ქართული უნივერსიტეტები მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგების მიხედვით, 1201-ე ადგილზეა.
გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველე“ გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოს ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ 2022 წლისთვის. ტოპ-ათეულში შევიდა აშშ-ის 8 და დიდი ბრიტანეთის 2 უნივერსიტეტი. მათ შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (აშშ), ჰარვარდის უნივერსიტეტი (აშშ), სტენფორდის უნივერსიტეტი (აშშ) და სხვა.
ტოპ-200-ში მოხვდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი (158-ე ადგილი).
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან რეიტინგში შეტანილი იყო ორი - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტები. ორივეს 1201-ე ადგილი ერგო.
რეიტინგი ეყრდნობა ეფექტურობის 13 მაჩვენებელს, რომლითაც უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა ოთხი მიმართულებით განისაზღვრება: სწავლება, კვლევა, ცოდნის გადაცემის მეთოდები და საერთაშორისო პერსპექტივა. ასევე, გათვალისწინებულ იქნა 108 მილიონზე მეტი დამოწმება 14 მილიონ სამეცნიერო პუბლიკაციაში.
რას ნიშნავს საქართველოს უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი 1201-ე ადგილი, ამის შესახებ for.ge-ს საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია ესაუბრა.
ქართული უნივერსიტეტების 1201-ე რეიტინგი რას გვიჩვენებს, ყველა მაჩვენებლით მოვიკოჭლებთ?
- ასეთი კვლევები ჩემთვის საეჭვოა, როგორ შეიძლება შეაფასონ ყველა უნივერსიტეტი და ყველა სპეციალობა ერთი კრიტერიუმით. ყველა უნივერსიტეტი ერთ ქვაბში არ უნდა ჩაიყაროს, ნებისმიერი სპეციალობა დიფერენცირებულად უნდა შეფასდეს. შეიძლება, ერთი სპეციალობა იყოს ძლიერი, მეორე სპეციალობა იყოს სუსტი. ამათი გასაშუალოება წარმოუდგენელია. ამიტომ ჯობდა, ყოფილიყო კონკრეტულად დასახელებული, რომ ამა და ამ სპეციალობის მიხედვით საქართველოს უნივერსიტეტები მოიკოჭლებენ, უფრო სანდო იქნებოდა ასეთი კვლევები.
ოქსფორდის, სტენფორდის და ზემოთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებს ბევრად ჩამოვრჩებით?
- რასაკვირველია, ბევრად კი არა, უიმედოდ ჩამოვრჩებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ, გაგვიგია, იქაური სტუდენტი რამდენს მეცადინეობს. ჩვენი სტუდენტი კი რამდენს მეცადინეობს? სულ რომ გენიოსი იყოს ჩვენი სტუდენტი, ასეთი მეცადინეობით უცხოელ სტუდენტს ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოცდებზე როგორ უწერენ ნიშნებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მე 1201-ე ადგილზეც ეჭვი მეპარება, რომ ეს რეალურად გვეკუთნოდეს. ჩემი სპეციალობით, ანუ ფსიქოლოგიის სპეციალობით შემიძლია უფრო დაზუსტებით გითხრათ, რა მდგომარეობაა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სად როგორი მოთხოვნაა. ჩვენს უნივერსიტეტში, ვსაუბრობ ქართულ უნივერსიტეტზე, ანუ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტზე, სხვებთან შედარებით ყველაზე მკაცრი მოთხოვნაა. სწორედ ამით აიხსნება, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან გადადიან სტუდენტები, ძალიან უცოდინრებს რომ არ ვუწერთ ნიშნებს, გადადიან სხვა უნივერსიტეტში, სადაც ადვილად იღებენ დიპლომებს. ჩვენ რომ ვთქვათ, 80 სტუდენტს ვიღებთ პირველ კურსზე ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, აქედან ამთავრებს 35-40 სტუდენტი, სხვაგან კი ამთავრებს ყველა სტუდენტი, ან თითქმის ყველა. მათ შორის, ემატებიან ჩვენგან გაქცეული სტუდენტებიც. საქართველოს პირობაზე ჩვენთან მოთხოვნა მკაცრია, მაგრამ მე როცა ვსწავლობდი, 1970-იან წლებში, მოთხოვნა იმის ნახევარია. როცა მე ვსწავლობდი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ხომ არ გგონიათ, მსოფლიოში მოწინავე იყო, აქ იყო მსოფლიოს რეიტინგებით საშუალო დონე.
ხშირად გაგვიგია, რომ ხარისხიანი განათლება კარგ დაფინანსებას მოითხოვს. საუბრობენ განათლების დაფინანსების ეფექტურ მოდელზეც. სინამდვილეში, განათლება და დაფინანსება ერთმანეთთან კავშირშია?
