”ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რუსეთის ფედერაციასთან ომის გზით”

”ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რუსეთის ფედერაციასთან ომის გზით”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების დინამიკაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის გაჩენასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კონფლიქტების დარეგულირების საკითხში სტაბილური სამშვიდობო პროცესის დინამიკაა.

„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თუ არ დაინახეს, რომ საქართველო სტაბილურადაა ჩართული აფხაზებთან და ოსებთან სამშვიდობო პროცესში, რომ კონფლიქტების ესკალაციის შანსები მინიმუმამდეა დასული, ეს ნატოსა თუ სხვა ნებისმიერ ალიანსში ჩვენი სწრაფი ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ბარიერი გახდება. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სტაბილური სამშვიდობო პროცესის შექმნაა. ამას დასჭირდება დრო. აქედან გამომდინარე, ის ადამიანური ინვესტიცია, რომელიც საქართველომ უნდა ჩადოს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს მოიტანს. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს. დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას რუსეთის ფედერაციასთან ომის გზით, ამ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა ქვეყნის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის აუცილებლობაზე.

„საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რაიმე ფორმით შეიცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ. მათი სამხედრო ყოფნა, საერთაშირისო პრინციპების სრული დარღვევით, დღესაც იძლევა იმის საბაბს, რომ ჩვენ მუდმივად მზადყოფნაში უნდა ვიყოთ.“- განაცხადა ირაკლი ალასანიამ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სავაჭრო საკითხებში რუსეთთან დაწყებული მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის აგრესიული რიტორიკის შემცირების იმედს იძლევა.

„გაჩნდა პატარა იმედი იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ურთიერთობების იმ ფაზაზე, რაც შეამცირებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას, მაგრამ დღეისთვის, ასეთი თვითრწმენის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.