საბავშვო ბაღებში 19 აპრილის აქციისთვის აქტიურად ემზადებიან

საბავშვო ბაღებში 19 აპრილის აქციისთვის აქტიურად ემზადებიან

19 აპრილს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან უნდა გაიმართოს. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 19 აპრილს აქციაზე მისულ აქტივისტებს დაუვიწყარ სიურპიზს ჰპირდება.

„ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით, ჩვენ აქციებზე მკვდრების გაცოცხლების ანონსს არ ვიძლევით. ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით სიურპრიზს, რომელსაც ისინი კარგა ხანი ვერ დაივიწყებენ. რა იქნება ეს სიურპრიზი, 19 აპრილს გახდება ცნობილი,“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ აქციისთვის აქტიურად ემზადება. კერძოდ, პარტიის ლიდერები, მათ შორის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი რეგიონებში მოგზაურობენ და 19 აპრილის აქციისთვის ხალხის მობილიზებას ცდილობენ. წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, მათ ხელთ იმდენი ბერკეტი აღარ არის, რომ აქციაზე ათეულ ათასობით ადამიანის მობილიზება გააკეთონ, რისი მდიდარი გამოცდილებაც გააჩნიათ. ყველას გვახსოვს, როგორ ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ღონისძიებებზე ადამიანების შეკრება. ძირითადად, ეს საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები იყვნენ, რომლებისთვისაც ასეთ ღონისძიებებზე დასწრება სავალდებულო იყო და ხშირ შემთხვევაში, სამსახურის შენარჩუნების ტოლფასიც. თუმცა ბოლოს უკვე ეს მეთოდიც აღარ ჭრიდა და ისიც კარგად გვახსოვს, გასული წლის 28 სექტემბერს თბილისის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ სტადიონის გავსებაც კი ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღისთვის ადამიანები მთელი საქართველოდან ფაქტობრივად ძალით ჩამოიყვანეს.

ახლა სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი ნაციონალების კონტროლის ქვეშ აღარ არის და შესაბამისად, იქ მომუშავე ადამიანებზეც ხელი აღარ მიუწვდებათ, თუმცა არის გარკვეული უწყებები, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაშია და შესაბამისად, იქ მომუშავე ადამიანებიც კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ზეგავლენის ქვეშ არიან. ასეთია მაგალითად, ბაგა-ბაღები, რომელთა გამგეები თავის დროზე თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ლოიალური განწყობის ნიშნით ინიშნებოდნენ და ყოველთვის მათ ინტერესებს ატარებდნენ. ეს ადამიანები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არავის გაუშვია სამსახურებიდან და ცხადია, ისინი ახლაც აქტიურად არიან ჩართულები ნაციონალების პარტიულ ღონისძიებებში.

როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბაგა-ბაღების გამგეებს დავალებული აქვთ, რომ მათმა თანამშრომლებმა 19 აპრილის აქციაში უკლებლივ მიიღონ მონაწილეობა. For.ge რამდენიმე საბავშვო ბაღის აღმზრდელს ესაუბრა, რომლებიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, თუმცა ყვებიან, რომ გამგე მათ თათბირს უტარებს და ეუბნება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდით უნდა დაუდგნენ, რადგან ახალი ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს, რაც მის პრორუსულობაში გამოიხატება. ბაგა-ბაღების გამგეები ცდილობენ საკუთარი თანამშრომლები დაარწმუნონ, რომ ბიძინა ივანიშვილი „რუსეთის კაცია“ და ამიტომ აუცილებელია, რომ ქვეყნის სათავეში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს. როგორც for.ge-სთან ბაგა-ბაღების თანამშრომლები განმარტავენ, სწორედ ასეთი მოწოდებებით აიძულებენ მათ აქციაში მონაწილეობის მიღებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი უფრო დედაქალაქის გარეუბნებში მდებარე საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს. მაგალითად, ჩვენი რესპოდენტები ვარკეთილში, მუხიანში, ისანში და ავლაბარში მდებარე საბავშვო ბაღების თანამშრომლები არიან. ისინი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, რადგან კვლავ შემორჩენილი აქვთ შიში, რომ შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ. ფრაქციის გაფართოებული სხდომის დაწყებამდე ზუმბაძემ განაცხადა, რომ პირველი სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ მათ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე მოიწვიეს, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა და მისი არგამოცხადების მიზეზად სწორედ ეს ინფორმაცია დაასახელა.

For.ge-სთან საუბარში გულიკო ზუმბაძე განმარტავს, რომ რამაზ სულამანიძეს დღევანდელი შეხვედრის შესახებ წინასწარ ეცნობა და ვინაიდან ის ანგარიშვალდებულია მერიის წინაშე, იგი ფრაქციის სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო და საკრებულოს წევრების კითხვებზე პასუხები გაეცა. გულიკო ზუმბაძის თქმით, თბილისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ვინაიდან საბავშვო ბაღებში სექტემბრიდან გადასახადი უქმდება, ამასთან დაკავშირებით მერია ვალდებულია, რომ გარკვეული ქმედებები განახორციელოს, რათა თბილისის ბიუჯეტში ეს ხარჯები გათვალისწინებული იყოს. ამასთანავე, გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ საბავშვო ბაღები ძალიან გადატვირთულია და როდესაც გადასახადი გაუქმდება, ბაგა-ბაღებზე მოთხოვნა გაიზრდება, ისინი კი ამისთვის მზად არ არიან. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ თემებზე სამსჯელოდ მოიწვიეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი. ამასთანავე, ზუმბაძის თქმით, ერთ-ერთი კითხვა რამაზ სულამანიძესთან იყო საბავშვი ბაღებში 19 აპრილის აქციისთვის მზადება.

„ჩვენთან მოდის ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში 19 აპრილის აქციისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. კერძოდ, კონკრეტულ ბაღებში იკრიბებიან გამგეები და მიდის მზადება და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოახდინონ აქციისთვის ადამიანების მობილიზება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბაგა-ბაღები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურა და ამიტომ ამ ინფორმაციის გადამოწმება პირველ პირთან, ბაღების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან გვინდოდა, თუმცა იგი დღევანდელ შეხვედრაზე არ გამოცხადდა“, - ამბობს საკრებულოს წევრი.

მისი განმარტებით, ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტო მერიის დაფუძნებულია და იგი ცენტრალურ ხელისუფლებას არ ექვედებარება. გულიკო ზუმბაძე ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს აქციისთვის აქტიური მზადება, კერძოდ, ტარდება შეხვედრები ამხანაგობების თავმჯდომარეებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშიც მაშინდელი ხელისუფლების სერიოზული დასაყრდენი იყვნენ. საკრებულოს წევრის თქმით, ბაგა-ბაღების და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებზე გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მათაც გარკვეული შიში აქვთ, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში და აქციაზე არმისვლით შეიძლება თავი საფრთხეში ჩაიგდონ. ასეთ ადამიანებს საკრებულოს წევრი მოუწოდებს, ამ თემაზე ღიად გააკეთონ განცხადება, რადგან ახლა ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე იყო.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს ეს აქცია, არანაირი დაპირისპირება ამას არ სჭირდება. გამოხატონ ამ ადამიანებმა თავიანთი პროდასავლურობა და თუნდაც ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგები წამოაყენონ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მათ მიერ დასაქმებულ ხალხზე ზემოქმედება, პირველი პირების გავლენით აქციაზე ძალით მიყვანა, არ არის სწორი და თუ ასეთი ფაქტები გვექნება, ჩვენ მათ ამაში ვამხელთ“, - აღნიშნავს გულიკო ზუმბაძე.