 90 წელს გადავცდი?", — უსვამს ისტვუდი კითხვას საკუთარ თავს.
"მივედი იქამდეც, რომ გავიფიქრე, იქნებ, საკმარისია-მეთქი, თუმცა, არა იმ მომენტამდე, როცა გადავწყვეტდი, რომ მართლაც ასეა".
ინტერვიუში ოსკაროსანი ვარსკვლავი ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ ფილმი HBO Max-სა და კინოთეატრებში ერთდროულად გამოვა. ეს კი, როგორც ჩანს, ბევრი რეჟისორის მსგავსად, არც ისტვუდს ეპიტნავება.
"ეს დიდად არ მომწონს", — დასძენს იგი, — "საერთოდ, როგორ გაამართლებს? ჯერ კიდევ არ ვიცი".
მართალია, ფილმი კინომანების გამოცდილებამ სახე იცვალა, განსაკუთრებით კი ბოლო წლინახევრის განმავლობაში, თუმცა, ისტვუდის თქმით, იგი საერთოდ არ შეცვლილა.
"ამაზე არასდროს მიფიქრია", — ამბობს ისტვუდი, — "თუ იგივე ვინმე არ ვიქნები, მასზე არაფრის ცოდნა აღარ მსურს. შეიძლება, ეს ვიღაც ახალი არც კი მომეწონოს. შეიძლება, ვიფიქრო, ამ იდიოტთან რას ვაკეთებ-მეთქი".