ივანე ჩხარტიშვილი საქართველოში მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია ივანე ჩხარტიშვილის ბიძინა ივანიშვილთან შემდგარი შეხვედრების შემდეგ გავრცელდა. ნაციონალებისგან დევნილი ლონდონში მცხოვრები ბიზნესმენი ახლახანს დაბრუნდა თბილისში. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრების თაობაზე ჩხარტიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კამერებმა დააფიქსირეს რომ ბიზნესმენს მსოფლიო ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები ახლდნენ. ჩხარტიშვილის გარემოცვის განმარტებით, ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილთან დიდ ხნის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და ეს შეხვედრა მხოლოდ მეგობრულ ხასიათს ატარებდა.
ივანე ჩხარტიშვილი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია. ოჯახთან ერთად საქართველო მან 2010 წელს დატოვა და ამის მიზეზად მასზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა დაასახელა. თბილისში ჩამოსვლის დროს აეროპორტში დახვედრილ ჟურნალისტებს ჩხარტიშვილმა განუცხადა, რომ აპირებს განაგრძოს ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში.
ივანე ჩხარტიშვილი ფლობს მრავალმილიონიან აქტივებს საქართველოში, რაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურების სამიზნედ იქცა. როგორც ჩხარტიშვილმა განაცხადა, საქართველოში 1 ოქტომრის არჩევნებით განხორციელებული მთავრობის ცვლილების შემდეგ მის ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოგვარდა.
ივანე ჩხარტიშვილი ლონდონში ერთ-ერთი წარმატებული სანავთობო კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. ამჟამად ჩხარტიშვილი საქართველოშია და უახლოეს მომავალში აპირებს საქართველოში მასშტაბური ინვესტიციები განხორციელოს.