„გვახსოვდეს წარსული უსჯულოების შედეგები და აღარასდროს გავწიროთ ქვეყანა რევოლუციებისათვის - შეინახეთ სჯული და სჯული შეგინახავთ თქვენ!“

„გვახსოვდეს წარსული უსჯულოების შედეგები და აღარასდროს გავწიროთ ქვეყანა რევოლუციებისათვის - შეინახეთ სჯული და სჯული შეგინახავთ თქვენ!“

(16 სექტემბრის 30 წლისთავისთვის)

ქართული კლუბის მთავარი მიზანი - სჯულიერებისკენ მოწოდება და სჯულით ქვეყნის გაერთიანებაა; „სჯული“ მხოლოდ სარწმუნოებრივი, რელიგიური მნიშვნელობის ტერმინი არ გახლავთ. „სჯული“ საზოგადოდ ისაა, რითაც „მართლად განსჯი“, ხოლო „რჯული“ - რითაც „მართლად ირჯები“.

ჩვენთვის განსაკუთრებული და ისტორიული მნიშვნელობა აქვს 1991 წლის 16 სექტემბერს. ეს გახლავთ დასაბამის ის სიმბოლური თარიღი, როდესაც, ზუსტად 30 წლის წინ, დღევანდელი ქართული კლუბის წევრები „სჯულისმიერ“ მტკიცე თანამოაზრეებად საბოლოოდ გავერთიანდით. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ყოველთვის „აქა ვდგევართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“. ჩვენი საერთო თავგადასავალი სწორედ ამ თარიღიდან იწყება და გვსურს, ჩვენი წარმომავლობა ფართო საზოგადოებასაც გავახსენოთ, რადგან ურყევად გვჯერა: სჯულიერებაა ის ერთადერთი მართალი გზა, რითაც ჩვენმა ქვეყანამ მტკიცედ უნდა იაროს. ისტორიული პერიპეტიები, რამაც ჩვენ ამ ჭეშმარიტებამდე 30 წლის წინ მიგვიყვანა, შემდეგია:

1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნებით შედგა საქართველოს დამფუძნებელი ხელისუფლება, უზენაესი საბჭო, რომლის წინასწარ გაცხადებულ ეპოქალურ, ეროვნულ მისიასაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციის მიღება, კონსტიტუციურობისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება წარმოადგენდა;

საქართველოს დამფუძნებელმა ხელისუფლებამ - უზენესმა საბჭომ თავისი მისიის მთავარი მიზანი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, 1991 წლის 9 აპრილს აღასრულა. მაგრამ, სავალალოდ, საკუთარი სადამფუძნელო მისიის ბოლომდე მიყვანა ვერ შესძლო - ქვეყანამ ვერ მიიღო კონსტიტუცია, ვერ იქნა უზრუნველყოფილი კონსტიტუციურობისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, რადგან დამფუძნებელი ხელისუფლება მტერმა ქართველების ხელითვე, შეიარაღებული ამბოხების შედეგად, ძალადობით დაამხო, რამაც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში სჯულის ნაცვლად უსჯულოება, ე.ი. სამართლის ნაცვლად - უსამართლობა, წესრიგის ნაცვლად - ქაოსი, მშვიდობის ნაცვლად - ურთიერთ-მტრობა და ძალმომრეობა გააბატონა.

გამოცდილება გვკარნახობს: სახელმწიფო პოლიტიკის მართლად წარმართვისათვის საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს სამართალი - მისდიოს კონსტიტუციას და გააჩნდეს პოლიტიკური გამოცდილება. სახელმწიფოს სწორად მართვაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ „პოლიტიკურ ნებასა“ და „პოლიტიკურ მიზანშეწონილობას“, რამაც, შესაძლოა, დროებითი ეფექტი მოიტანოს კიდეც, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის მართლად წარსამართავად არც ერთია საკმარისი და არც მეორე. პირველი ბუნდოვანია, წარმავალი და სუბიექტური, მეორეს კი ხშირად კონსტიტუცია, სამართალი ეწირება მსხვერპლად. საქართველოს დამფუძნებელ ხელისუფლებას, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებსა თუ პარტიებს, იმთავითვე არც კონსტიტუცია ჰქონდათ და არც გამოცდილება.

