დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში „პროფესორთა ლიგის“ წარმომადგენლებმა გამართეს პრეს-კონფერენცია, უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და საკუთარი მოთხოვნებიც წამოაყენეს. „პროფესორთა ლიგის“ თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ვითარება არ შეცვლილა. კერძოდ, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა (ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა) ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია და ისინი აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რაც მათთვის არის ჩვეული.
„ამ ადამიანებმა, რომ იტყვიან, ჩირადაც კი არ ჩააგდეს განათლების მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ უმაღლესი სასწავლებლებიდან დათხოვნილი თანამშრომლები ისევ აღედგინათ თანამდებობებზე. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა არის, ახალი არჩევნების ჩატარება უნივერსიტეტებში, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავიანთ სტატუსს იბრუნებენ, ხდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ეს ითხოვს ახალი რექტორების არჩევნებს“, - აცხადებს ვაჟა შუბითიძე.
მისი თქმით, უმაღლესი სასწავლებლების ნაციონალების ხელში ყოფნა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ იქ მათი ხელდასმული რექტორები არიან. ვაჟა შუბითიძე ამბობს, რომ მაგალითად ილიას უნივერსიტეტი არის ანტიქართული ლაბორატორია, სადაც 19 აპრილის აქციის სამობილიზაციო შტაბია შექმნილი. პროფესორის თქმით, ნაციონალებმა იციან, რომ მათ აქციაზე 19 აპრილს არავინ მივა და ამიტომ ცდილობენ, სტუდენტების, ანუ გამოუცდელი ახალგაზრდების მობილიზება მოახდინონ და ამას უკავშირდებოდა აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებიც. შუბითიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტუდენტების ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებას ცდილობს, რადგან იცის, რომ ეს სერიოზული ძალაა.
პროფესორთა ლიგა ასევე მოითხოვს, რომ აღდგეს უშიშროების აკადემია. ვაჟა შუბითიძის თქმით, მას შემდეგ, რაც 2004 წელს აკადემია გაუქმდა, უშიშროების კადრების მომზადება სხვა ქვეყნებში ხდება, რაც ნონსენსია, რადგან უშიშროების კადრებს ყველა ქვეყანა თავისთვის თვითონ ამზადებს.
„უკვე, თითქმის, ათი წელია უშიშროების აკადემია აღარ ფუნქციონირებს და სამი, ან ოთხთვიანი კურსგავლილი, ან ქუჩიდან მოყვანილი ადამიანებით გავსებული კუდ-ი და სოდ-ი ვერ გამოდგება. მოგეხსენებათ, ვერც დაზვერვამ და ვერც კონტრდაზვერვამ ვერ გაამართლა და მათი მუშაობა, თუნდაც აგვისტოს ომის პერიოდში, საერთოდ ჩავარდა. ამ დანაყოფების მუშაობა ორიენტირებული იყო ოპოზიციის დევნაზე და ხალხის დათრგუნვასა და დაშინებაზე“, - ამბობს ვაჟა შუბითიძე.
„პროფესორთა ლიგის“ კიდევ ერთი მოთხოვნა არის უმაღლესი სასწავლებლებიდან უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენა. შუბითიძის თქმით, გარკვეული ეშმაკობა იქნა ჩადენილი, როდესაც უნივერსიტეტებში თანამდებობებზე აღადგინეს ნოდარ ხადური, დავით ნარმანია და კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანი, ხოლო დანარჩენი პროფესორ-მასწავლებლები ისევ უმუშევრად არიან დარჩენილები.
ვაჟა შუბითიძე მინისტრების ხელფასებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მართალია მინისტრს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან იაფი მთავრობა ქვეყანას ძვირი უჯდება, ვინაიდან ის კორუფციაში ეფლობა. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ თუ მაგალითად, დავით დარახველიძეს 8000 ლარამდე აქვს ხელფასი, მაშინ რა დააშავა სრულმა პროფესორმა, რომლის თვიური ანაზღაურებაც 900 ლარს შეადგენს? „პროფესორთა ლიგაში“ მიიჩნევენ, რომ სრულ პროფესორს ორი ან სამი ათასი ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი.
და ბოლოს, „პროფესორთა ლიგა“ მოითხოვს, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან მისი წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და მის მიერ პარლამენტში მიღებული ადგილების რაოდენობა ერთმანეთს არ შეესაბამება.
„ვერ დავეთანხმები ბატონ რამაზ საყვარელიძეს, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ადრე იყო ბანდა, ახლა კი პოლიტიკურ პარტიად ყალიბდებაო. ჩემი აზრით, სწორედაც რომ პირიქით არის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პარტია, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ხოლო შემდეგ ბანდად გადაიქცა. ამიტომ მისი ისევ პარტიად გადაქცევა გამორიცხულია. ნაციონალები არიან ატომური ნარჩენებივით, რომლებიც სარკოფაგებში უნდა შეინახო და მიწისქვეშ დამარხო“, - აღნიშნავს პროფესორი.
„პროფესორთა ლიგა“ ასევე ითხოვს, რომ შეიქმნას პარლამენტის მეორე პალატა, რომელიც იქნება არა არჩევითი, არამედ შერჩევითი და მასში წარმოდგენილები უნდა იყვნენ სამღვდელოება პატრიარქის მეთაურობით და სამოქალაქო საზოგადოების გამოკვეთილი სახეები. „პროფესორთა ლიგის“ სურვილია, რომ მეორე პალატას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლება ჰქონდეს, რათა ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნეს მიღებული.
„პროფესორთა ლიგის“ თანათავმჯდომარე, კახა ჭეიშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იგი იყო იმ თემატური ჯგუფის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ ეგიდით განათლების საკითხებზე მუშაობდა და შემუშავდა გარკვეული სტრატეგია, რომელშიც უმაღლესი განათლების დაფინანსების, უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო ასახული. ამასთანავე, ეს საკითხები „ქართული ოცნების“ ლიდერებთან იყო შეთანხმებული. კახა ჭეიშვილი ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს უნდა აღუდგეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსი, რაც თითქოსდა დღის წესრიგში დგას, მაგრამ უკვე ექვსი თვეა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ამ მხრივ ჯერ ნაბიჯები გადადგმული არ არის.
ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ ვაუჩერული დაფინანსება ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია იმისა, რომ განათლების პოლიტიკა სწორად წარიმართოს. მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება, რომ ეს საკითხი გადაიხედებოდა, მაგრამ ამ მხრივაც სიახლე არაფერია. აქვე პროფესორი დასძენს, რომ გია დვალისადმი მისი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ დვალის მიერ შემუშავებული კონცეფცია დაინერგოს.
„ეს არის ე.წ. „ტენუარის“ კონცეფცია და აქ რამდენიმე პრობლემური საკითხია. ერთი არის ის, რომ ამ კონცეფციის დანერგვა ძალიან ძვირი დაჯდება და ასევე შესაძლოა ადამიანური რესურსის გადანაწილება არასამართლიანად მოხდეს“, - აცხადებს კახა ჭეიშვილი.
მისი თქმით, უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების საბაზო სახელფასო დაფინანსება, რაც ვაუჩერულ სისტემასთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან განათლება, ისევე როგორც ჯანდაცვა, არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ბიზნესი, რადგან ეს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. კახა ჭეიშვილი აცხადებს, რომ უმაღლესი განათლების საფასური (2250 ლარი), რომელიც ძალიან ბევრი მოქალაქისთვის მძიმე ტვირთია, რეალურად უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად საკმარისი არ არის და მხოლოდ ხელფასების ნაწილს და მცირე დოზით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას ჰყოფნის. პროფესორის თქმით, თუ ამას სამეცნიერო მოღვაწეობაც არ ახლავს თან, ეს არ არის სრულყოფილი პროცესი. ამიტომ მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ მოიძიოს თანხები იმისთვის, რომ სამეცნიერო მოღვაწეობა დაფინანსდეს.