- დაფინანსება აქ მეთეხარისხოვანია. აქ პირველი მიზეზია სტუდენტთა რაოდენობა. შეუძლებელია, ამდენი სტუდენტი იყოს საქართველოში, ეს არის უაზრობა და ქვეყნის მომავლის დაღუპვა, ჩვენ აღარაფრის სპეციალისტები არ გვყავს, რადგან ყველას საკუთარი თავი იურისტი, ეკონომისტი და ფსიქოლოგი ჰგონია, აფრიალებენ ფარატინა, ტყუილ დიპლომებს. ესენი არიან გზასაცდენილი ახალგაზრდები, რომლებიც ახდევინებენ საწყალ მშობლებს უკანასკნელ თანხას, გააყიდინებენ ყველაფერს, ბანკის ვალს ააღებინებენ, მშობელსაც ჰგონია, მისი შვილი სწავლობს. ამ დროს ბანკის ვალით მომავალი ენგრევა მის შვილს. სტუდენტთა ამ რაოდენობით განათლების რაიმე ხარისხზე საუბარი შეუძლებელია. ამ რაოდენობასთან მიბმულია პროფესურის საკითხიც. როცა ამდენი სტუდენტი გყავს, რამდენი მასწავლებელი უნდა გყავდეს? ჩვენ არ გვყავს ამდენი სპეციალისტი საქართველოში. ფაქტია, არ გვყავს და ასწავლიან შემთხვევითი მასწავლებლები. ბოლოს და ბოლოს, რამდენი მილიონი ვართ ქართველები და რამდენი სტუდენტი შეიძლება გვყავდეს? მესამე მიზეზია წყალწაღებული სასკოლო განათლება, პირველკურსელი მოდის სრული უცოდინარი. სულ ვამბობ ხოლმე, რა ვქნა, ამ სტუდენტებთან მეშვიდე კლასიდან უნდა დავიწყო მეცადინეობა. არ ვაზვიადებ, ასეთი სტუდენტი რომ მოგდის პირველ კურსზე, რა უნდა ქნა? რომელ ხარისხზეა ლაპარაკი?
რაიონის სკოლებში უფრო ნასწავლი ბავშვები არიან. ეს რით აიხსნება, მეტი მოტივაციით, თუ უკეთესი პედაგოგებით?
- რაიონის სკოლებიდან უკეთესი კონტინგენტი მოდის. მეტსაც გეტყვით, განსხვავებაა რაიონებს შორის. საშუალოდ რაიონებში უფრო მომზადებული მასწავლებლები არიან. რაიონებში მასწავლებლებიც უკეთესები არიან და მოსწავლეებიც.
დაჯამებული თუ არის, საქართველოს რომელი რეგიონია ამ მხრივ დაწინაურებული? ალბათ, სამეგრელო და იმერეთი, სადაც უფრო სწრაფად ითვისებენ ახსნილ მასალას?
- მე მაქვს ეს მონაცემები დაჯამებული. ბოლო წლებში არ ჩამიტარებია კვლევა, ადრინდელი შედეგები მაქვს, საშუალოდ იმერეთია პირველ ადგილზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების განათლების ხარისხით. რაც მასწავლებლებშია, იგივე შედეგია მოსწავლეებში. იმერეთის შემდეგ მოდის რაჭა, გურია, სამეგრელო. დასავლეთ საქართველოში უფრო კარგი შედეგებია.
თბილისში პედაგოგების განათლების დონე არ არის შესაბამისი და ეს პრესტიჟულ სკოლებში პედაგოგთა ნაცნობობით მოხვედრით აიხსნება?
- თბილისში პედაგოგების განათლების დონე უარესია, თანაც უშუალოდ თბილისის სკოლებშიც განსხვავებაა, გარეუბნების სკოლებში უკეთესი მდგომარეობაა, ცენტრის სკოლებშია ყველაზე უარესი მდგომარეობა. ცხადია, ამას პედაგოგების ნაცნობობით მოხვედრა განაპირობებს. კომუნისტების დროსაც ასე იყო, პრესტიჟულ სკოლებში ჩაწყობით, ზარებით და ქრთამებით ხვდებოდნენ პედაგოგები. გლდანის სკოლაში მოხვედრას დიდი ჩაწყობა არ სჭირდებოდა, სოფლის სკოლაში კი იქით უნდა ეხვეწო, რომ ვინმე დარჩეს.
განსაკუთრებით რომელ საგნებში შეიმჩნევა სისუსტე-ჰუმანიტარულში, თუ ტექნიკურში?
- საშუალო დონეზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე უარესი შედეგი იქნება იურიდიულსა და ეკონომიკურზე, რადგან ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს ამ ფაკულტეტებზე. მათემატიკის ან ფიზიკის განხრით ვინც მიდის, მას უფრო სპეციფიკური ნიჭი აქვს, პრესტიჟულ ფაკულტეტებზე პრესტიჟის გამო ჩაბარება კი განათლების ხარისხს აქვეითებს. თანაც, ფიზიკასა და მათემატიკაში პედაგოგებიც გვყოფნის, რადგან ცოტაა სტუდენტი და კვალიფიციური მასწავლებლებიც საკმარისია უნივერსიტეტებში.