მეცნიერები რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემოწმებას ითხოვენ

მეცნიერები რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შემოწმებას ითხოვენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს,

ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს,

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების

კომიტეტის თავმჯდომარეს, აკადემიკოს ივანე კიღურაძეს,

განათლების და მეცნიერების განვითარების სახელმწიფო

კომისიის თავმჯდომარეს გია დვალს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო

სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილ მეცნიერთა

 

   

 

მოგმართავთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის არამიზნობრივი და კანონდარღვევითი საქმიანობით გამოწვეული საშიშროების შესახებ, განსაკუთრებით ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაარსდა, როგორც სსიპ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლე.

„ფონდის საქმიანობა მიმართულია მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ“.  ფონდის გაცხადებული ძირითადი მიზანია „საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განვითარების ფინანსური ხელშეწყობა“. სამწუხაროდ, ფონდის საქმიანობა და მისი სამეცნიერო საბჭოს ფორმალური როლი  საკმარის ეჭვებს იწვევდა სამეცნიერო წრეებში და ბევრ მეცნიერს ფონდისადმი ნდობაც კი დაეკარგა, რაც აისახა მათი მხრიდან კონკურსებში მონაწილეობის მიღების უარის თქმაში.

ამის ცხადი დადასტურება აღმოჩნდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგებში გამოვლენილი აშკარა კანონდარღვევები და საქართველოში ფუნდამენტური კვლევების დაფინანსების პოლიტიკის არაეფექტურობა.

შემაშფოთებელი ფაქტია, რომ 2010 წელს ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი არ ჩატარებულა, ხოლო 2011 წლის კონკურსმა ცინიკურად მცირე თანხებით ფაქტიურად დაუფანინასებლად დატოვა საქართველოში მოქმედი სამეცნიერო ჯგუფები ფუნდამენტური კვლევების მიმართულებებით.  მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა სამეცნიერო წრეებში, წელსაც, შენარჩუნდა რა არსებული ტენდენციები ფონდის მუშაობისა, კონკურსი არ ჩატარებულა ღიად და გამჭვირვალედ - კონკურსის პირობები და სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილება და დასაფინანსებლად პროექტების შერჩევა წინასწარ გაცხადებული რეგულაციების აბსოლუტური დარღვევით ჩატარდა. ნაცვლად იმისა, რომ ფონდი, როგორც მეცნიერული კვლევების ძირითადი გამნაწილებელი (და არა განმსაზღვრელი) სახელმწიფო დაფინანსებისა, უნდა ემსახურებოდეს ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას, ის ხელს უწყობს არამეცნიერული სტანდარტების დამკვიდრებას და მეცნიერული კვლევების მოშლას ქვეყანაში და განსაკუთრებით კი წამყვან კვლევით ცენტრებში. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, ცხადია, რომ საერთაშორისო სტანდარტების ფუნდამენტურ კვლევებს საქართველოში მომავალი არ ექნება.

ზოგადად, სამართლიანი კონკურსის პირობებში, თანხის განაწილებისა და დაფინანსებული პროექტების შერჩევის პრინციპები არ უნდა იცვლებოდეს კონკურსის გამოცხადების თარიღის შემდეგ და ცნობილი უნდა იყოს რეფერებისთვისაც. ჩვენ გვაინტერესებს შედეგების გამოცხადებისას (19.03.2013) ფონდის ვებ-გვერდზე მოყვანილი ეს პრინციპები როდის და ვის მიერ იქნა მიღებული და რომელი დადგენილებებით, ასევე, ფონდის სამეცნიერო საბჭო მონაწილეობდა თუ არა ამ პრინციპების შემუშავებაში; უფრო მეტიც, იყო თუ არა საბჭო ლეგიტიმური ამ პრინციპებისა და კონკურსის შედეგების დამტკიცებისას, და დაირღვა თუ არა კონკურსის პირობები, რომლის შესაბამისი დოკუმენტის მუხლი 9-ს პუნქტი 3-ის თანახმად ”დაუშვებელია კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით” - ჩვენი ინფორმაციით ეს მუხლი დარღვეულია.

ასევე თვალნათელია გრანტების განაწილების უსისტემობა, რომელიც მიგვითითებს ფონდის მუშაობის არაკვალიფიცურობასა და ტენდენციურობაზე, მთავარ კანონ-დარღვევაზე ფონდის მხრიდან, და რაც მნიშვნელოვანია, ფონდის სამეცნიერო საბჭოს მხრიდან (თუ ის საერთოდ რაიმე სამეცნიერო მოღვაწეობას ატარებს ამ ფონდთან მიმართებაში). სამეცნიერო საბჭოს ფორმალური როლი არ უნდა ეკისრებოდეს ფონდის საქმიანობასა და დაფინანსების განაწილებაში. ასევე მიგვაჩნია, რომ საბჭომ სისტემატურად უნდა ჩაატაროს ექსპერტებისაგან შემოსული რეცენზიების მონიტორინგი და შეამოწმოს ამ ექსპერტ-სპეციალისტების დამოუკიდებლობა და შესაბამისი კვალიფიკაცია.

მიუხედავად ჩვენი შეზღუდული ინფორმაციისა, ნათლად ჩანს, რომ ყველა ზემოაღნიშნული კანონდარღვეების, არამეცნიერული და არასახელმწიფოებრივი მიდგომების შედეგად, მაგალითად საქართველოს წამყვან კვლევით ცენტრში - თსუ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში არც ერთი პროექტი არ დაფინანსებულა ფუნდამენტური კვლევების კონკურსში, რაც მიანიშნებს არსებულ ტენდენციურობაზე/მანიპულაციებზე, მაშინ, როდესაც ამ ინსტიტუტიდან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერთა ჯგუფების მიერ იყო პროექტები წარმოდგენილი. ასევე არ დაფინანსებულა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერული ჯგუფების პროექტებიც. ცხადია კონკურსის ბიუჯეტი პატარა იყო, მაგრამ საკვირველია აღმოჩენილი ”კანონზომიერება” ექსპერტთა სიტყვიერ უმაღლეს და ქულებით არც-ისე მაღალ შეფასებებში ამ წამყვანი ჯგუფების პროექტებისათვის.

დაბეჯითებით აღვნიშნავთ, რომ თუ ფონდისა და მისი სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, საერთაშორისო სტანდარტების ფუნდამენტურ კვლევებს საქართველოში მომავალი არ ექნება.

ყოველივე ზემოდთქმულის საფუძველზე მოვითხოვთ შემოწმდეს ფონდისა და მისი სამეცნიერო საბჭოს საქმიანობა და ყველა ზემოთაღნიშნული კანონდარღვა გამოსწორდეს უახლოეს პერიოდში, განისაზღვროს გამართული საერთაშორისო სტანდარტები ფონდის და მისი სამეცნიერო საბჭოს საქმიანობისათვის და პერსონალისათვის, განხორციელდეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რეფორმირება თანამედროვე საერთაშორისო მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.

ხელმომწერნი:

ნოდარ ცინცაძე, აკადემიკოსი, თსუ ზსმფ-ის ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, თსუ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

გიორგი ჩაგელიშვილი, საქ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი

ნანა შათაშვილი,  თსუ ზსმფ-ის ფიზიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, თსუ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ალექსანდრე თევზაძე, თსუ ზსმფ-ის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

თინათინ კახნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი

თემურ ზაქარაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი

ვასილ კუხიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

ბიძინა შერგელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი

გიორგი ლომინაძე, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი

ვაჟა ნეიძე, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარი