გახარიას მიზანი იყო, ჩვენ დავეახლოებინეთ 43%-იან ნიშნულს, მაგრამ ამის შანსიც არ ჰქონდა მას, მაგრამ ნებისმიერი ერთი ან ორი პროცენტიც ჩვენთვის არის ღირებული, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წინა არჩევნებში ჩვენ ხმას გვაძლევდნენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მათი ამოცანაა, ერთი-ორი პროცენტიც დავიბრუნოთ, ეს ცოტა არაა, ეს არის 30-40 ათასი ხმა, ჩვენ გვინდა ამ ხმების უკან დაბრუნება და ამიტომ გვიწევს საზოგადოებისთვის იმის თქმა, თუ რა არის სიმართლე.
„მას (გახარიას) ჰქონდა პირველი დავალება, ჩვენი დაახლოება 43%-მდე, ამ დავალებამ დაკარგა აქტიურობა, რადგან 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა და ეს ბარიერი საერთოდ აღარ არსებობს და შესაბამისად ერთი დავალებიდან გადართეს მეორე დავალებაზე, ეს არის მეორე ტურის გამოწვევა თბილისში, მაგრამ ამის რესურსიც არ აქვს, რადგან კახი კალაძე პირველ ტურს დამაჯერებლად მოიგებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.