„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმისას, მძევლად აყვანილი და გათავისუფლებული იოსებ სამხარაული მომხდარს „ქრონიკასთან“ იხსენებს.
„შესვლიდან დაახლოებით 5 წუთში, ეს პიროვნება ჩვენთან მოვიდა და ყველას ერთ ადგილზე შეგროვება გვთხოვა. ვიყავით ორი მომხმარებელი და ბანკის ოთხი თანამშრომელი. ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარსა და ნახევარ მილიონ ლარს. ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც მერე გამოუშვა, უთხრა, რომ 112-ში დაერეკა და ეთქვა, რაც მოხდა - რომ ბანკში მძარცველი შემოიჭრა და მძევლები აიყვანა. პროცესში აქტიურად ჩაერთო სამხარეო პოლიციის უფროსი, ბატონი გიორგი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ პიროვნებას მძევლები გაეთავისუფლებინა“, - ამბობს იოსებ სამხარაული.
შეიარაღებული პირი ბანკში 9 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციამ დააკავა.
მეზობლების თქმით, თავდამსხმელს, შალვა მელიქიშვილს, რამდენიმე წლის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.