გავიხსენოთ: პოლიტიკურმა კრიზისმა მძაფრად იჩინა თავი 1991 წლის ორ სექტემბერს, როცა კინოს სახლთან პოლიციამ დაარბია ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის მიტინგი; იყო სროლა, დაიჭრა ერთი ადამიანი. იმ დროინდელი, ჯერ კიდევ საბჭოურიდან „გარდმომავალი“, ფორმლური სამართალი, როცა კონსტიტუცია ვერ კონსტიტუციურობდა, სამართლებრივ გამოსავლს კრიზისიდან ვერ გვიკარნახებდა. ამიტომაც აუცილებელი იყო - სწორედაც „სჯულის მოხმობა“, ანუ - „მართლად განსჯა“, მეტიც, ამ კრიზისის, რაც საბედისწერო განსაცდელზე იმთავითვე მიანიშნებდა, გადასალახად მხოლოდ „მართლად განსჯა“ („სჯული“) და შემდეგ, მასზე დაყრდნობით, „მართლად გარჯა“(„რჯული“) წარმოადგენდა ერთდერთ გზას და ინსტრუმენტსაც, რაც საბოლოოდ მიგვიყვანდა „მართალ სამართალამდე“; შესაძლებელს გახდიდა წინსვლას, რათა ქვეყნის დამფუძნებელ ხელისუფლებას თავისი მისია ბოლომდე აღესრულებინა, ე.ი. კონსტიტუციურობა და სამართლის უზენაესობა გაებატონებინა ამ ქვეყანაში და არა „პოლიტიკური მიზანშეწონილობა“ ან ამა თუ იმ პარტიის სუბიექტური, ხშირად ბუნდოვანი და ყოველთვის კონიუნქტურული „პოლიტიკური ნება“; ასეც შეიძლება ითქვას: იმ მომენტში ქვეყანა იდგა საბედისწერო, მართლაც სადამფუძნებლო არჩევანის წინაშე და უნდა გადაეწყვიტა: რა ჰქმნის „მართალ სამართალს“, რას მივყევართ ჭეშმარიტ კონსტიტუციურობამდე, - „მართლად განსჯას“, ე.ი. ცოცხალ სჯულს, რასაც დაუსაბამო ფესვები აქვს, ვინაიდან - ზეგარდმოა და წარსულს, აწმყოსა და მომავალს, მიუხედავად სხვადასხვა ჟამის კანონთა ცვალებადობისა, სჯულისმიერ მთლიანობად აყალიბებს - თუ „პოლიტიკურ ნებას“, თუნდაც ეს უმრავლესობის, ე.ი. „ხალხის ნება“ იყოს?

სწორედ მაშინ, ჩვენ, ვინაც დღემდე „აქა ვდეგევართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს“, ამჟამად - „ქართულ კლუბს“ ვუწოდებთ თავს, იმჟამად კი ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის საბჭოს წევრებს წარმოვადგენდით, „სჯულის“ და არა „პოლიტიკური ნების“ სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი. ეს არჩევანი „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ 16 სექტემბრის განცხადებით გამოიხატა. ამ განცხადების მთავარი იდეა გახლდათ ეროვნული განხეთქილების აღმოფხვრა სწორედ - სჯულზე, „მართლად განსჯაზე“ დაყრდნობით. სანამ ამ არჩევანს ქვეყანას შევთავაზებდით, ჯერ ჩვენვე არაერთგზის და მანამ, სანამ დღესავით ნათელი არ შეიქმნა, ასე განვსაჯეთ: აუცილებელი, სრულიად უალტერნატივო იყო ეროვნული მოძრაობის იმ ფრთის, რომელმაც სხვა გზა (ე.წ. ეროვნული კონგრესის) არჩია და უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მთელი ერის გამაერთიანებელ დამფუძნებელ ხელისუფლებაში თანამონაწილეობა: სხვაგვარად, ამის გარეშე, სადამფუძნებლო მისია ვერ აღსრულდებოდა, რადგან ეროვნული განხეთქილება შეუძლებელს გახდიდა კონსტიტუციურობის მიღწევას; არა იმიტომ, რომ ახალ კონსტიტუციას „დემოკრატიული ლეგიტიმურობა“ ანუ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნებოდა, არამედ იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია ვერ შეიქმნებოდა „სჯულისმიერად ლეგიტიმური“, რადგან მიღებული იქნებოდა „მართლად განსჯისთვის“ მათი სიტყვის და მაშასადამე, პასუხისმგებლობის აღების გარეშე და ამდენად, მუდამ სადავო.

