მიხეილ სარჯველაძე: ქართულ პოლიციასა და პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა

მიხეილ სარჯველაძე: ქართულ პოლიციასა და პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობას ვუხდი ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა

„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ქართულ პოლიციას, პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა“, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნას და საქმეში ბრალდებული პირის დაკავებას.

„ის, თუ რომელ პარტიას ეკუთვნოდა შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული და როგორი იყო მისი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, არ ქმნის რაიმე ინსინუაციების მიზეზს. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ქართულ პოლიციას, პირადად ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო ოპერატიულად ჩატარებული გამოძიებისა და იმ შედეგისთვის, რომელიც დადგა. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური პრეფერენციებისა, სამართალი აღსრულდება და ეს არის გარდაუვალი ჭეშმარიტება და ღირებულება, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთგულად ემსახურება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.