ლიტერატურული ღიმილი

ლიტერატურული ღიმილი

წინა რამდენიმე წერილი ქართველ მსახიობებს მივუძღვენი და მათ თავს დატრიალებული სახალისო ისტორიები გავიხსენე. დღეს გადავწყვიტე, ეს ერთგვარი ტრადიცია დავარღვიო და სიტყვა ჩვენს სასიქადულო მწერლებს გადავცე. მერწმუნეთ, გასახსენებელი ამ პროფესიის ადამიანებსაც მრავალი გააჩნიათ და ყოველივე ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.

1966 წლის ზაფხულში პოეტ ირაკლი აბაშიძის თავკაცობით ჩვენს ქვეყანაში აღინიშნა “რუსთველის დღე”. საზღვარგარეთიდან მოწვეულნი იყვნენ არა მარტო “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელები, არამედ თითქმის ყველა ქართველოლოგი. მთელი კვირის მანძილზე ჩატარდა სხვადასხვა მიღებები, შეხვედრები, კონცერტები და ექსკურსიები. ასევე თბილისში თითქმის ყველგან შეხვდებოდით რუსთაველის გამონათქვამებს. მაგალითად რკინიგზის სადგურზე, დაახლოებით 20-მეტრიან ტილოზე ეწერა – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”.

დასრულდა საზეიმო დღეები და სტუმრებმაც თბილისის დატოვება დაიწყეს. ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფი აეროპორტისაკენ აცილებდა ისტორიკოს ჯეიმს ალენს და ქართველოლოგ დევიდ მარშალ ლენგს. როდესაც აეროპორტის ტრასაზე გავიდნენ, უცებ ახარხარდა დევიდ ლენგი და მასპინძლებს მანქანის გაჩერება სთხოვა. როდესაც ამისი მიზეზი ჰკითხეს, მან ხელი გაიშვირა ვეებერთელა სარეკლამო დაფისკენ, სადაც დიდი ასოებით ეწერა – “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”, ქვევით კი – “ იფრინეთ აეროფლოტით”.

ნოდარ დუმბაძე და ქართლოს კასრაძე ახლო მეგობრები იყვნენ. ბატონი ნოდარის მოსწრებული ენის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა და ამ სიტყვების მართებულობაში თუნდაც ქვემოთ მოყვანილი ქართლოს კასრაძის  ორი მოგონებით დავრწმუნდებით.

“ერთხელ ერთი მანდილოსანი საკმაოდ გულამოჭრილი უსახელოებო კაბით მოვიდა რედაქციაში. – ამქვეყნად ქალებს კაბის ფასონად დეკოლტე რომ გაქვთ, კი ვიცი, მაგრამ მოდაში იღლკოლტეც თუ იყო, ეგ აღარ მეგონა – ღიმილით თქვა ნოდარმა”.

 

“როცა “ნიანგის” თანამშრომლები “ქესატად” ვიყავით, ნოდარის კაბინეტს მივუკაკუნებდით ხოლმე.

– ნოდარ ბატონო, საწევრო გაქვს გადასახდელი?

ნოდარი ჭერში აიხედავდა და დაღეჭავდა სიტყვებს:

– ღმერთო მომკალი! არ გადამიხდია?– და ჯიბეზე გაიკრავდა ხელს.

 ასე ვახდევინებდით “საწევროს” თვეში ოთხჯერ-ხუთჯერ. ერთხელ როცა “საწევროთი” ხელში კარებს მივაშურეთ, მოგვაძახა:

– ლუდში ნაკლები მარილი უქენით, მიშა კუხალას არ უყვარს! .“

 

საინტერესო მოგონებები აქვს მწერალ რევაზ მიშველაძეს. ორი მათგანი განსაკუთრებულად მომეწონა.

 “ლევან სანიკიძე, თამაზ წივწივაძე, ომარ გოცაძე და მე სადღაც შეხვედრაზე მივდივართ. გზაში თამაზის წერილებიდან ადგილებს ვყვებით.

 – როგორ აბიაბურებს თამაზი ერთი რომანის პასაჟს, ცოლმა ქმარს აივნიდან ხუთი ვედრო ჭუჭყიანი წყალი რომ გადაასხა თავზე. ხუთი ვედრო წყლის გადმოსხმა მწერლის შეცდომაა, წერს წივწივაძე. პირველ ვედრო წყალს რომ გადმოასხამს ცოლი, არცერთი ჭკუათმყოფელი ქმარი დანარჩენ ოთხ ვედროს არ დაუცდის.

 

ლევანი ხომ კვდება სიცილით და გასაკვირი ისაა, რომ თვითონ წივწივაძეც გულიანად იცინის.

