საქართველოს მონაწილეობა ავღანეთიდან ევაკუირებულთა ჩამოყვანის საქმეში რუსეთს შეუმჩნეველი არ დარჩენია. რუსეთმა ჯერ შეგვახსენა ქართველებსა და უკრაინელებს, ხედავთ, როგორ მიატოვა ამერიკამ ასე ნალოლიავები ავღანეთი, თქვენც იგივე მოგელითო, შემდეგ რუსულმა სააგენტოებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა და თითქოს თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად იქცა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსული დეზინფორმაცია გააქარწყლა და აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, რომელთა გადამისამართებაც ამერიკასა და ევროპაში უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს ადამიანები სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.
გარდა იმისა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული საევაკუაციო პროცესების მართვაში და ამ მხრივ თანადგომას უცხადებს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენი ქვეყანა ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს ავღანეთის აეროპორტში მყოფ ადამიანებს. სულ ახლახანს საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებით, ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით სასმელი წყალი გაიგზავნა.
როგორ უნდა მოვნახოთ ოქროს შუალედი იმისთვის, რომ არც საერთაშორისო პარტნიორები გავანაწყენოთ და არც რუსეთი ავალაპარაკოთ, თითქოს ავღანეთიდან ლტოლვილებს თავშესაფარს ვთავაზობთ?
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის ლადო ბოჟაძის შეფასებით, რუსულ დეზინფორმაციას მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენც უნდა ვებრძოლოთ სწორედ ჩვენი სიმართლით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმ 32 ჯარისკაცის ხსოვნას, რომლიც დაიღუპა ამ მისიებში, ასევე, ათეულობით დაჭრილი და დასახიჩრებული ჩვენი ჯარისკაცის საპატივსაცემოდ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. იგულისხმება ის, რომ ტერორიზმს ვებრძოლოთ მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ჩვენმა ქვეყანამაც თავისი წვლილი კვლავ შეიტანოს.
რაც შეეხება იმის განმარტებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ფუნქციას ასრულებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი აეროპორტი, ლადო ბოჟაძის თქმით, ჩვენ ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ვართ ნატოსი, საჰაერო ხაზით საქართველოა სწორედ გამტარი და, ბუნებრივია, ავღანეთიდან არც ერთი ლტოლვილის მიღებაზე საუბარი არ არის.
„ლტოლვილების მიღებაზე საუბარი რომც იყოს, ყველამ კარგად იცის, რომ ავღანეთიდან ლტოლვილები არიან ბავშვები, ქალები, უმწეო, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და ევროპაში, ჩვენგანაც შეიძლება მხარდაჭერა და მზრუნველობა სჭირდებოდეს. რა თქმა უნდა, აქ ტერორისტების, ნარკოდანაშაულში მხილებული ადამიანების შეფარებაზე საუბარი არ იქნება. თუ ჩვენ ეს ფუნქციაც და როლიც მოგვენიჭება, რომ მოწყვლადი ჯგუფების გარკვეული რაოდენობა მივიღოთ, ბუნებრივია, ამაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რადგან ჩვენც გვინდა ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა, ამ ორი დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ოჯახის წევრობას ითვალისწინებს“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ ჩვენთან საუბრისას.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ერთიანობაში ევროპულ ქვეყნებთან ერთად. რა თქმა უნდა, ამ საკითხში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ინიციატორები, არ უნდა ვიყოთ მოვლენათა ავანგარდში. ამის არანაირი საშუალება არ გვაქვს.
რაც შეეხება თალიბების გადაკიდებას, ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, თალიბებმა ჩვენთვის მოიცალონ, ისეთი პრობლემები აქვთ ჯერ კიდევ საკუთარი ქვეყნის შიგნით და მერე საერთაშორისო ასპარეზზე.
„ზოგადად, ისეთ საკითხებში, სადაც დაპირისპირების მაღალი ხარისხია, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, თუ გნებავთ, ჩრდილოეთს შორის, ჩვენ ზომიერი პოზიცია უნდა დავიკავოთ. რუსეთმა შესაძლოა, ეს პროპაგანდისთვის გამოიყენოს, მაგრამ რუსეთი ავღანეთის თემას ვერ გამოიყენებს იმისთვის, რომ დაგვაბრალოს, თითქოს საქართველოდან ექმნება რუსეთს რაიმე საფრთხე ავღანელი ლტოლვილების გამო. რუსეთის ფაქტორი მაშინაა ძალიან საშიში, როდესაც ისინი ასეთ განწყობებს და გადაადგილებებს იყენებენ, როგორც საფრთხის შემცველს რუსეთის სახელმწიფოსთვის. ასეთი დამოკიდებულება, რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით რუსებს არ გამოუვლენიათ. რუსები ცილს გვწამებენ, თითქოს ქართველები იფარებენ ავღანელ ლტოლვილებს, მაგრამ რამდენი ლტოლვილი შეიძლება შევიფაროთ? შესაძლოა, მოგვიწიოს მომავალში 1000 ლტოლვილის მიღება, მაგრამ ეს მაქსიმუმი იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.