„რა აზრი აქვს გოგი ქავთარაძისთვის რამის ახსნას?!“

„რა აზრი აქვს გოგი ქავთარაძისთვის რამის ახსნას?!“

მას შემდეგ, რაც ჩვენი წერილი დაიბეჭდა იმის შესახებ, რომ ზესტაფონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი ქავთარაძე საკადრო სფეროში ერევა, For.ge-ს რედაქციას კიდევ ერთი გულგატეხილი ადამიანი დაუკავშირდა. საბერძნეთში მცხოვრები მამუკა გუნცაძე აცხადებს, რომ საქართველოში, საკუთარ რაიონში ადგილი ვერ იპოვა და ამის გამო სამშობლო მეორედ, ამჯერად 1-ლი ოქტომბრის არჩვნების შემდეგ დატოვა. ამის მიზეზად მან გოგი ქავთარაძე დაასახელა, რომელზეც თურმე ერთ-ერთი პირი ახდენს ზეგავლენას.  

- გული მტკივა. ნუთუ ისე დავგლახაკავდი, რომ ჩემი ადგილი რაიონში აღარ არის?! პირველი მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი და საკრებულოში ჩემი პარტიით ათი წევრი გავედით. სამი რაიონის ტრანსპორტის სფეროს ვხელმძღვანელობდი და გამგეობაში გამგებლის - ჯემალ გორგოძის პირადი მდივნობიდან თანაშემწის თანამდებობამდე ვმუშაობდი. ნუთუ უხელფასო სამსახურიც არ არის, რომ ჩემი გამოცდილება გამოვიყენო? ამაზეც თანახმა ვიყავი და არ ვარ თანამდებობის მაძიებელი. როდესაც გაიგეს ჩემი ჩამოსვლა, თავად ტრანსპორტელებმა მოინდომეს, რომ ამ დარგის დარეგულირება მომეხდინა, ვინაიდან ჩემს მიერ იყო გახსნილი სამარშრუტო ხაზები. თანამდებობის მაძიებელი არ დატოვებდა საკრებულოს, პარტიის ლიდერობას, ტრანსპორტის სამი რაიონის უფროსობას და 2002 წელს არ წავიდოდა საბერძნეთში სამუშაოდ. სახლი ხომ მაინც უნდა მქონოდა, ამდენი სამსახურის უფროსს მოწყობილი?! 2005 წელს დედა ისე გავასვენე, რომ სახურავიდან ჩამოსულ წყალს ვედროს უყუდებდნენ გასვენებაზე. თუმცა წყალს წაუღია ყველა თანამდებობა, კაცურად ვიცხოვრე და ასეც ვიქნები. ორი თვის ფიქრის შემდეგ ვეღარ მოვითმინე, რადგან მაინტერესებდა - რა დავაშავე ასეთი?! სრულიად უცხო ადამიანმა უამრავი ადამიანის მიერ ჩემი დადებითი დახასიათების შემდეგ ის კარიც მომიხურა, რომლის მიღმაც დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ ჩემი რაიონი გაურკვეველი დროით დავტოვე, ვინაიდან უკან საარსებო გზა ამომეკეტა.

მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა. ახლა რატომ გადაწყვიტეთ სიმართლის თქმა?

- ისევ არაფერს ვიტყოდი, მაგრამ მედიით ვიღებ ხოლმე ინფორმაციებს და ვხედავ, რომ მსგავსი პრობლემები არსებობს და სიჩუმეს უკვე დანაშაულად მივიჩნევ. ემიგრაციაში ყოფნის დროს არასოდეს დამვიწყებია ჩემი ქვეყნის პრობლემები. ვინ-ვინ და მე ახლოს ვიცნობდი ნაციონალური მოძრაობის ჩინოვნიკებს. სწორედ იმ პარტიის ლიდერი ვიყავი რაიონში, რომლიდანაც ეგენი აღმოცენდნენ და სწორედ ამიტომ დავტოვე ქვეყანა და თანამდებობები, რომ არც ძველი და არც ახალი ძალა ხალხზე არ ფიქრობდა.

სალონიკში გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით. 26 მაისსაც მზადყოფნა გამოვხატე, რაზეც პირადად ცხელ ხაზზე ვესაუბრე ქალბატონ თამარ ცინცაბაძეს და ბატონ ლერი გელენავას. ბატონი ბიძინას გამოჩენა ხომ უფლის მიერ გაღებული ფანჯარა იყო ნაციონალების მიერ მჭიდროდ ჩაჭედილი კარის შემდეგ. იმ დღესვე შევუდექი მზადებას და სისტემატური კონტაქტები მქონდა ბატონ კოტე სურგულაძესთან, როგორც „ოცნების“ ლიდერთან ემიგრანტების სფეროში და გიორგი ოკრიბელაშვილთან, როგორც ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. სალონიკშიც წინასაარჩევნოდ არაერთი აქციის აქტიური მონაწილე ვიყავი და არჩევნებშიც ვაკონტროლებდი გარე პერიმეტრს. მახსოვს, იმ დროს ნაციონალების შემოტევებს ისეთი რეაქციით დავხვდი, რომ მთელი დღე საარჩევნო უბანთან აღარ გამოჩენილან.