და ბოლოს, აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშრებით პრეს-კონფერენციაზე აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან რობაქიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2011 წელს აგრარული უნივერსიტეტიდან განთავისუფლებულმა პროფესორებმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართეს (ასლები კი პროკურატურაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადასცეს) და ითხოვდნენ აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას და მხოლოდ ამის შემდეგ, იქიდან განთავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების სამსახურებში აღდგენას.
ქეთევან რობაქიძის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის კერძო პირის ხელში გადასვლით ცხადი გახდა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, როგორც ეს მანამდე იგო დეკლარირებული.
„მთელი ეს მოვლენები აგრარული უნივერსიტეტის გასხვისებით დაიწყო. გასხვისებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო აგრარული მიმართულებების ადამიანური რესურსების, სასწავლო პროგრამებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განადგურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დღევანდელ აგრარულ უნივერსიტეტში აღარ არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელი ისეთი დარგები, როგორიც არის მექანიზაცია, ჰიდრომელიორაცია, აგროქიმია, ნიადაგმცოდნეობა, ვეტერინარია, ზოოტექნიკა და სატყეო დარგი“, - აცხადებს ქეთევან რობაქიძე.
მისი თქმით, ზოგიერთი ამ დარგების სწავლება ლაბორატორიების გარეშე მიმდინარეობდა, ხოლო აგრარული სფეროს სპეციალისტების მომზადება კი მხოლოდ აუდიტორიებში ვერ ხერხდება და ამას სპეციალური საველე-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება სჭირდება. პროფესორი ამბობს, რომ გაუგებარია რითი უნდა დაასაქმოს აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები კაცმა, რომელმაც საქართველოში აგრარული დარგი გაანადგურა. მისი თქმით, ასევე არ მოხსნილა დღის წესრიგიდან სამსახურიდან დათხოვნილი პროფესორ-მასწავლებლების პრობლემა.
ქეთევან რობაქიძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც „აგრარული განვითარების და მეცნიერების ფონდმა“ აგრარული უნივერსიტეტის უძრავ-მოძრავი ქონების 100%-იანი წილი მიიღო, იგი ამ უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე გახდა. აქედან გამომდინარე, მას გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდა.
პროფესორის თქმით, აკადემიური პერსონალი 2013 წლის 15 სექტემბრამდე იყო არჩეული თანამდებობებზე, მაგრამ გამოცხადებული კონკურსები უკანონოდ ჩატარდა. ქეთევან რობაქიძე ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ნეპოტიზმის პრინციპით ხდება თანამშრომლების დანიშვნა.
„კახა ბენდუქიძემ „თავისუფალი უნივერსიტეტიდან“ აგრარულ უნივერსიტეტში პრაქტიკულად სტუდენტები მოიყვანა მასწავლებლებად, რაც უკანონობაა. უმაღლესი განათლების კანონი კრძალავს, რომ ლექცია ჩაატაროს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს დაცული ხარისხი და სამწლიანი პედაგოგიური გამოცდილება არ გააჩნია. ფაქტიურად აგრარულ უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა გვაუწყებს იმას, რომ სოფლის მეურნეობა ნადგურდება. ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაინც გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას და აგრარულ უნივერსიტეტს ისე სახელმწიფოს გადასცემს საკუთრებაში“, - ამბობს ქეთევან რობაქიძე.
მისი თქმით, კახა ბენდუქიძის მიზანი (როდესაც აგრარული უნივერსიტეტი საკუთრებაში გადაეცა) აგრარული უნივერსიტეტის ქონების მითვისება იყო, რათა მის შენობაში თანდათან მოეხდინა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ განთავსება. პროფესორის თქმით, სწორედ ამისთვის გამოიყენა ბენდუქიძემ ავტორიზაციასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი.