საქართველოში, შესაძლოა 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყოს. ეს შეეხება მათ, ვისაც რაიმე თანხლები დაავადებები აქვთ. როგორც ჯანდაცვის მინისტის მოადგილემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, მაგრამ ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანმთრელობის მსოფლიო ორგანიცაზიის რეკომენდაცია.
უნდა ითქვას ისიც, რომ იმ რეგიონებსა თუ ქალაქებში, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, 4 ოქტომბრიდან განახლდება. ამის ფონზე კი, სპეციალისტები მოზარდების აცრის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ არ დამძიმდეს.
როგორც ექიმმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ For.ge-სთან განაცხადა, ამ კატეგორიის ასაკის მოზარდების აცრა მნიშვნელოვანია და ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ჯგუფი უკვე მსჯელობს.
„12-დან 16 წლამდე მოზარდების აცრაზე მიდის მსჯელობა, რაც სავსებით საღი აზრია, განსაკუთრებით შერჩევითი ჯგუფების, რომელთაც აქვთ გარკვეული დამძიმებული ანამნეზი. ზოგიერთ ქვეყნებში უფრო დაბლა წევენ თამასას, რადგან ზოგიერთი შტამი უფრო ახალგაზრდა ასაკს ერჩის. გვახსოვს, მთელი რიგი ვირუსული პათოლოგიები მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციამ შეამსუბუქა. „დელტა“ შტამმა, უფრო მეტი აგრესია დაბალ ასაკში გამოავლინა და პოპულაციის ეს ფენა მოცული უნდა იყოს. იმ მომხრეთა შორის ვარ, ვინც ასაკის დაბლა დაწევის აზრს იზიარებს.
იმ ზონებში, ადმინისტრაციულ მონაკვეთებში, სადაც ახალი შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელია, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებას მივესალმები, მაგრამ სადაც რისკები მაღალია, იქნებ დისტანციური სწავლების ფორმა შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, სკოლებში დავაბრუნოთ სამედიცინო სივრცეები და იქნება ეს ეტაპობრივად შევაშველოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
თამარ გაბუნიას თქმით, იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა, მათ აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო ადრე იქნას მიღებული, ვიდრე შესაბამის რეკომენდაციას ჯანმო გასცემს.
„ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაობრივ ჯგუფში, 16 წლიდან ჩვენც უკვე ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაცია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, მომავალ კვირაში შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ უკვე, შეიქმნა პრეცედენტები იმის, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა, ამ ჯგუფთან მიმართებით უფრო ადრე იქნას მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე აღნიშნულ ფაქტს მიესალმება და For.ge-სთან მოზარდების აცრის მნიშვნელობაზე საუბრობს:
„არსებობს საკმარისი მტკიცებულება და კვლევის შედეგები, რომ 12 წლიდან მოზარდების აცრა არის უხიფათო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ეს ნაწილი, განსაკუთრებით სკოლაში სწავლის დაწყებაზე როცა მიდის საუბარი. რიგი ქვეყნები უკვე ცრიან, როგორც მასობრივად, ასევე გარკვეული რეკომენდაციისა თუ ცალკეული ჩვენებების მიხედვით.
ალბათ, ახლავე შეიძლება იმ ბავშვების აცრა, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ, რომელიც იმუნურ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ან სხვა ქრონიკურ დაავადებებთან. საყოველთაო აცრასთან მიმართებაში, ჯანმო-ს რეკომენდაცია თუ იქნება, ეს, ალბათ, დამადასტურებელია იმის, რომ შეგვიძლია ჩვენც დავიწყოთ. სასურველია, რომ საკლასო ოთახებში ბავშვების დაბრუნება აცრის პარალელურად მოხდეს, თუმცა, თუ მასწავლებლები იქნებიან აცრილი, ეს შეამცირებს გადადების საშიშროებას და ამის გარდა, მნიშვნელოვანია სავალდებულო იყოს პირბადეების ტარება. რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, ამაზეა დამოკიდებული.
საფრთხე იმის, რომ ფიზიკურად სწავლის დაწყების დროს მოხდება ინფექციის გავრცელება, ეს გვიჩვენა სხვა ქვეყნების მაგალითმაც. მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილი აიცრას, რაც შეიძლება ჩქარა, რომ ინფექციის გავრცელების და „აფეთქების“ საფრთხე იყოს მინიმალური, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც აცივდება და მეტ დროს გაატარებენ ადამიანები დახურულ სივრცეში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.