უცხოეთში ცხოვრების მიუხედავად, ზესტაფონთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ?

- პარალელურ რეჟიმში ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ზესტაფონში ჩემს საახლობლოსთან. ძნელია აღვწერო, რაოდენ ფართო წრე მყავს რაიონში. ჩემს შვილებსაც მივეცი სიტყვიერი დავალება, რომ ახალგაზრდობასთან ემუშავათ. „ოცნების“ მაისურებით როდესაც დადიოდნენ ქუჩაში, ხალხი ცნობდა, მამუკას ბიჭები არიანო. „ოცნების“ გამარჯვებამ ფრთები შემასხა. იკაროსივით დავქროდი საქართველოსა და საბერძნეთს შორის. მოსახლეობასთან პირველსავე შეხვედრაზე თეატრში შევხვდი ბატონ გოგი ქავთარაძეს. ხალხთან შეხვედრის დროს მაშინაც გაიხსენა ჩემს მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარი, რომლის ავტორსაც არ იცნობდა, მაგრამ სიტყვები,"ბატონო გოგი, მე მიხარია არა ის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, არამედ ის, რომ ზესტაფონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო-თქო", ახსოვდა.

ზემოთ ვახსენე, იკაროსივით დავქროდი-თქო და იკაროსივითაც მომეკვეცა ფრთები, როდესაც ბატონ გოგის მეორედ შევხვდი. ამჯერად უკვე ახლობელი გარდამეცვალა და ამის გამო ვიყავი ჩასული. როდესაც გაიგეს ჩემი ჩამოსვლა, ყველა ნაცნობი შემეხმიანა და, მათ შორის, ტრანსპორტელებიც. დეტალურად შევისწავლეთ ტრანსპორტის რეგულირებაში არსებული პრობლემები და გამოსავალიც ვიპოვეთ. საჭირო იყო იურიდიული და ფიზიკური პირების ავტოსერვისულ მომსახურებაზე დაყენება, რასაც ორ თვეში მოვიყვანდი წესრიგში და შესაბამისად, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ნუგზარ ქამუშაძეს გავაცანით ჩვენი, ტრანსპორტელების ხედვა, თუ როგორ იყო შესაძლებელი, რაიონში ტრანსპორტის სწორი რეგულირებით ბიუჯეტის ზრდა თვეში 20000 ლარამდე.

ბატონი ნუგზარი გამოცდილი ადამიანია და იმდენად რეალურად შეაფასა ჩემს მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომ შემომთავაზა სპეციალისტის ადგილი გამგეობაში, რაზეც დავთანხმდი, მაგრამ, როდესაც ჩავიხედე კანონში, დავინახე, რომ საქართველოდან ჩემი წასვლის შემდეგ ყველა კანონი გაუუქმებიათ ნაციონალებს ტრანსპორტში მონოპოლიის გამო. ისევე, როგორც გააუქმეს სანიტარული სამსახური. კანონის არქონის გამო ხელშეკრული ვიყავი და დავიწყეთ მსჯელობა, თუ როგორი საშუალებით იყო შესაძლებელი ჩემი იდეის განხორციელება. მივედით დასკვნამდე, რომ ეს სერვიზული ობიექტის გაძლიერების საშუალებით იყო შესაძლებელი და შევხვდით ბატონ ქავთარაძეს. იმ დღეს თანხმობა მივიღე და, ჩემდა გასაოცრად, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უარი მითხრეს. ბატონ გოგის უთქვამს, მამუკასთან არ ვითანამშრომლებო.

ასეთ დამოკიდებულებას არ ელოდით?

- სახტად დავრჩი, როდესაც ბატონი გოგისგან გავიგე უარი, ვინაიდან სწორედ ბატონი გოგის სიტყვები მოვისმინე თეატრში, ხალხთან შეხვედრისას, როცა წარმოთქვა, ჭორებს არ უნდა ავყვეთო. შეიძლება, ჩემზეც ამბობდეს ვინმე რამეს, მაგრამ არ დაიჯეროთ და გახსოვდეთ, რომ ხმების მანამ არ უნდა დაიჯეროთ, სანამ პირადად არ ნახავთო.

თქვენ გამგებლის რეკომენდაცია გქონდათ?

- გამგებელის რეკომენდაციით ვიყავი, რაიონშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემი სიახლით გახარებული და „ოცნების“ სანდო მაღალჩინოსნებიც ჩემს სასარგებლოდ აძლევდნენ ინფორმაციას. ამიტომ საინტერესოა, ვინ არის ისეთი ადამიანი, რომელმაც თავად ბატონ გოგისაც შეუცვალა წარმოდგენა ჩემს მიმართ და მისი სიტყვები, რომ არ უნდა ვენდოთ ჭორებს, დარჩა უდაბნოსა შინა. იქნებ, ამაზე დაფიქრებულიყო, სანამ უარს მეტყოდა? როდესაც ხალხს მიმართავს, რომ ჭორებს არ უნდა ენდოთო, იქნებ, თავად გახდეს ამის მაგალითი?! იქნებ, რაიონის ინტელიგენცია შეეკრიბა და ეკითხა, ვინ არის მამუკა გუნცაძე, კაცი, რომელიც ამდენ ადგილას ჯერ კიდევ ბავშვობიდან მუშაობდა, კაცია თუ არაკაცი, ბანდიტია თუ პატიოსანი?!

თქვენს საიტზე წავიკითხე ზაზა დავლაძის ინტერვიუ და მინდა ვთქვა, რომ გული მეტკინა, როდესაც გავიგე, რომ ბატონ ავთო კიკნაველიძესთან უთანხმოება აქვს. ორივეს კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არანაირად არ შემიძლია ან ბატონ ავთოზე ვთქვა, რომ ცუდი ადამიანია (არა იმიტომ, რომ დედა მყავდა კიკნაველიძე), ან ზაზაზე ვთქვა, რომ თურმე ის  არაორდინალურია, რაც ქალბატონმა ეკატერინე დუგლაძემ ახსენა მის მიერ მიცემულ ინტერვიუში. კარგი იქნება, თუ არ დაივიწყებს ქალბატონი ეკა, რომ ამჟამად გამგეობის აპარატის უფროსია და არა - ჟურნალისტი, რაც არანაირად არ აძლევს იმის უფლებას, რომ ნებისმიერ მოქალაქეზე თქვას მისი არაორდინალურობის შესახებ. კარგი იქნება, თუ ამ სტატიის მერე მეც არ გავხდები ბანდიტი აგურის ქარხნიდან. უნდა დაფიქრდეს ყველა, როდესაც სხვაზე რამეს ამბობს, იქნებ, თავად მასზეც ამბობენ და ლაპარაკობენ ისეთს, რომელიც არ მოეწონება და ასეთი კურსი, ნამდვილად არ არის ის, რასაც ხმა მივეცით და რისთვისაც ვიბრძოდით.

როგორ გგონიათ, ვინ დაბლოკა თქვენი კანდიდატურა? ფიქრობთ, გოგი ქავთარაძეს გარემოცვა არ აძლევს სწორ ინფორმაციას?

- გარემოცვიდან ათი ადამიანი დადებითის მთქმელია, მაგრამ ერთმა მანამდეც მითხრა პირად საუბარში, რომ ის სამსახური, რომელზეც მე განვიხილებოდი, არ იყო გამგებლის პრეროგატივა და იყო მისი. ანუ უფლებების ჭიდილია და არასწორადაა გადანაწილებული ეს უფლებები.

და ის ერთი პირი ვინ არის?

- ის ერთი რომ დავასახელო, მამტკიცებელი საბუთი არ მაქვს, ვინაიდან სიტყვიერი განმარტება მომცა.

ავთანდილ კიკნაველიძე როგორ დაინიშნა პოსტზე? დეპუტატ შაკო (შალვა) კიკნაველიძის ახლობლობის გამო?

- კიკნაველიძე ახლობელია შაკოსი და, შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, მაგრამ მე ვიცნობ ავთოს ადრინდელი პერიოდიდან, როდესაც საკრებულოს წევრი ვიყავი და მაშინ კარგი ავტორიტეტით საგრებლობდა

აგვისტოს ომში მის როლზე რას იტყვით?

- მაგ დროს ემიგრაციაში ვიყავი.

ანუ არ იცით, ომიდან გაიქცა თუ არა? არც ის იცით, ზაზა დავლაძის კანდიდატურა რატომ არ უნდოდათ?

- იმის წარმოდგენაც კი გამიჭირდა ავთოზე, ეგ რომ გავიგე ბეჭდური მედიიდან. ზაზაც ვიცი, რომ უდაოდ კარგი ადამიანია. ასევე, ვფლობ ინფორმაციას მისი თავდადების შესახებ. ამიტომაც დამწყდა გული, როდესაც ამ ორი კარგი ადამიანის დაპირისპირებისა და უთანხმოების შესახებ გავიგე.

მართალია, რომ გოგი ქავთარაძე ერევა კადრების დანიშვნაში და, თუ ეს ასეა, მის მიერ დანიშნული კადრების შესახებ რას გვეტყვით? როგორც ვიცი, იქაურებს აღიზიანებთ მისი კადრები და ამბობენ, ნაციონალების დროს ვინც იყო, ისინი დააწინაურეს ან მათზე უარესებიო?

- ჩემი აზრით, როდესაც მესამე ძალა ერევა საქმეში, სწორედ მაშინ ხდება უთანხმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივეს კარგად ვიცნობ და გაუგებდნენ ერთმანეთს.

ვერ იტყვით, ვინ ზემოქმედებს გოგი ქავთარაძეზე კადრების დანიშვნის მხრივ?

- რაიონი პატარაა და ნებისმიერი მცირე პრობლემა ხშირად დიდდება, ამიტომ ბატონ გოგის აუცილებლად უნდა შეექმნა მრჩეველთა საბჭო, სადაც იქნებოდნენ რაიონის ყველა გამოცდილი და სახელოვანი ადამიანები.

და შემდეგ ეს მრჩევლები არ მოახდენდნენ მასზე ზეგავლენას, თუკი ასეთნაირად მოქმედებს მასზე სხვისი აზრი?

- ჩემიანებად და შენიანებად რაიონის დაყოფა, თანაც ისეთი რაიონის, როგორიცაა ზესტაფონი, ცოტა არ იყოს, შეცდომაა.

ქართული ოცნებისმიმართ ნიჰილიზმი ხომ არ გაჩნდა ზესტაფონელებში ამის გამო?

- ვერ გეტყვით, რომ ან „ოცნების“, ან გოგის გამო ნიჰილიზმია, მაგრამ გეტყვით, რომ თუნდაც ერთი ადამიანი რომ ფიქრობდეს, რომ დაჩაგრულია, ნამდვილად არ არის კარგი ფაქტი. როდესაც გინდა, რაიონში საკადრო ცვლილებები აწარმოო, პირველ რიგში, ადამიანს უნდა მიუდგე მის მიერ გაკეთებული საქმის ხარისხის მიხედვით და, თუ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გააჩერო.

ზაზა დავლაძის კანდიდატურა რატომ არ სურდათ, ვერ გვეტყვით? მარტო იმის გამო, რომ ავთო კიკნაველიძე დეპუტატის ნათესავია?

- ამ ერთ ადამიანს უამრავი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს და ამიტომ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო, როდესაც მის პროფესიას ეხები. ყოველი ადამიანის პროფესია ხომ მისი მეორე ოჯახია, მისი სახელი და გვარია რაიონში. მე უფრო მგონია, რომ ზაზასა და ავთოს შორის მესამე ადამიანი არ უნდა ჩაერიოს. ზაზას საკითხი რადიკალურად განსხვავდება ჩემი საკითხისგან, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მე გამგებლის რეკომენდაციით ვიყავი შესული ბატონ გოგისთან და „ოცნებიდანაც“ მქონდა მხარდაჭერა.

მაგრამ ზაზას შემთხვევაშიც სხვისი მხრიდან მოხდა ჩარევა და თქვენს შემთხვევაშიც.

- მათ იცოდნენ ჩემი წარსული საქმიანობა. მესამე ადამიანია, რომელიც რაიონში აფუჭებს საქმეს, თორემ არც ბატონი გოგის დანაშაულია, არც ავთოსი და არცერთის ცალკე აღებული.

გოგისთან აღარ გისაუბრიათ?

- ბოლოს შევხვდი და მიპასუხა, რომ არ სურდა ჩემთან თანამშრომლობა. მეორე დღესვე დავტოვე საქართველო, ვინაიდან არ ვარ თანამდებობის მაძიებელი, მაგრამ არც ასე უნდა მოხდეს.

იმ მესამე პირის შესახებ არ გიკითხავთ?

- უსამართლოდ ნამდვილად არც მე მოვექცევი ვინმეს და არც სხვისას ავიტან.

რატომ არ აუხსენით გოგი ქავთარაძეს სიტუაცია?

- რა აზრი აქვს გოგი ქავთარაძისთვის რამის ახსნას, როდესაც ადამიანი უჯერებს სხვას, ამდენი რეკომენაციების შემდეგ?! ის არ იქნებოდა, სხვა იქნებოდა, მესამე პირს რა გამოლევს!