„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველმა გუნდმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1%-იც რომ აიღოს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მან ასევე აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ამ პუნქტმა პოლიტიკური აქტუალობა დაკარგა.
„დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა, გითხრათ. ამ ოქმმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ 1%-იც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე - სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე - ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.
თავის დროზე, ეს აქტუალური იყო, თუმცა დღეს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად. იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.