თავდაპირველად პროექტში საქართველოს პარლამენტს გამოკლებული დეპუტატების (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის, რომელიც საოკუპაციო პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და ამდენად, სვსებით მართლზომიერად, აიკრძალა საქართველოში, წევრებს შეუწყდათ უზენაესი საბჭოს დეპუტატების უფლებამოსილებები) ადგილების დასაკავებლად უნდა ჩატარებულიყო რიგგარეშე არჩევნები და პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს შეევსოთ ეს ადგილები. წინადადება წარედგინა ტრადიციონალისტთა კავშირისა და საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ასათიანს და განხილული იქნა მასთან ერთად. განხილვის შედეგად აკაკი ასათიანის წინადადებით, საბოლოოდ, ერთხმად გადაწყდა, უზენაესი საბჭოსა და პრეზიდენტისათვის მიგვემართა მთლიანად საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ინიციატივით. სწორედ ეს ინიციატივა იქნა გაფორმებული იმ ცნობილი განცხადებით, რაც ტრადიციონალისტთა კავშირის საბჭომ 16 სექტემბერს მიიღო და 18 სექტემბერს გაავრცელა თავისი გაზეთის, „ქართველი ერის“, მეშვეობით. ამ ინიციატივით, საბჭოს დავალებით კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა - დავით მარღანიამ მიმართა იმ დროინდელი მთავარი ოპოზიციური პარტიის - ედპ-ს ლიდერებს, რომლებიც დათანხმდნენ და ფაქტობრივად, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.

საქრთველოს პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, დათანხმდა რიგგარეშე არჩევნების გამართვას. ინიციატივას ხორციც შეესხა და მომზადდა უზენაესი საბჭოს სათანადო დადგენილების პროექტი, რაც ასევე გამოქვეყნდა გაზეთ „ქართველ ერში“, რასაც მითქმა-მოთქმაც მოჰყვა.

აქ უკვე ამოქმედდნენ შიდა და გარე მტრული ძალები. მათ იმოქმედეს როგორც საქართველოს პრეზიდენტზე, ასევე მეამბოხე, პუტჩისტურ ბანდებსა და მათ მხარდამჭერებზე.

რიგგარეშე არჩევნების თაობაზე სათანადო დადგენილების პროექტი შეტანილი იქნა უზენაესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში. სხდომა მინისტრთა საბჭოს სასახლეში 21 სექტემბერს გაიმართა, ყველანი მღელვარებით ველოდით პრეზიდენტის გამოსვლას. მაგრამ ჩვენდა სავალალოდ, რიგგარეშე არჩევნების ინიციატივის ნაცვლად, მან ტრიბუნიდან განაცხადა, - მაცნობეს, რომ თენგიზ სიგუა მოდის აქეთ თავისი ბანდიტებით და ყველანი რუსთაველზე გავიდეთო. სხდომა ჩაიშალა, ხოლო შემდეგ, ამ საკითხის არათუ განხილვას, არამედ დღის წესრიგში შეტანის მცდელობას, საერთოდაც ტაბუ დაედო. გაიმარჯვა „პოლიტიკურმა ნებამ“ და „პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ“. დამარცხდა - სჯული, რასაც საბოლოოდ სამართლებრივ სახელმწიფომდე, კონსტიტუციურობამდე და სამართლის უზენაესობამდე უნდა მივეყვანეთ. დამფუძნებელი ხელისუფლება ამბოხით დაემხო. შედეგები - ცნობილია...

... მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე კონსტიტუციური, შემდგარი სამართლებრივი სახელმწიფოა, მსგავსი განსაცდელი, როგორც იმ დროინდელი უსჯულოების გამოძახილი, მრავალგზის დაგვატყდა თავს; ბოლოს - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ: ოპოზიციურმა პარტიებმა არ სცნეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე. პარლამენტის საბოტირებამ, ამჯერად - უკვე კონსტიტუციურ სახელმწიფოში, რაც თავისთავად გამაოგნებელია, განაპირობა მძაფრი პოლიტიკური კრიზისი. ამ შემთხვევაშიც, მოსაძებნი იყო მართალი გამოსავალი, მაგრამ განსხვავებით 1991 წლისგან, ასეთ მართალ გამოსავალს - უკვე მკაფიოდ გვკარნახობდა კონსტიტუცია.

ჩვენ, ქართულმა კლუბმა, ანუ, თითქმის, იგივე ადამიანებმა, ვისაც 1991 წლის 16 სექტემბრის ინიციატივა ეკუთვნით, ამჯერადაც შევიმუშავეთ და პარლამენტს მივმართეთ საკანონმდებლო ინიციატივით: შეეწყვიტა უფლებამოსილება საბოტაჟის განმახორციელებელი წევრებისთვის, მათივე პირადი განცხადებების საფუძველზე, როგორც ამას მოითხოვს კონსტიტუცია, და ასევე, კონსტიტუციის სულისკვეთებიდან (რაც სწორედაც რომ - „სჯულია“) გამომდინარე, ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმურობა მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვის გამო არასგზით ეჭვს ქვეშ არ დამდგარიყო, გამოკლებული ადგილების შესავსებად, ჩატარებულიყო არჩევნები (ამ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად) რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც უარი არ განაცხადეს მანდატებზე და ვერ დააგროვეს საკმარისი ხმები პარლამენტში მოსახვედრად. საბოტაჟის მომწყობი პოლიტიკური ძალები პარლამენტს და აქტიური პოლიტიკის მიღმა დარჩებოდნენ, რაც, სამომავლოდაც, იქნებოდა ანტი-საბოტაჟური პრევენცია.

საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ეს წინადადება და, სანაცვლოდ, ევროპულ შუამავლებს მიმართა. ევროპელი შუამავლების მონაწილეობით შემუშავდა პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი, რომელმაც პარლამენტის საბოტაჟი კი დაასრულა, მაგრამ საკონსტიტუციო პრობლემები წარმოშვა, მათ შორის - ე.წ. 43%-იანი ბარიერი, პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების - გაამწესოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - შეზღუდვა. ეს პრობლემა, ასი დღის შემდეგ, შეთანხმების ცალმხრივი ანულირებით თითქოს მოგვარდა, მაგრამ ვშიშობთ - მძიმე შედეგების გარეშე მაინც არ ჩაივლის.

ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტსა და „ქართულ ოცნებას“ კოსტიტუციაც ჰქონდათ და პოლიტიკური გამოცდილებაც, მაგრამ მაინც „მიზანშეწონილობით“ იმოქმედეს. ვერ ვიტყვით, რომ „სჯული“ აქაც დამარცხდა, მაგრამ უკან დაიხია, რადგან დაშვებული იქნა ისეთი კომპრომისი, რამაც კონსტიტუციურობა დააყენა ეჭვს ქვეშ.

ქართული კლუბი, 16 სექტემბრის 30 წლისთავზე, სჯულიერებისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებს. უნდა გვახსოვდეს წარსული უსჯულოების შედეგები და აღარასდროს გავწიროთ ქვეყანა ახალი საბედისწერო კრიზისებისა და „რევოლუციებისათვის“. ამისთვის კი „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ ნაცვლად უნდა გვახსოვდეს ეს მოწოდება: „შეინახეთ სჯული და სჯული შეგინახავთ თქვენ!“