„ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა თქვან, გარდა იმისა, რომ ყოველდღე ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას იმ მძიმე დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ნიკა მელია კრიმინალია, რადგან „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე არის გასამართლებული.
„კარგად გახსოვთ ამერიკაში რაც მოხდა - კონგრესის შენობაზე თავდასხმა, სადაც ადგილზე 4 ადამიანი მოკლა პოლიციამ და მომდევნო დღეებში 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და გაასამართლეს. ჩვენთან იგივე ბრალდებით დაისაჯა ეს ადამიანი, მელია. შემდეგ ნახეთ როგორი აბსურდული და ჩვენი კონსტიტუციისა და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი გაგრძელება ჰქონდა ამ საქმეს. და დღეს ეს კაცი, ეს კრიმინალი, რომელიც მხილებულია პარლამენტის შენობაზე შტურმის ორგანიზებაში, გამოდის და პრეტენზია აქვს ქალაქის მერობაზე. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი“, - განაცხადა პრემიერმა.