ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვინაიდან თავიდანვე მიმაჩნდა, რომ შარლ მიშელის კარგ შეთანხმებაში იყო რამდენიმე პრობლემური პუნქტი, მათგან ერთ-ერთი არის სწორედ გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„მეორე ასეთი პრობლემური პუნქტი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ ჩანაწერი, რომელმაც ყველას თვალნათლივ დაგვანახა, რომ ამ ჩანაწერმა არ იმუშავა და ჩვენ რეალურად გავიარეთ ფორმალური პროცესი, რომლის შედეგად მივიღეთ ცესკო-ს თავმჯდომარედ ისეთი ფიგურა, რომლის შესახებაც კონსენსუსი ვერ შედგა.
შესაბამისად, ეს ორი ჩანაწერი ამ შეთანხმებაში არ იყო შედეგზე ორიენტირებული, შედეგის მომტანი, თუმცა მესმის, რომ იმ ეტაპზე მეორე მხარეს იყო ბევრად მნიშვნელოვანი ამოცანა, შემდგარიყო პოლიტიკური შეთანხმება, დაძლეულიყო კრიზისი და სწორი იყო ყველა, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მათ შორის მოვაწერეთ ჩვენც, რადგან ამ შემთხვევაში სიკეთე, რომელიც მეორე მხარეს იყო, ბევრად აღემატებოდა თუნდაც სამართლებრივად არასწორ ჩანაწერებს, რომელიც ამ შეთანხმებაში გვქონდა.
ამის შესახებ ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან, ელჩებთან, რომლებთანაც რეგულარულად მქონდა შეხვედრაც, საუბარიც და ყოველთვის ვუფიქსირებდი, რომ ეს ჩანაწერები არ იმუშავებდა და ასეც მოხდა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.