პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული 15 არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა ბერკეტს გამოიყენებს არჩევნებზე ზემოქმედებისთვის.
„მახსოვს, შარშან, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების წინ, მსგავსი აღმოჩენები გავაკეთეთ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ორგანიზაციები დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, დავადგინეთ მათი არა მხოლოდ დამფუძნებლების, არამედ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების პირდაპირი კავშირი, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ამიტომ, ეს არ არის გასაკვირი. ისინი ცდილობენ, ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის, სპეკულაციები გამოიყენონ არჩევნებზე ზეგავლენისთვის. მსგავსი ადგილობრივი ორგანიზაციების მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია, როცა ასეთი ინფორმაცია არსებობს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ქართული ოცნების“ ცნობით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. გამოვლენილია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლთაგანაცა 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 - „ევროპულ საქართველოსთან“.