ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონი, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი აქვს და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრა.
„განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ და რომლებზეც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის სტუმრობა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.