– აბა, ნამდვილ მწერალს ასეთი შეცდომა როგორ უნდა მოუვიდესო, --მრავლისმეტყველად დაასკვნის ლევან სანიკიძე. – შენც მყავხარ გამოჭერილი, მიუბრუნდა თამაზი. – “უქარქაშო ხმლებში” ერთ ადგილას გიწერია, გლეხის ქალი ცხრა შვილის აკვანს ერთდროულად არწევდაო.

 

– მერე? –ღიმილი შეაცივდა სახეზე ლევანს.

– რა მერე, შენ მაინც უნდა იცოდე, სტუდენტებში ტრიალებ. როცა დედას მეცხრე შვილი სააკვნე ჰყავს, პირველი შვილი ასპირანტის ასაკს გადაცილებულია და აკვანში რა დაატევდა”.

ერთ დღეს ბატონი რევაზ მიშველაძე მწერალ ოტია იოსელიანთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა კასპში. დარბაზიდან ერთმა ლამაზმა მანდილოსანმა მწერლებს “საინტერესო” შეკითხვა დაუსვა. ამ სახალისო ისტორიას რევაზ მიშველაძე შემდეგნაირად იხსენებდა:

 

“ – პატივცემულო მწერლებო, რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ცხოვრებაში ქალს მამაკაცი?

 

ორივე დაგვაბნია ამ უჩვეულო შეკითხვამ.

– ბატონი ოტია ჩემზე უფროსი გახლავთ, ცხოვრებაში გამობრძმედილი კაცია და უპასუხებს-მეთქი.

 

– არაფერიც! ბატონი რეზო პროფესორია და პროფესორს წინ ვერ გავუხტებიო, -- ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ოტიამ.

 

მეტი რა გზა მქონდა. რაღაც მივკიბ-მოვკიბე, ვილაპარაკე კლასიკურ სიყვარულზე, პლატონურ სიყვარულზე, საუკუნის სიყვარულზე და ბოლოს დავასკვენი: სიყვარული იმდენჯერ შეიძლება მოვიდეს, რამდენჯერაც ჩვენ მისი მიღება შეგვიძლია - მეთქი.

 

– მაინც რამდენჯერ?  – არ გვეშვება შეკითხვის მომცემი.

– მაინც, რაკი რიცხვი გაინტერესებთ, თხუთმეტჯერ შეიძლება გვეწვიოს სიყვარული? - ვიხუმრე.

– მეთექვსმეტე ბოზობაა, ქალბატონო! – არ დააყოვნა ოტიამ”.

 

თავის დროზე ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ იტალიაში იმყოფებოდა. მათთან ერთად იყვნენ ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო თაბუკაშვილი. ბატონი ჯანსუღი იტალიური შთაბეჭდილებებიდან ერთ ამბავს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა:

 

“კონცერტი ტარდება ვენეციის მოედანზე. სამი ათასამდე კაცი ფეხზე დგას, ორი ათასი – ზის. მე ვეღარ ვაქტიურობ, მივეჩვიე ანსამბლის ყოველდღიურ საოცარ ფურორს და თან მეჩქარება, მინდა, კონცერტი დროზე დამთავრდეს, მოედნის კუთხეში ლუდის მაგიდა მაქვს შეკვეთილი.

 

ჰამლეტ გონაშვილმა “ჩაკრულო” შეუბერა, დაამთავრა და ინგრევა ვენეციის მოედანი ხუთი ათასი მსმენელის ტაშის გრიალით და შეძახილებით. მე ვდგავარ ჩემთვის და ტაშს არ ვუკრავ, ლუდზე ვფიქრობ. გვერდით ვიღაც იტალიელი კაცი ხმამაღლა და უდიერად მომმართავს, მეჩხუბება. ერთი სიტყვა კი გავიგე – “ლა დეგენერატო”. თარჯიმანი მოვიყვანე. როცა გავარკვიეთ, ვინ ვინ იყო და რა მოხდა, ორივემ სიცილი დავიწყეთ. ამ იტალიელ კაცს მეც თანამემამულე ვეგონე და გაოცებული მეჩხუბებოდა,  – შე დეგენერატო, უკეთესი რა მოგისმენია, რომ ტაშს არ უკრავ და ამ ხუთი ათას ადამიანში ერთადერთი უვიცი იტალიელი შენ ხარო. ჩვენს სიცილ-ხარხარში კონცერტი დასრულდა და ის იტალიელი ჩვენ წამოგვყვა ლუდის დასალევად.”

აკა მორჩილაძე ახალი თაობის მწერალთა კატეგორიას განეკუთვნება. რამდენიმე წლის წინ ლიტერატურული პრემია “საბა” გადასცეს. სამადლობელ სიტყვაში მოკლედ განაცხადა: “ მე ბევრი ჭკვიანური ლაპარაკი არ ვიცი, მაგრამ მადლობის გადახდა შემიძლია. პრიზი გამიხარდა! რაც შეეხება ფულად პრემიას, ის ჩემს მევალეებს გაუხარდათ”.