მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ ტელევიზიების საშუალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიებს და ეს კამპანია ძირითადად მიმართულია იმ ნეგატივზე, რომელიც აგებულია „ფეიკებზე”

მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ ტელევიზიების საშუალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიებს და ეს კამპანია ძირითადად მიმართულია იმ ნეგატივზე, რომელიც აგებულია „ფეიკებზე”

რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მომდევნო დღისა და არეულობისთვის ემზადება, თუმცა ეს არ გამოუვა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რადიკალური ოპოზიცია არ მუშაობს ველზე, საარჩევნო თემებზე არ ხარჯავს ლეგალურ ფულს, სხვა ფულზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ. არცერთ ე.წ. ივენთს არ ატარებს, რაც როგორც წესი, სხვა წინა შემთხვევაში დაკავშირებული იყო ხოლმე საარჩევნო აქტივობებთან. მხოლოდ ტელევიზიების საშუალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიებს და ეს კამპანია ძირითადად, მიმართულია იმ ნეგატივზე, რომელიც აგებულია „ფეიკებზე” და ცდილობენ წინასწარ დაალაგონ მიმართულება, თითქოს ხდება ისეთი რამ, რაც არჩევნების ლეგიტიმაციას აყენებს საფრთხის ქვეშ. სხვა მიმართულება არ აქვთ.

მათი მხრიდან არავინ საუბრობს, რა პროექტებს განახორციელებენ გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ უბანში, რა პროექტებს განახორციელებენ თბილისში, რა პოლიტიკა ექნებათ იმ მიმართულებით, რითაც არჩევნები ტარდება. ისინი საუბრობენ მხოლოდ ე.წ. რეფერენდუმზე და მათი არცერთი აქტივობა არ უკავშირდება საარჩევნო შედეგებსა მიზნობრიობას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ლოგიკა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განავითაროს არის ის, რომ ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ მომდევნო დღისა და არეულობისთვის, სამწუხაროდ. თუმცა არც ეს გამოუვათ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში არ გამოუვიდათ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.