ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ თავისი როლის შესრულება არ სურდა. დღეს მათ პროკურორის არჩევის ახალი წესი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ პროკურატურას როგორც ინსტიტუტს. ეს ყველაფერი ემსახურება სახელმწიფოს დასუსტებას, რასაც შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დააბრალებენ. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუტებს დაასუსტებს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია. ჩვენ გავატარეთ ეს საკონსტიტუციო რეფორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითი შეფასება მისცეს კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციას. დღეს პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ ნატოსა და ევროკავშირზე საყვედურის ტონით ჩვენ მიმართ. მინდა შევახსენო მათ და ჩვენს მოსახლეობას, რომ საკონსტიტუციო რეფორმის დროს სწორედ ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნისა და ხალხის გადაწყვეტილებაა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ოპოზიცია, რომელიც ახლა საყვედურის ტონით საუბრობს, მაშინ სხდომას არ ესწრებოდა და მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებას. რაც შეეხება პროკურორის არჩევის წესს, ეს გახლდათ 19 შეთანხმების ნაწილი. 3 თვის განმავლობაში ამ შეთანხმებას „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა. გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები და ეს დოკუმენტები შეიძლება ყოფილიყო შეთანხმება პოლიტიკური მშვიდობის შესახებ, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნახევარი არ შეუერთდა ამ შეთანხმებას. შეთანხმება, რომელსაც არ ჰყავს მეორე მხარე, ბუნებაში ვერ შესრულდება, ამიტომ 3 თვის შემდეგ ჩვენ ამოწურულად გამოვაცხადეთ ეს დოკუმენტი. პროკურორის არჩევის წესი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრულია ამომწურავად, ეს საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ოპოზიცია ითხოვდა ამას. როდესაც ეს შეთანხმება ამოწურულია, ეს პუნქტიც კარგავს ძალას. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ თავისი როლის შესრულება არ სურდა. დღეს მათ პროკურორის არჩევის ახალი წესი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ პროკურატურას როგორც ინსტიტუტს. ეს ყველაფერი ემსახურება სახელმწიფოს დასუსტებას, რასაც შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დააბრალებენ. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუტებს დაასუსტებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს.