ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა

ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამის ანგარიში გააუქმა

ამერიკელმა მომღერალმა, ბრიტნი სპირსმა, ინსტაგრამზე საკუთარი ანგარიში გააუქმა. 14 სექტემბერს, მოძრაობა #FreeBritney-ის ("თავისუფლება ბრიტნის") მხარდამჭერებისათვის მადლობის გადახდის შემდეგ პოპვარსკვლავის გვერდი სოციალური მედიის პლატფორმიდან გაქრა. მოგვიანებით სპირსმა ტვიტერზე დაწერა, რომ საკუთარი ნიშნობის აღსანიშნავად, უბრალოდ, ცოტა ხნით აპირებდა სოციალური მედიისგან დასვენებას, მალე კი ისევ დაბრუნდებოდა.

მომღერალთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ სპირსმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. თავად ბრიტნიმაც აღნიშნა, რომ მომავალში უფრო იშვიათად გამოჩნდებოდა სოციალურ ქსელში.

სპირსის ბოლო პოსტი ინსტაგრამზე სტატიის, სახელად, ასწავლეთ სიყვარულით, სქრინები იყო. პოსტის აღწერაში კი მომღერალმა დაწერა:

"ეს უნდა დამეპოსტა, რათა მთელი სტატია ნახოთ. იმ სამყაროში გაზრდა, სადაც ჩემს თითქმის ყველა ქმედებას სხვა აკონტროლებდა... იმედია, ეს შეტყობინება იმ ადამიანებს მისწვდება, რომლებიც სისტემისგან მანიპულირების მსხვერპლები არიან. არა... მარტო არ ხართ და არა... შეშლილი არ ხართ! სანამ გვიანი არაა, ხალხმა ეს უნდა შეისმინოს! 13 წელი ველოდებოდი და დღეებს ვითვლიდი ჩემს თავისუფლებამდე! და ისევ... #FreeBritney-ის მხარდამჭერებო, უმაგრესები ხართ! ძალიან მიყვარხართ, ღმერთი გფარავდეთ".ბრიტნი სპირსის მხარდამჭერებისა და მოძრაობა Free Britney [თავისუფლება ბრიტნის] წევრების პოსტერი სასამართლოს გარეთ. 2021 წლის 23 ივნისი.

ბრიტნი სპირსის ბრძოლა 13-წლიანი მეურვეობის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება. მომღერლის მამამ სასამართლოს შვილის მეურვეობისგან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ცოტა ხნის წინ კი ბრიტნიმ ინსტაგრამზე გამომწერებს ახარა, რომ 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულ სემ ასგარზე დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამზე პოპვარსკვლავის ანგარიშმა დიდი როლი ითამაშა კამპანია #FreeBritney-ის წარმოებაში. ფანების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სპირსის პოსტები მისი კარჩაკეტილი ცხოვრებისათვის თვალშესავლებად იშვიათი საშუალება იყო.

მომღერლის მეურვეობის საქმეზე სასამართლოს მორიგი მოსმენა 29 სექტემბერსაა ჩანიშნული.