იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე:  ჩვენ უძრაობის ხანისკენ მივდივართ, მაგას სჯობს ქრთამს იღებდნენ და საქმე კეთდებოდეს

ჩვენ მივდივართ უძრაობის ხანისკენ, მაგას სჯობს ქრთამს იღებდნენ და საქმე კეთდებოდეს - თუ რეგულირებებით ვტვირთავთ ქვეყანას, მაშინ სჯობს კორუფცია იყოს,- ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანხმად, საქართველო წვრილმანი კორუფციის დაბალი დონით ხასიათდება, თუმცა, თითქმის სრული დაუსჯელობით მაღალი დონის კორუფციის მიმართ“.

ხვიჩიას აზრით, რეგულირებების დაცვა როცა ვერ ხერხდება, ქვეყანა მუხრუჭდება და დამუხრუჭებას სჯობს საქმე კორუფციით გაკეთდეს.

"ზოგადად მთავარი პრობლემა არის, რომ ქრთამსაც არ იღებენ და ბოროტადაც სარგებლობენ თანამდებობით, ეს არის ყველაზე უარესი შემთხვევა. ამას სჯობს ქრთამი აიღონ, რადგან ქრთამი ნიშნავს საბოლოო ჯამში თავისუფლების ყიდვას და ამ თავისუფლების შედეგად ადამიანები რაღაცას აკეთებენ. შენ თუ არც ქრთამს იღებ და თანამდებობითაც ბოროტად სარგებლობ, ესე იგი, ყველაზე ცუდს აკეთებ, რადგან ადამიანებს ქრთამითაც კი არ შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევა. მე კორუფციას ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით სხვანაირად ვუყურებ, მარტივად რომ გითხრათ, კორუფცია რომ ყოფილიყო 30- იან წლებში, საქართველოს სანიმუშო შვილებს არ დავხოცავდით, ქრთამს გადავიხდიდით და გარეთ გამოვუშვებდით, ამიტომ კორუფციას მარტო ნეგატიური დატვირთვა არ აქვს, გააჩნია რა არის მეორე მხარეს. როგორც ახლა იქცევა ბიუროკრატია, გაჩერებულია, გაყინულია და არ მოქმედებს, იდეაში ჩვენ მივდივართ უძრაობის ხანისკენ, მაგას სჯობს ქრთამს იღებდნენ და საქმე კეთდებოდეს. ეს ძალიან უცნაური შეხედულებაა, მაგრამ თუ გადახედავთ, სწორი ასეა. კარგია რეგულირებები რომ არ იყოს, მაგრამ თუ რეგულირებებით ვტვირთავთ ქვეყანას, მაშინ სჯობს კორუფცია იყოს, რადგან რეგულირებების დაცვა ხშირად ვერ ხდება და ქვეყანა მუხრუჭდება, დამუხრუჭებას სჯობს არსებობდეს გზა განვითარებისკენ. ჩრდილოეთ კორეაში არ არის კორუფცია და არ არის კარგი ქვეყანა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში კორუფციული გარემო საგრძნობლად გაუარესდა, რასაც თან ერთვის ანტიკორუფციული რეფორმების თითქმის სრულად შეჩერება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აღნიშნავენ კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, „ ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით, თუმცა, ამავე დროს, თითქმის სრული დაუსჯელობით მაღალი დონის კორუფციის მიმართ“.

Katana . . "ჩრდილოეთ კორეაში არ არის კორუფცია და არ არის კარგი ქვეყანა,"- განაცხადა ხვიჩიამ.
ახლა მივხვდი, რატომ იყო ასეთი კარგი ქვეყანა შევარდნაძის საქართველო!
იმიტომ, რომ კორუფციაში იყო ჩაფლული!
ყოველ ას მეტრში ავტოინსპექტორად მომუშავე ყოფილი მხედრიონელი ან ყოფილი გვარდიელი იდგა და ფულს გძალავდა, ბიუჯეტში 900 000 ლარს ვერ აგროვებდნენ და მუდმივად სეკვესტრის საკითხი იდგა დღის წესრიგში, ვინაიდან დიდმოხელეებს სახლში მიჰქონდათ ყველაფერი.
(ეს უცებ დადასტურდა, როცა სააკაშვილი მოვიდა და ათობით მილიონი მოაცუნცულებინა უკან იმ კორუმპირებულებს).
3 წლის უკან